საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, თსსუ-სა და კსუ-სთან ერთად, „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, თსსუ-სა და კსუ-სთან ერთად, „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა

27-06-2023

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთად, „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის გამარჯვებულის ტიტული და თასი მოიპოვა. გამარჯვებული უმაღლესი სასწავლებლების დაჯილდოება რიყის პარკში, ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონიაზე შედგა.

ფესტივალის ჟიურიმ და ორგანიზატორებმა, მონაწილე უნივერსიტეტების მიერ მოპოვებული ქულების დაჯამების შედეგად, „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის გამარჯვებულად ერთდროულად სამი უმაღლესი სასწავლებელი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და კერძო უმაღლესი სასწავლებელი - კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი დაასახელეს. სამივე უნივერსიტეტმა წლევანდელ სტუდენტურ ფესტივალზე ქულების თანაბარი რაოდენობა დააგროვა.

„სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის ფარგლებში გამართულ სპორტულ ტურნირებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა სპორტის 17 სახეობაში ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი აჩვენეს და მოიპოვეს: გუნდური 3 ოქრო (ვაჟთა გუნდი - 3X3 კალათბურთში, ვაჟთა გუნდი ფრენბურთში, გოგონათა გუნდი ნარდში) და ინდივიდუალური 2 ოქრო (ქართული ჭიდაობა, სამბო);  გუნდური 1 ვერცხლი (გოგონათა გუნდი ნარდში) და ინდივიდუალური 3 ვერცხლი (ძიუდო - 2 წონით კატეგორიაში, ქართული ჭიდაობა); გუნდური 4 ბრინჯაო (ფეინთბოლი, ჯომარდობა, ბილიარდი, ქართული ჭიდაობა) და ინდივიდუალური 2 ბრინჯაო (სამბო, ძიუდო). ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის კონკურსებში სტუ-ის იუზა კუბლაშვილის სახელობის ვაჟთა სახალხო კაპელასა და ცეკვის ფოლკლორულ ანსამბლ „მერანს“ ფესტივალის ჟიურიმ პირველი ადგილი მიაკუთვნა, თსსუ-ის ანსამბლებთან ერთად.

სტუდენტური ფესტივალის საზეიმო დახურვის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, სტუდენტური ფესტივალის მონაწილე უმაღლესი სასწავლებლების რექტორებმა, ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა, მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნიევერსიტეტის კანცლერმა, პროფესორმა კარლო კოპალიანმა, სტუ-ის პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა, საქართველოს პარლამენტის დეპურტატებმა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  თბილისის მერიისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და აკადემიური პერსონალი სტუ-ის სპორტულ გუნდებსა და მათ მწვრთნელებს, საუნივერსიტეტო შემოქმედებით კოლექტივებსა და მათ სამხატვრო ხელმძღვანელებს, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს „სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის წარმატებით დასრულებასა და ღირსეული გამარჯვების მოპოვებას ულოცავს.

„გვსურს სამივე გამარჯვებულ უნივერსიტეტსა და მათ სტუდენტებს გულითადად მივულოცოთ ფესტივალის უმაღლესი ჯილდოს მოპოვება. მათთან ერთად, ყველა უმაღლეს სასწავლებელსა და ახალგაზრდას ვულოცავთ წლევანდელ სტუდენტურ ფესტივალზე მოპოვებულ წარმატებებს. განსაკუთრებით ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს, დაძაბულ ტურნირებსა და სახელოვნებო კონკურსებში თავდაუზოგავად იასპარეზეს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს კიდევ ერთი ღირსეული გამარჯვება მოუტანეს. სასიხარულოა, როცა ჩვენი სტუდენტები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქვეყნოდ განთქმულ სასპორტო და სახელოვნებო ტრადიციებს დიდი შემართებით აგრძელებენ. მიგვაჩნია, რომ ასეთი მასშტაბური სტუდენტური ღონისძიებების ჩატარება ხელს უწყობს საუნივერსიტეტო თვითშემოქმედებისა და სპორტის პოპულარიზაციას, საუნივერსიტეტო ტრადიციების აღორძინებას და ახალგაზრდების ნიჭისა და უნარების წარმოჩენას“, - აცხადებს რექტორი დავით გურგენიძე. 


„სტუდენტური ფესტივალი 2023“-ის ფარგლებში, სპორტული შეჯიბრებები და კულტურულ-შემოქმედებითი კონკურსები, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებითა და თბილისის მერიისა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, 25 მაისიდან 20 ივნისამდე მიმდინარეობდა. ახალგაზრდულ ღონისძიებაში საქართველოში მოქმედი 32 სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლის 50 000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა.

 

სიახლეებში დაბრუნება