საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „STEM განათლება - ტექნოლოგიების საფუძველი“ , ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სკოლის მოსწავლეები ორთვიან უფასო სასწავლო კურსს გაივლიან

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის - „STEM განათლება - ტექნოლოგიების საფუძველი“ , ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილი სკოლის მოსწავლეები ორთვიან უფასო სასწავლო კურსს გაივლიან

26-06-2023


საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირების ცენტრი და ლაბორატორია, STEM აკადემიასა და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა მომსახურების სააგენტოს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსთან ერთად, სკოლის მოსწავლეებისათვის პროექტის - ,,STEM განათლება - ტექნოლოგიების საფუძველი“ ორთვიან კურსს იწყებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტს პროექტის ავტორი „STEM აკადემიის“ ხელმძღვანელი ნატო გოგატიშვილი, „ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი სალომე დოლიძე, სამინისტროსა და სააგენტოს წარმომადგნლები ეწვივნენ. შეხვედრას, რომელიც სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში გაიმართა, უნივერსიტეტის კანცლერი, პროფესორი კარლო კოპალიანი, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი ნონა ოთხოზორია, მენეჯერი ზაზა ბუაჩიძე და საუნივერსიტეტო პროფესორი დავით სონღულაშვილი ესწრებოდნენ. 

სტუ-ის კანცლერის, კარლო კოპალიანის განცხადებით, პროექტი ხორციელდება „STEM აკადემიასა“ და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა მომსახურების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომლის თანახმადაც აფხაზეთიდან დევნილი სკოლის მოსწავლეები სტუ-ის ვირტუალური მოდელირების ცენტრსა და ლაბორატორიაში ორთვიან უფასო სასწავლო კურსს გაივლიან. 

პროექტის - „STEM განათლება - ტექნოლოგიების საფუძველი“ განსახორციელებლად სხვადასხვა სკოლის 20 მოსწავლე იქნა შერჩეული. პროექტი განხორციელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლაბორატორიის ბაზაზე, რომელსაც პროფესორი დავით სონღულაშვილი ხელმძღვანელობს. სწავლება წარიმართება, როგორც დისტანციურ რეჟიმში, ასევე, ადგილზე, ვირტუალური მოდელირების ცენტრსა და ლაბორატორიაში. სწავლის ხანგრძლივობა ორ თვეს მოიცავს და კვირაში ორჯერ ჩატარდება. რაც მთავარია, სწავლება უფასოა. სასწავლო პროცესის დაწყებამდე, სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს საუნივერსიტეტო ლაბორატორია დაგაეცნენ ინოვაციურ პროექტებს, რომლებიც მათი თანატოლებისა და სტუდენტების მიერ არის შექმნილი. პროფესორი დავით სონღულაშვილი 20 მოსწავლიდან, თავის მხრივ, შეარჩევს საუკეთესო მონაცემების მქონე ახალგაზრდებს, რომლებიც სამომავლოდ, სხვადასხვა კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას. მინდა მადლობა გადავუხადო STEM აკადემიის ხელმძღვანელს ნატო გოგატიშვილს ამ შესანიშნავი პროექტისთვის“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა. 

პროექტის - ,,STEM განათლება - ტექნოლოგიების საფუძველი“,  განხორციელების მიზნით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა მომსახურების სააგენტომ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროსთან ერთად, პროექტში მონაწილეობის მსურველ მოსწავლეთა შერჩევა-იდენტიფიცირების მიზნით, კრიტერიუმები განსაზღვრა და რეგისტრაცია გამოაცხადა.

სააგენტოს ხელმძღვანელის, სალომე დოლიძის განცხადებით, მონაწილეთა შერჩევის კრიტერიუმების თანახმად, დარეგისტრირება დევნილის სტატუსის მქონე, 14-დან 18 წლამდე ასაკისა და STEM მიმართულებით დაინტერესებულ მოსწავლეებს შეეძლოთ. პირველ ეტაპზე, აღნიშნულ სასწავლო პროგრამაში ჩათვის სურვილი 20-მა მოსწავლემ გამოთქვა. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის, დავით ფაცაციას განცხადებით, STEM პროგრამის შემსწავლელი პროექტი - „STEM განათლება - ტექნოლოგიების საფუძველი” სკოლის მოსწავლეებს უნიკალურ შანს აძლევს, პროფესორ დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით სხვადასხვა კონკურსში მიიღონ მონაწილეობა და შესაძლებლობები გაიღრმავონ. 

„პროექტის მიზანია 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდების გადამზადება, მათთვის თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და შეძენილი უნარ-ჩვევების პრაქტიკაში გამოყენების ხელშეწყობა. პროექტი ორიენტირებულია მონაწილეთა კრიტიკული და ინოვაციური აზროვნების განვითარებაზე. პროექტი მონაწილე ახალგაზრდებს მნიშვნელოვნად განუვითარებს ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებს, ასევე, პროექტის მონაწილეებს მისცემს საფუძვლიან ცოდნას და დაანახებს, თუ რამდენად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია დღეს, სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ სამყაროში, ამ  მიმართულებით ცოდნის მიღება და სწორად გამოყენება“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

STEM აკადემიის ხელმძღვანელის ნატო გოგატიშვილის განცხადებით, მისასალმებელია ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა და სამომავლოდაც არაერთი პროექტის განხორციელებაა შესაძლებელი სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სადაც ტექნოლოგიები და STEM განათლება ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული ახალგაზრდისათვის.

პროფესრმა დავით სონღულაშვილმა, ვირტუალური მოდელირების ცენტრისა და ლაბორატორიის დათვალიერებისას, სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა კონკურსში გამარჯვებული სტუდენტებისა და მოსწავლეების მიერ შემუშავებული ინოვაციური პროექტები გააცნო. 

82-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე, ბიჭვინთიდან დევნილი მარიამ ვახტანგაძე ერთ-ერთია, ვინც საუნივერსიტეტო ცენტრში სწავლების ორთვიან კურსს გაივლის. როგორც მარიამი აცხადებს, პროექტმა - „STEM განათლება - ტექნოლოგიების საფუძველი” მისი ტანატოლების დიდი ინტერესი გამოიწვია. 

„სამწუხაროდ, ჩემს მშობლიურ ბიჭვინთას მხოლოდ ფოტოებიდან ვიცნობ. ჩემი ოცნებაა მალე დავბრუნდე აფხაზეთში. ვცდილობ, მაქსიმალურად გამოვიყენო დრო და ვისწავლო ისეთი საგნები, როგორიცაა მათემატიკა, ფიზიკა, ტექნოლოგიები და მიღებული ცოდნა ჩემს ქვეყანას და ჩემს აფხაზეთს მოვახმარო. პრაქტიკა აუცილებელია - ამიტომ, ძალიან გამიხარდა, როცა ამ პროექტის შესახებ გავიგე. მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ინიციატორებს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, ბატონ დავით სონღულაშვილს - ასეთი შესაძლებლობისთვის. იმედი მაქვს, არაერთ კონკურსში მივიღებ მონაწილეობას და წარმატებასაც მივაღწევ“, - განაცხადა მარიამ ვახტაგნაძემ.

 

სიახლეებში დაბრუნება