საჯარო ლექცია “ქვევრის ღვინო, მისი ფენომენი და შესაძლებლობები”

საჯარო ლექცია “ქვევრის ღვინო, მისი ფენომენი და შესაძლებლობები”

25-11-2018 22 ნოემბერს, პროექტის “საჯარო ლექციები სტუდენტებთან” ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებების და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებთან შეხვედრა გამართა ცნობილმა მეღვინემ, პროფ. თემურ გონჯილაშვილმა.
 
ღვინის კომპანია “კახური ღვინის მარნის” მთავარმა  ტექნოლოგმა, პროფ. გონჯილაშვილმა სტუდენტებს საჯარო ლექცია წაუკითხა თემაზე: “ქვევრის ღვინო, მისი ფენომენი და შესაძლებლობები”. მან ახალგაზრდებს ქვევრის ისტორია შეახსენა; მიმოიხილა მისი დამზადებისა და დამუშავების თავისებურებები; ისაუბრა ქვევრის, როგორც ფენომენალურ მოვლენაზე; ყურადღება გაამახვილა ქვევრში მიმდინარე იმ ფიზიკურ-ქიმიურ  და ბიოქიმიურ პროცესებზე,  რომლის შედეგია დღეს მსოფლიოში უკვე კარგად ცნობილი “ქვევრის ღვინო”.

გამოცდილმა მეღვინემ ხაზი გაუსვა ქართული ღვინის პოტენციალსა და შესასძლებლობას მსოფლიო ბაზარზე და განიხილა ქვეყნისათვის ღვინის ტურიზმის განვითარების საკითხები.

ბატონმა თემურმა მომავალ მეღვინეებს თავისი გამოცდილება გაუზიარა და შეახსენა რომ “ღვინო - მსგავსად თოთო ბავშვისა მოითხოვს სიყვარულსა და სითბოს”. ლექციის დასასრულს გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის რეჟიმში.

თემურ გონჯილაშვილმა საქართველოს სასოფლო სამეურეო ინსიტუტის მებაღეობა-მევენახეობა და მეღვინეობის ფაკულტეტი 1981 წელს დაამთავრა. 2004 წელს მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი.

ღვინის კომპანიებში ის წლების მანძილზე წარმატებით ხელმძღვანელობდა ტექნოლოგიურ პროცესებს, რასაც ღვინის ხარისხი და მიღებული ჯილდოები მოწმობს. ის არის მევენახეობისა და მეღვინეობის საერთაშორისო აკადემიის წევრი.

 

სიახლეებში დაბრუნება