სტუ-ის მკვლევრებმა ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების სამეცნიერო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

სტუ-ის მკვლევრებმა ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების სამეცნიერო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

სტუ-ის მკვლევრებმა ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების სამეცნიერო კონფერენციაში  მიიღეს მონაწილეობა
26-07-2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მეცნიერ-მკვლევრებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების (The European Ceramic Society – ECerS) რიგით მე-18 სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში გაიმართა.

სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების ტექნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ზვიად კოვზირიძე და აკადემიური დოქტორი მაია ბალახაშვილი ECerS-ის მე-18 კონფერენციაზე სამი სამეცნიერო მოხსენებით წარსდგნენ.

როგორც სტუ-ის პროფესორი, ზვიად კოვზირიძე აღნიშნავს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მკვლევართა მონაწილეობა ისეთ მასშტაბურ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძებაში, როგორიც ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების კონფერენციაა, მნიშვნელოვანია ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების ტექნოლოგიის მიმართულებით უნივერსიტეტში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის გაცნობის, ასევე, კვლევების ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კოლაბორაციების გაღრმავების მხრივ.

„ლიონში გამართული ECerS-ის კონფერენცია მასშტაბური საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმია, რომელშიც მონაწილეობდა 1188 მეცნიერი 56 ქვეყნიდან, მათ შორის იყო 350 ახალგაზრდა მკვლევარი მთელი მსოფლიოდან. ეს მეცნიერებაში, ინჟინერიასა და ტექნოლოგიებში უახლესი კვლევების გაცნობა-გაზიარების, სამეცნიერო კოლაბორაციების გაღრმავებისა და ცნობილ კვლევით ცენტრებთან, მეცნიერებთან, ბიზნესისა და ინდუსტრიების წარმომადგენლებთან ახალი კონტაქტების დამყარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. კონფერენციაზე განიხილეს სხვადასხვა სამეცნიერო თემები, მათ შორის განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბიონანოკერამიკის მიმართულებით - ინოვაციურ კერამიკულ კომპოზიტებზე, მათი შექმნა-დამუშავებისა და ახალი, მდგრადი ტექნოლოგიების სამომავლო მიმართულებებზე; პროგრესისა და საერთაშორისო გამოწვევების ჭრილში ყურადღება დაეთმო არატრადიციული და ინოვაციური პროცესების გამოყენებას ახალი ფუნქციური დატვირთვით და ა.შ. ჩემს კოლეგასთან, დოქტორ მაია ბალახაშვილთან ერთად, მონაწილეობა მივიღეთ ECerS-ის კონფერენციის სასექციო მუშაობაში. წარვადგინეთ სამი სამეცნიერო ნაშრომი: ჩემი ავტორობით - „მაკრომექანიკური მახასიათებლების დამოკიდებულების ფორმულა მატრიცაში ფორიანი ფაზის შემცველობისაგან“;  ასევე, „კარბიდ-სიალონური კომპოზიტის მიღება და შესწავლა SiC-SiAlON-Al203 სისტემაში საჯავშნო ფილებისა და მფრინავი აპარატებისათვის“ და „მაღალცეცხლგამძლე კლინკერის მიღება ადგილობრივი ნედლეულის ბაზაზე, ცემენტისა და მეტალურგიული ღუმელებისათვის“. ამ ორი ნაშრომის თანაავტორები არიან ჩვენი უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ბიონანოკერამიკისა და ნანოკომპოზიტების ტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრები: ნათელა ნიჟარაძე, გულნაზი ტაბატაძე, ნინო დარახველიძე, მაია ბალახაშვილი, ვერა ქინქლაძე და მეც მათ შორის“, - აცხადებს ზვიად კოვზირიძე.

კონფერენციის პარალელურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზვიად კოვზირიძემ ლიონში გამართულ ევროპის კერამიკოსთა საზოგადოების საბჭოსა და კერამიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის საბჭოს სხდომების მუშაობაში წევრის სტატუსით მიიღო მონაწილეობა.  

 

სიახლეებში დაბრუნება