06/05/2026
„უნივერსიტეტისთვის განსაკუთრებით ფასეულია ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული სტუდენტების მხარდაჭერა, მათი მოტივაციის გაძლიერება, მათი შემეცნების სურვილისა და პროფესიონალიზმისკენ სწრაფვის ხელშეწყობა. ეს ამხნევებს სხვა ახალგაზრდებსაც და აძლევს რწმენას, რომ მათი შრომაც აუცილებლად დაფასდება. მსგავსი მიდგომა კი საქართველოს მდგრადი მომავლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის საიუბილეო ღონისძიებაზე განაცხადა, რომელზეც ფონდის პარტნიორი სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალრეიტინგულ სტუდენტებს სტიპენდიები გადაეცათ.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ოთხი ფაკულტეტის აკადემიური მოსწრების მხრივ უმაღლესი რეიტინგის მქონე ოთხი სტუდენტი თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდის სტიპენდიანტი გახდა. ოთხივე მათგანს მიმდინარე აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრში ფონდი ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან ფონდის სტიპენდია მოიპოვეს მიმდინარე სასწავლო წლის პირველი სემესტრის უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებმა: მარიამ ჯანიაშვილმა – სამშენებლო ფაკულტეტიდან; გურამ ნაცვლიშვილმა – არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტიდან; ნანა ლაბაძემ – აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტიდან; ლიზი ბაგაშვილმა – სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტიდან;
პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შერჩეულ 20 სტიპენდიანტს ფონდის დამფუძნებელი, ბიზნესმენი და მეცენატი თამაზ ბექაია, საგანმანათლებლო ფონდის დირექტორი ლევან ბექაია და ფონდის პროექტების ხელმძღვანელი გოგა ჩანადირი საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში შეხვდნენ, ფონდის მიმდინარე და სამომავლო ინიციატივები გააცნეს, სტიპენდიის მოპოვება მიულოცეს და წარმატების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს. როგორც მათ აღნიშნეს, თითოეული წარჩინებული ახალგაზრდა სემესტრის მანძილზე, ფონდისგან ყოველთვიურ სტიპენდიას 300 ლარის ოდენობით მიიღებს.
სტიპენდიანტებთან ერთად საგანმანათლებლო ფონდის დაარსებიდან 5 წლის საიუბილეო ღონისძიებაში ფონდის პარტნიორი ექვსი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები, ვიცე-რექტორები, წარმომადგენლები, ასევე, საჯარო სკოლების ხელმძღვანელები და მოწვეული სტუმრები მონაწილეობდნენ. მათ შორის იყვნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი თამარ წერეთელი, ასევე, სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გინა გურეშიძე, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე – ასოცირებული პროფესორი თამარ ჭანტურია, აგრარული მეცნიერებებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი გია ჭიჭინაძე და სამთო-გეოლოგიური და მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე ნინო მაისურაძე.
დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტიპენდიანტმა სტუდენტებმა თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მადლობა გადაუხადეს. მათი თქმით, სტიპენდიის მოპოვება ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაც არის, ამასთან ერთად, ახალგაზრდებს ცოდნის მეტად გაღრმავებისკენ უბიძგებს და ახალი აკადემიური წარმატებებისკენ გზას უხსნის. როგორც მათ აღნიშნეს, სახელმწიფო სტიპენდიასთან ერთად ფონდის სტიპენდია მათ აძლევს შესაძლებლობას, სრულად კონცენტრირდნენ სწავლაზე, აქტიურად ჩაერთონ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში და მომავალში საკუთარი ცოდნა ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.
ვიცე-რექტორმა თამარ წერეთელმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს საიუბილეო თარიღი მიულოცა, სწავლის წახალისებისა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებისთვის, მადლობა გადაუხადა, სტიპენდიანტებს კი წარმატებები უსურვა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელით ვულოცავთ თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს, მის დამფუძნებელს საიუბილეო თარიღს. განსაკუთრებით დასაფასებელია ფონდის თანმიმდევრული მხარდაჭერა ნიჭიერი და შრომისმოყვარე ახალგაზრდების მიმართ, რითაც ეს მეცენატი ორგანიზაცია მნიშვნელოვნად უწყობს ხელს როგორც ახალგაზრდების აკადემიური პოტენციალის სრულ გამოვლენას, ისე ქვეყნის ინტელექტუალური რესურსის გაძლიერებას. ჩვენთვის, როგორც უმაღლესი საინჟინრო-ტექნოლოგიური სკოლისთვის, უმნიშვნელოვანესია ისეთი ინიციატივები, რომლებიც ზრდის აკადემიურ მოტივაციას, ახალგაზრდებს უქმნის შესაძლებლობას, სრულად კონცენტრირდნენ პროფესიულ და სამეცნიერო განვითარებაზე. მადლობას ვუხდით ფონდს ამ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის და გვჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო მასშტაბური და შედეგიანი პროექტებით გაგრძელდება. სტიპენდიანტებს ვუსურვებთ ჯანმრთელობასა და ახალ წარმატებას და რაც მთავარია პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას საქართველოს საკეთილდღეოდ“. – პროფესორი თამარ წერეთელი
ცნობისათვის, დაარსებიდან 5 წლის მანძილზე თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდს 185 სტიპენდიანტი და 30 პრემიის მფლობელი ჰყავს, მათ შორის 33 ახალგაზრდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებულია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და 6 პარტნიორ უნივერსიტეტთან გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, თამაზ ბექაიას საგანმანათლებლო ფონდი პრიორიტეტული ფაკულტეტების უმაღლესი აკადემიური მოსწრების მქონე ბაკალავრებს, ყოველსემესტრულად, წამახალისებელ, ყოველთვიურ სტიპენდიას გადასცემს, ხოლო ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, პარტნიორ უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველაზე მაღალრეიტინგულ აბიტურიენტებს, ყოველწლიურად, ერთჯერადი პრემიით აჯილდოებს.