საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი COMET კოლაბორაციაში

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი COMET კოლაბორაციაში

02-10-2018
2  ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ოფიციალურად  გახსნა COMET კოლაბორაციის ყოველწლიური საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა, რომელიც უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო სამეცნიერო თვალსაზრისით.

„საამაყოა, რომ ასეთი მაღალი დონის ვორქშოფი იმართება საქართველოში, თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის გვერდში დაუდგება ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ტექნიკურ უნივერსიტეტში, COMETკოლაბორაციის რიგით 26-ე საერთაშორისო სამუშაო შეხვედრის ოფიციალურ გახსნაზე განაცხადა.

COMET კოლაბორაციის საერთაშორისო სამუშაო შეხვედრას, წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, როგორც  COMET კოლაბორაციის პარტნიორი ორგანიზაცია მასპინძლობს. სამუშაო შეხვედრაში მსოფლიოს 16 ქვეყნის 70-მდე მეცნიერი მონაწილეობს, მათ შორის სტუ-ის მეცნიერ-მკვლევრებიც.

COMET საერთაშორისო კოლაბორაციის ინტეგრაციის სამუშაო შეხვედრის ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობდნენ: მამუკა ბახტაძე - საქართველოს პრემიერ მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, აკად. არჩილ ფრანგიშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, ტადაჰარუ უეჰარა - იაპონიის ელჩი საქართველოში, იოშიტავა კუნო - COMET ექსპერიმენტის სპიკერი, ოსაკას უნივერსიტეტის პროფესორი.
 
მამუკა ბახტაძე - საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „მისალმებელია, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მასპინძლობს  COMET კოლაბორაციის რიგით 26-ე საერთაშორისო ვორქშოფს. საქართველოს აქვს დიდი სამეცნიერო ტრადიციები და ნამდვილად შეუძლია იამაყოს თავის სახელოვანი და მსოფლიოში განთქმული მეცნიერებით. ამიტომაც, ბუნებრივია, რომ დღესაც, ქართველი მეცნიერები საერთაშორისო დონეზე იღებენ მონაწილეობას ასეთ მნიშვნელოვან კვლევებში. სასიხარულოა, რომ ქართველი მეცნიერები და ინჟინრები აქტიურად არიან ჩართული საერთაშორისო კოლაბორაციებში, სადაც მიმდინარეობს ფუნდამენტური კვლევები და თავმოყრილია თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიები, რათა გადაიჭრას როგორც ფუნდამენტური, ასევე გამოყენებითი მეცნიერების ძირითადი პრობლემები.
 
საქართველოს მთავრობას პრიორიტეტად აქვს გამოცხადებული მეცნიერებისა და თანამედროვე საინჟინრო ტექნოლოგიების განვითარება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევქმნათ მაღალი დონის საგანმანათლებლო სისტემა და უზრუნველვყოთ შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობა. ოფიციალურად განვაცხადეთ, რომ ჩვენი სტრატეგიული მიზანია სწორედ განათლება და მეცნიერება, რომ ეს სექტორი იყოს სწორედ დომინანტი ჩვენს ეკონომიკაში და მას ჰქონდეს მინიმუმ ორნიშნა ციფრი. მოხარული ვარ, რომ ბევრი სტუმარი და მეგობარი ესწრება დღევანდელ შეხვედრას, მათ შორის იაპონიიდან. იაპონიის ეკონომიკის წარმატების ერთ-ერთი ფორმულა სწორედ მეცნიერებაა და ის ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები, რაც იაპონიაში, ამ სექტორში ხორციელდება.
 
მოგეხსენებათ, რომ მთავრობამ, ორი წლის წინ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დააფინანსა ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების თანამედროვე ლაბორატორიის პროექტი. ეს პროექტი წარმატებული აღმოჩნდა და დღეს გამოიყენება სწორედ COMET ექსპერიმენტის სისტემის შექმნისთვის. ჩემთვის, პირადად, ძალიან საამაყოა, რომ ასეთი მაღალი დონის ვორქშოფი იმართება საქართველოში, თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში და მსურს დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის გვერდში დაუდგება ასეთ მნიშვნელოვან ინიციატივებს“.
 
მიხეილ ბატიაშვილი, მინისტრი: „საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანია თანამედროვე ტექნოლოგიების, ინოვაციების, იმ ფუნდამენტური მეცნიერებების განვითარება, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია, როგორც,  ზოგადად,  განათლების, შესაბამისად, ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. დღევანდელი მაგალითი არის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში, როგორ უნდა ვითარდებოდეს საქართველოში ქართული ფუნდამეტური მეცნიერება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია,  ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობა. საქართველო ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ფუნდამენტურ კვლევებში, როგორიცაა ცერნი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ქართველი მეცნიერების საერთაშორისო შვეიცარულ პროექტში მონაწილეობას.  COMET კოლაბორაცია მეორე მნიშვნელოვანი პროექტია,  რომელიც მხარდაჭერილია იაპონიის KEK-ის მიერ და რომელსაც ყოველმხრივ მხარდაჭერას გავუწევთ, იმ მიზნით, რომ მასში რაც შეიძლება მეტი ქართველი მეცნიერი იყოს ჩართული.
 
მნიშვნელოვანია ის, რომ პროექტში, სადაც 16 ქვეყანა მონაწილეობს, საქართველოს საკმაოდ აქტიური როლი აქვს. ტექნიკური უნივერსიტეტი ქმნის დეტექტორებს, რომელიც დღევანდელ ბირთვულ ფიზიკაში, თანამედროვე ფუნდამენტურ მეცნიერებებში, ითვლება ყველაზე მაღალი დონის, მომავალი ფიზიკის  მიღწევად. მნიშვნელოვანია, ქართველ მეცნიერთა პროექტში მონაწილეობა.
 
ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად დაგეგმილი გვაქვს იაპონიაში არა ერთი ვიზიტი, სადაც მოხდება თანამშრომლობის შემდეგი ეტაპების განხილვა. ამიტომ,  სამინისტროს მხრიდან პროექტს დიდი მხარდაჭერა ექნება. მინდა წარმატება ვუსურვო თექვსმეტივე ქვეყნის მონაწილეებს, ფიზიკის თანამედროვე ფუნდამენტურ მეცნიერების სამომავლო განვითარებაში“.
 
ტადაჰარუ  უეჰარა - იაპონიის ელჩი საქართველოში: „ჩემთვის დიდი პატივია, COMET  კოლაბორაციის 26-ე საერთაშორისო ვორქშოფის გახსნაზე მიწვევა. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიებას არაერთი იაპონელი და სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერი ესწრება. COMET-ი არის მაღალი დონისა და დიდი გამოცდილების სამეცნიერო  ექსპერიმენტი მაღალ ტექნოლოგიებში და მჭიდრო კავშირშია ისეთ ინსტიტუციებთან, როგორიცაა იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითI ორგანიზაცია (KEK) და იაპონიის პროტონების ამაჩქარებლებისცენტრი (JPARC). იმედი მაქვს, ეს ექსპერიმენტი უზრუნველჰყოფს სამეცნიერო წინსვლას, განავითარებს სამეცნიერო კოლაბოლარაციას და გააერთიანებს სამეცნიერო საზოგადოებას მსოფლიო მასშტაბით. როგორც იაპონიის ელჩი საქართველოში, იაპონიის საელჩოს სახელით, მივესალმები იაპონიისა და საქართველოს უშუალო სამეცნიერო ურთიერთობებს. დარწმუნებული ვარ, COMET კოლაბორაციის საერთაშორისო შეკრება კიდევ არაერთხელ ჩატარდება იაპონელი, ქართველი და სხვა ქვეყნების მკვლევარების მონაწილეობით“.

არჩილ ფრანგიშვილი, სტუ-ის რექტორი: „სტუ-ის მეცნიერთა ჯგუფი COMET კოლაბორაციის ექსპერიმენტში ჩართულია 2014 წლიდან და წარმატებით მუშაობს ექსპერიმენტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე. კონკრეტულად კი სტუ-ის COMET ჯგუფი, დუბნის გაერთიანებული ბირთვული კვლევების ინსტიტუტის (JINR) ჯგუფთან ერთად, კალორიმეტრის და სტროუ დეტექტორების შექმნაზე მუშაობს. ასევე, სტუ-ის COMET ჯგუფი, იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევით ორგანიზაციასთან (KEK) ერთად, აქტიურადაა ჩართული ექსპერიმენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დეტექტორული სისტემის CRV (Cosmic Ray Veto) შექმნაში“.

იოშიტავა კუნო - COMET ექსპერიმენტის სპიკერი, ოსაკას უნივერსიტეტის პროფესორი: „COMET კოლაბორაციის საერთაშორისო სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დისკუსიებს ახალი ტიპის კალორიმეტრებზე, ტრეკულ სისტემებსა და მიონური ნაკადის მშენებარე არხზე, იმ მიზნით, რომ COMET ექსპერიმენტისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდი ინტენსივობის მქონე მიონების ნაკადის მიღება გახდეს შესაძლებელი. ასევე, მისი თქმით, სამუშაო შეხვედრაზე მეცნიერები დეტალურად განიხილავენ შესრულებულ სამუშაოებს და დასახავენ უახლოეს სამომავლო გეგმებს“.
 
აღსანიშნავია, რომ COMET საერთაშორისო კოლაბორაცია წელიწადში ერთხელ, იაპონიის გარეთ, ე.წ. გასვლით სამუშაო შეხვედრებს რეგულარულად ატარებს. წლევანდელ სამუშაო შეხვედრას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 1-5 ოქტომბერს მასპინძლობს. სტუ-ის მეცნიერ-მკვლევარები საინჟინრო ფიზიკის დარგში აქტიურად არიან ჩართული COMET (COherent Muon to Electron Transition) საერთაშორისო კოლაბორაციაში, რომელიც 2007 წელს იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითმა ორგანიზაციამ (KEK) ჩამოაყალიბა.  
 
სტუ-ის მეცნიერთა  ჯგუფი აქტიურად მონაწილეობს KEK-ის უნიკალური COMET ექსპერიმენტის  განხორციელებისთვის საჭირო კვლევით სამუშაოებში და უდიდესი სუბდეტექტორის, კოსმიკ ვეტო მთვლელების (Cosmic Ray Veto, CRV) დეტექტორული სისტემის შექმნასა და ოპერირებაზეა პასუხისმგებელი.
 
COMET კოლაბორაცია იაპონიის პროტონების ამაჩქარებლების ცენტრის (JPARC) ბაზაზე ახალ, ამბიციურ ექსპერიმენტს ატარებს. ამ მიზნით, COMET კოლაბორაციას განზრახული აქვს, მოსინჯოს ახალი ფიზიკის არსებობა ე.წ. ლეპტონურ სექტორში. შესაბამისად, COMET ექსპერიმენტი ორი მთავარი პრობლემის დაძლევის წინაშე დგას: ააგოს ამაჩქარებელი, რომელიც ექსპერიმენტულ დანადგარს რეკორდული ინტენსივობის მიონების ნაკადს მიაწვდის და შექმნას დედექტორების სისტემა, რომელიც  ასეთი იშვიათი პროცესების მიმართ მგრძნობიარე იქნება.

 

სიახლეებში დაბრუნება