VIII ქართულ-გერმანული ერთობლივი სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში - „საქართველოში არსებულ მულტიდისციპლინარულ SMART|ლაბებში“

VIII ქართულ-გერმანული ერთობლივი სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში - „საქართველოში არსებულ მულტიდისციპლინარულ SMART|ლაბებში“

29-08-2018 20-25 აგვისტოს, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა იულიხის კვლევითი ცენტრისა (გერმანია) და პარტნიორი ქართული უნივერსიტეტების (სტუ, თსუ, აგრიუნი და ილიაუნი) ერთობლივი, მე-8 ქართულ-გერმანული სკოლა და სემინარი ფუნდამენტურ მეცნიერებებში - GGSWBS 18.

აღნიშნული ღონისძიება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის იულიხის ცენტრის ერთობლივ მიზნობრივ პროგრამაა. საგულისხმოა, რომ ქართულ-გერმანული პროგრამის კონსორციუმის კოორდინატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკისა და სამედიცინო ფიზიკის პროგრამის ხელმძღვანელი, პროფ. ქეთევან კოტეტიშვილი.

ღონისძიების თემატიკას წარმოადგენდა „მეცნიერება საქართველოში  არსებულ მულტიდისციპლინარულ SMART|ლაბებში“.

სკოლისა და სემინარის განმავლობაში აქცენტი გაკეთდა სამ ძირითად კომპონენტზე:
ა) სიმეტრიები სუბატომურ ფიზიკაში, რომელიც მიეძღვნა საბუნებისმეტყველო
მეცნიერებების ერთ-ერთ ფუნდამენტურ საკითხს: სამყაროში დამზერილ მატერიის
დომინირების საკითხს ანტიმატერიაზე;
ბ) ატმოსფერული კვლევები და მოდელირება, რომელიც დაკავშირებულია SMART|AtmoSim_Lab-თან;
გ) ვიზუალიზაცია მედიცინის სფეროში და ბიომარკერები.

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს ამაჩქარებლების, ნაწილაკთა ფიზიკისა და ტექნოლოგიების მსოფლიო დონის ექსპერტებმა, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო კოლაბორაციების (JEDI, Borexino, JUNO, PAX) წევრები არიან.

კონფერენციის მუშაობა ითვალისწინებდა ზემოაღნიშნულ სფეროებში არსებული მიღწევების შეჯამებას და ორ ქვეყანას შორის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.

ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ჩატარდა თემატური სალექციო კურსები საბუნებისმეტყველო და საინჟინრო მეცნიერებებში. ლექციებს კითხულობდნენ კვლევითი ცენტრის დირექტორები და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლები. ღონისძიების ფარგლებში ლექციები წაიკითხეს კვლევითი ცენტრის ბირთვული ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორმა ჰამს შტროერმა, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა ნადიმ ჯონ შამ, ნეირომეცნიერებისა და მედიცინის ინსტიტუტის დირექტორმა ბერნ ნოიმაიერმა, ელექტრონიკისა და ელექტროინჟინერიის ინსტიტუტების დირექტორებმა გალებ ნატუამ და სტევან ვაზენმა, კლიმატის ცვლილებისა და ატმოსფერული კვლევების ინსტიტუტის დირექტორებმა ანდრეას ვანერმა და ასტრიდ კლიენდერ შრამ.

აღსანიშნავია, რომ მოხსენებები გააკეთეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორმა ელენე იორდანიშვილმა, დოქტორანტებმა თამარ ხეჩიაშვილმა, მიხეილ კელენჯერიძემ და ანა გოგიშვილმა. ასევე, პროგრამაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებები გააკეთეს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკის პროგრამის სტუდენტებმა (15 სტუდენტი). მათგან 2 სტუდენტი, სამედიცინო ფიზიკის პროგრამის მაგისტრანტი თათია გონაშვილი და საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტი ნათია ბერიაშვილი იულიხის კვლევით ცენტრში სტაჟირებას გაივლიან 1 თვის განმავლობაში. სტაჟირება სრულად ფინანსდება გერმანული მხარის მიერ.

 

სიახლეებში დაბრუნება