პროექტი PRINTeL - ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრეინინგები ბარსელონას უნივერსიტეტში

პროექტი PRINTeL - ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებული ტრეინინგები ბარსელონას უნივერსიტეტში

24-12-2018 9-15 დეკემბერს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა თამარ ლოლაძემ  (ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტი) და ნიკოლოზ აბზიანიძემ (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულეტეტი) მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ERASMUS+ პროგრამის PRINTeL პროექტის ფარგლებში ინოვაციურ პედაგოგიკასთან დაკავშირებულ ინტენსიურ TOT ტრეინინგ-კურსებში, რომელიც გაიმართა პროექტის ევროპელ პარტნიორ ბარსელონას უნივერსიტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში (ICE) (ესპანეთი).

ხუთდღიანი ინტენსიური ტრენინგი (30 საათი, 2 კრედიტი) ინოვაციურ სწავლებაში ითვალისწინებდა შესაბამისი კვალიფიკაციის ტრენერებისა და ინსტრუქტორების მომზადებას სწავლისა და სწავლების ინოვაციური მეთოდების მიმართულებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. ტრეინინგის კურსში განხილული იქნა სტუდენტების სწავლის გააქტიურების მიზნით გეიმიფიცირებული საკლასო აქტივობების შექმნა და მობილური მოწყობილობების კლასში და კლასის გარეთ გამოყენების შესაძლებლობები.

აქტიური სწავლება გულისხმობს სტუდენტების, სწავლების ინსტრუმენტების, რესურსების და, ასევე, მასწავლებლების ურთიერთკავშირს. ეს საგანმანათლებლო ტრანსფორმაცია აყალიბებს სწავლებისა და სწავლის პროცესების განსხვავებულ პერსპექტივას, სადაც სტუდენტი არის ცენტრი, ხოლო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები კი - გარემო.

გეიმიფიკაცია არის საგანმანათლებლო სტრატეგია, რომელიც სტუდენტებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს სასწავლო გარემოში თამაშის მექანიზმის ან ვიდეოთამაშის ელემენტების გამოყენებით. მიზანი შეიძლება მიღწეული იქნას ციფრული ინსტრუმენტების და რესურსების გამოყენებით, ან უფრო ტრადიციული გზით, და ინფო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ინოვაციური სწავლების სტრატეგიის განხორციელებაში გვეხმარება.
მობილური სწავლება მოიცავს მობილური ტექნოლოგიის გამოყენებას დამოუკიდებლად ან სხვა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებთან ერთად და ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას სწავლის საშუალებას იძლევა. სწავლა შეიძლება სხვადასხვა გზით განხორციელდეს: სტუდენტს შეუძლია გამოიყენოს მობილური მოწყობილობები საგანმანათლებლო რესურსებთან წვდომისთვის, სხვებთან დასაკავშირებლად, ან ნაშრომის შესაქმნელად როგორც კლასში, ასევე, მის გარეთ.

პროექტში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, ბელარუსიის და სომხეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებლები. ტრეინინგს ატარებდნენ ბარსელონას უნივერსიტეტის პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის პროფესორ-მასწავლებლები: Joan-Tomàs Pujolà Font, Aina Chabert, Beatriz Vallejo, Solène Neyret, Tania Johnston და Justyna Swidrak.

სილაბუსის მიხედვით ტრეინინგი მოიცავდა შემდეგ თემატიკას:

პირველი დღე - აქტიური სწავლების კურსის და სემინარის მიმოხილვა.
პირველ დღეს მონაწილეებმა განიხილეს აქტიური სწავლების კონცეფცია და მათ წარედგინათ კვირის განმავლობაში დასამუშავებელი ორი ძირითადი თემა - მობილური სწავლება და გეიმიფიკაცია.

ტრეინინგის პირველივე დღეს მონაწილეებს მიეცათ ჯგუფური დავალება, კერძოდ, მათ უნდა შეერჩიათ პროექტი, რომელსაც შეასრულებდნენ კვირის განმავლობაში, მიღებული ცოდნის გათვალისწინებით, და ტრეინინგის ბოლოს წარმოადგენდნენ შესრულებული პროექტის პრეზენტაციას ტრენერებისა და სხვა მონაწილეების წინაშე.

მეორე დღე - გეიმიფიკაცია.
მეორე დღეს ყურადღება გამახვილდა ინოვაციური სწავლების სტრატეგიაზე - გეიმიფიკაციაზე და განისაზღვრა განსხვავება თამაშზე დაფუძნებულ სწავლას, სერიოზულ თამაშებსა და გეიმიფიკაციას შორის, რითაც დასრულდა მუშაობა გეიმიფიკაციაზე. მონაწილეებმა ისწავლეს, თუ როგორ მოეხდინათ ონლაინ სასწავლო კურსის გეიმიფიკაცია Moodle ღია სასწავლო პლატფორმის გამოყენებით. ტრენერებმა სასწავლო კურსის მონაწილეებს გაუზიარეს Moodle ელექტრონული სწავლების პლატფორმის გამოყენების შესახებ საკუთარი გამოცდილება, განიხილეს Moodle დადებითი და ეფექტური შედეგები სწავლების პროცესში. ასევე, მონაწილეებს აუხსნეს ის, თუ როგორ ხდება Moodle მომხმარებლის პირადი გვერდის შექმნა, სტუდენტებისათვის დავალებების მომზადება პროგრამის მეშვეობით, ფაილების ატვირთვა და ა.შ.

მესამე დღე - მობილური სწავლება და ვირტუალური რეალობა.
მესამე დღეს განიხილეს მობილური სწავლების კონცეფცია და სხვადასხვა პროგრამები განსხვავებული სასწავლო მიზნებისთვის. მონაწილეები გაეცნენ ვირტუალური რეალობის გამოყენებას საგანმანათლებლო მიზნებისთვის, ესტუმრენ ბარსელონას უნივერსიტეტის ვირტუალური რეალობის ლაბორატორიას და ინდივიდუალური მონაწილეობა მიიღეს ექსპერიმენტში.

მეოთხე დღე - მობილური სწავლება და ოგმენტური რეალობა; გეიმიფიცირებული სწავლების ჩართვის დაგეგმვა.
მეოთხე დღეს ტრენინგის მონაწილეებმა განაგრძეს პროდუქტიული მუშაობა მობილური აპლიკაციებით, რაც აისახა მათ პოტენციალზე, გამოიყენონ ეს უნარი კლასში და მის გარეთ. ისინი, ასევე, გაეცნენ ოგმენტური რეალობის კონცეფციას და შეისწავლეს რამდენიმე აპლიკაცია, რათა გაეაზრებინათ სასწავლო პროცესში მათი დანერგვის უპირატესობა და სირთულეები.

სემინარზე მონაწილეებმა ჯგუფურად შეიმუშავეს  სასწავლო პროცესში გეიმიფიცირებული სწავლების ჩართვის გეგმა. ესპანელმა პროფესორებმა ტრეინინგის მონაწილეებს გაუზიარეს უნივერსიტეტის გამოცდილება პროექტზე დაფუძნებული სწავლებისას გამოსაყენებელი ონლაინიარაღების შესახებ. სწავლების ამ ფორმატში ბარსელონას უნივერსიტეტის მიერ გამოიყენება ისეთი პროგრამები, როგორიცაა: slido, kahoot, mentimeter და სხვ. მონაწილეებმა მოამზადეს დავალებები, ატვირთეს სხვადასხვა ტიპის ფაილები. 
დღის მეორე ნახევარში მონაწილეები დაიყვნენ ჯგუფებად და დაიწყეს კვირის პროექტის დამუშავება ასისტენტების დახმარებით.

მეხუთე დღე - პრეზენტაციები.
სასწავლო კურსის ბოლო დღე დაეთმო დავალებების პრეზენტაციას და მონაწილეთა მომავალი სწავლებისა და მასწავლებელთა ტრეინინგთან დაკავშირებული ერთობლივი დოკუმენტების საბოლოო შემუშავებას. მონაწილეებმა ინდივიდუალურად შეაფასეს ტრეინინგის კურსი და მადლობა გადაუხადეს ესპანელ პროფესორებს გამოცდილების გაზიარებისთვის. მათ გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები პროექტში მონაწილეობის დასტურად.

აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები პროექტის ფარგლებში მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ თავიანთ ქართველ კოლეგებს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორგანიზებული ტრეინინგების საშუალებით, რომელიც მიზნად ისახავს სტუ-ში ინოვაციური პედაგოგიკის ელემენტების პოპულარიზაციასა და განვითარებას.

PRINTeL პროექტთან (პროექტი PRINTeL - „ცვლილება საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერა სტუდენტთა სასწავლო პრაქტიკის გააქტიურებისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“) დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდი.

 

სიახლეებში დაბრუნება