საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავტორიტეტულმა კომპანია QS-მა მსოფლიო უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგის მოკლე სიაში შეიყვანა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავტორიტეტულმა კომპანია QS-მა მსოფლიო უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგის მოკლე სიაში შეიყვანა

29-06-2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რეიტინგებისა და კვლევების მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა კომპანია QS-მა (Quacquarelli Symonds) უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგის სიტემის - QS World University Rankings 2024-ის მოკლე სიაში (shortlist) შეიყვანა.

ავტორიტეტული QS World University Rankings-ის ბოლო, მე-20 გამოცემის მოკლე სიაში, მსოფლიო მასშტაბით, 104 ქვეყნიდან მხოლოდ 1500 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოდან ორი - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

QS World University Rankings 2024-ში სტუ „1400+“ ადგილს იკავებს, ხოლო თსუ „801 – 850“ ადგილზეა. რაც შეეხება, სამხრეთ კავკასიის რეგიონს, QS-ის საერთაშორისო რეიტინგების მოკლე სიაში 6 უნივერსიტეტია შესული: 2 - საქართველოდან, 3 - აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან და 1 - სომხეთის რესპუბლიკიდან. აღსანიშნავია, რომ თსუ სამხრეთ კავკასიის რეგიონში, QS-ის მიერ მინიჭებული სარეიტინგო ქულების მიხედვით, ლიდერის პოზიციას ინარჩუნებს, ხოლო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთადერთი საინჟინრო-ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული პროფილის უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლაა, რომელიც საქართველოდან და სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან QS World University Rankings-ის ბოლო გამოცემაში მოხვდა.

როგორც რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე აღნიშნავს, რეიტინგების მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო კომპანია QS-ის მოკლე სიაში მოხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, უდავოდ, დიდი წარმატება და ამავდროულად, შედეგის გაუმჯობესების ძლიერი მოტივაციის შემქმნელია.

„ავტორიტეტულმა QS-მა მსოფლიო უნივერსიტეტების ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა, რომელიც განახლებული მეთოდოლოგიის საფუძველზეა შემუშავებული და დამატებით, რეიტინგების დათვლის სამ ახალ ინდიკატორს მოიცავს. ესენია: დასაქმების შედეგები, მდგრადობა და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევების ქსელი. სასიხარულოა, რომ მეოცე გამოშვების მოკლე სიაში ორი ქართული უძველესი ალმა-მატერი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ვიხილეთ. მინდა მივულოცო ჩვენს უნივერსიტეტს, მის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს, სტუდენტებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებს ეს უდავოდ მნიშვნელოვანი წარმატება, რომელიც სამომავლოდ, რეიტინგის გაუმჯობესების ძლიერ მოტივაციას გვიქმნის, მით უმეტეს, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი QS-ის შორტლისტში ერთადერთი საინჟინრო-ტექნოლოგიური პროფილის უნივერსიტეტია, როგორც ჩვენი ქვეყნიდან, ასევე, სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან. საკეთებელი ბევრია, რაც   პირდაპირ ბმაშია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეტაპობრივ და სწრაფ განვითარებსთან, მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის ეფექტიანი გაზიარებით სწავლა-სწავლებისა და კვლევების ინტერნაციონალიზაციასთან, სტუდენტებისთვის საუკეთესო განათლების მიღების, მათი სამომავლო დასაქმებისა და კარიერული განვითარების, ასევე, ცოდნისა და ტექნოლოგიური ტრანსფერის მეტი შესაძლებლობების მოძიება-დანერგვასთან და სასწავლო-სამეცნიერო ინფრასტრუქტურის მუდმივ გაუმჯობესებასთან. ამასთან ერთად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სიხარულით იზიარებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ წარმატებას, ულოცავს რექტორს, აკადემიკოს ჯაბა სამუშიასა და მეგობარი უნივერსიტეტის კოლეგებს QS-ის საერთაშორისო რეიტინგების სისტემის მოკლე სიაში, ქართულ და სამხრეთ კავკასიის უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებლებს შორის, ლიდერის პოზიციის შენარჩუნებას“, - აცხადებს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.

QS World University Rankings - https://www.topuniversities.com/ მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის  სისტემაა, რომელიც კვლევებს ყველა ძირითადი ინდიკატორის მიხედვით შემუშავებული მეთოდოლოგიით ატარებს. QS-ის რეიტინგების შედეგები, დაახლოებით, 17,5 მლნ აკადემიური ნაშრომის ანალიზსა და 240 000-ზე მეტი აკადემიური ფაკულტეტისა და დამსაქმებლის შესახებ საექსპერტო დასკვნებს ეყრდნობა.

ანალიტიკისა და გლობალური უმაღლესი განათლების სექტორში QS-ის სარეიტინგო კვლევების მისიაა,   მსოფლიო მასშტაბით, მოტივირებულ ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებისა და თავიანთი პოტენციალის სათანადოდ გამოყენების შესაძლებლობა მიეცეთ, რათა კარიერულ განვითარებას  საუკეთესო განათლების მიღებისა და  საერთაშორისო მობილობის გზით მიაღწიონ.

 

სიახლეებში დაბრუნება