საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში VI საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი – „ენერგოდამზოგი ტექნოლოგიები და გარემოს ინჟინერია“ გაიმართა. საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებამ სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებსა და დარგის სპეციალისტებს ენერგოეფექტურობის, გარემოს დაცვისა და მდგრადი საინჟინრო განვითარების აქტუალურ საკითხებზე სამეცნიერო გამოცდილებისა და კვლევის შედეგების გაზიარების შესაძლებლობა მისცა.
სემინარი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და მისი საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტებისა და ორგანიზაციების თანამშრომლობით ჩატარდა. ღონისძიების თანადამფუძნებლები არიან ბელოსტოკის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლუბლინის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტი, თურქეთის ეკონომიკური და სოციალური კვლევის ინსტიტუტი, სომხეთის არქიტექტურისა და მშენებლობის ეროვნული უნივერსიტეტი და ტაშკენტის არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის უნივერსიტეტი.