გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა ტყის ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა ტყის ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში

18-07-2018 3 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიის და ეკოლოგიის დეპარტამენტის სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ტყის ინვენტარიზაციის პროექტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლევან დავითაშვილთან გამართულ შეხვედრაში.

საველე პირობებში გამართული შეხვედრის მიზანი ტყის ეროვნული აღრიცხვისთვის საჭირო ხელსაწყოების დემონსტრირება იყო. აღინიშნა, რომ საქართველოში სატყეო რეფორმის განხორციელების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანიც ტყის ეროვნული ინვენტარიზაციაა და აღნიშნულ პროცესში საბუნებისმეტყველო დარგის სტუდენტების აქტიური ჩართულობა მეტად მნიშვნელოვანია.

ტყის ეროვნული აღრიცხვის საფუძველზე შესაძლებელი იქნება ინფორმაციის მიღება როგორც ტყის ეკონომიკური მახასიათებლების, განვითარებისა და დეგრადაციის სტატუსის, ბიომრავალფეროვნების, ასევე, კლიმატის ცვლილების ზემოქმედების შესახებ. 
საქართველოში ტყის პირველი ეროვნული აღრიცხვის პროცესი ხორციელდება GIZ - გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამის "ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

კოჯრის ტყეში გამართულ სადემონსტრაციო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი დანიელ ჰაასი, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი და სატყეო სექტორით დაინტერესებული სტუდენტები ესწრებოდნენ.

  


 

სიახლეებში დაბრუნება