ნიკო
ნიკოლაძე

მე დამივლია ევროპა და ბევრ ჩინებულ ქვეყნებში, ბევრ აღმტაც საზოგადოებაში გამიტარებია თვეები და წლები, მაგრამ ყოველგან და ყოველთვის, სადაც კი ვყოფილვარ, ერთი საგანი მქონია: შენთვის დამზადება, შენთვის სამსახური, შენი სარგებლობა.

,,დროსგასწრებული გენიოსი“, ,,დიდი ნიკო“ - ასე იცნობს ნიკო ნიკოლაძეს შთამომავლობა… ის იყო ემილ ზოლას, ვიქტორ ჰიუგოს, კარლ მარქსის, გიუსტავ ეიფელის და სხვა არაერთი ეპოქალური ადამინის უახლოესი მეგობარი. ბუნებით ინოვატორი, ყველანაირი სიახლის საკუთარი ქვეყნისთვის გარდაქმნისა და მორგების ნიჭის მქონე რამდენი ადამიანი გახსენდებათ? ციურიხის უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, ქალაქ ფოთის თავი, თბილისის და ქუთისის საკრებულოების წევრი, პოლიტიკოსი, მწერალი, პუბლიცისტი, ინჟინერი, დიპლომატი… - ეს მისი რეგალიების მცირე ჩამონათვალია. რთულია დაწერო, ფურცლებში ჩაატიო ის ფასდაუდებელი, უდიდესი საქმეები, რომელიც  ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება. თუმცა, ჩვენ  ვეცდებით ამ უდიდესი ადამიანის მოღვაწეობის ყველა ასპექტს შევეხოთ.  ქუთაისში, სწავლის დასრულების შემდეგ, ნიკო ჯერ პეტერბურგში, შემდეგ საფრანგეთში, სორბონაში, რამდენიმე ხანში კი, ციურიხში გადადის სასწავლებლად. შეკითხვაზე, თუ რატომ იცვლიდა ასე ხშირად ნიკო სასწავლებლებს? ის პასუხობდა -  ,,სწავლის დონე არ მაკმაყოფილებსო.“

მანამდე, სანამ  ფასდაუდებელი საქმეების თქვენთვის გაცნობას შევეცდებით, უნდა გავამხილოთ -  მის ოცნებებიც…

პირად ჩანაწერებში წერს: ,, კიდეც ძალიან მინდოდა კარგი ჟურნალისტობა, თუმცა ამ სფეროსთვის ახლა არავის სცალია ან ძალიან ადრე დავიბადე ან ძალიან გვიან ამისთვის.’’ 1861 წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტიდან  სტუდენტურ დემონსტრაციებში მონაწილეობისათვის გარიცხეს, დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1862 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მისი ოცნება აიხდინა -  ჩაერთო აქტიურ პუბლიცისტურ  და ჟურნალისტურ საქმიანობაში.

ნიკო ნიკოლაძე ერთ-ერთი პირველია, იმ ბუმბერაზ ადამიანებთან ერთად, ვინც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გახსნის იდეით იყო განსჭვალული. მან ზუსტად იცოდა განათლების ფასი და ყველა პუბლიცისტურ ნარკვევში ხაზს უსვამდა, რომ განათლების გარეშე არავითარი საქმე არ გამოვა. მისი აზრით, ერის განვითარებისთვის კლასიკურ განათლებასთან, ანუ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან ერთად საჭირო იყო კიდევ უფრო მეტი, სხვა ტექნიკური განათლება, რასაც შესაბამისი კერა სჭირდებოდა - სწორედ ამ კერად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მშენებლობა ესახებოდა.

1861 წლის სტატიაში ,,ახალი ახალგაზრდობა’’ საუბრობს: „თვითონ ცხოვრება, რამდენიმე წლის შემდეგ, დაანახებს ჩვენ ახალგაზდობას, რომ არც მარტო ,,გონება გამხსნელი’’ მეცნიერება ვარგა, თუ კაცს მასთანა ისეთი ცოდნა არა აქვს, რომელსაც ცხოვრებაში პრაქტიკულად გამოდგომა შეუძლია, და არც მარტო ტექნიკური მეცნიერება, თუ კაცი გონებაგაუხსნელია და ვერც ცხოვრებას იცნობს, ვერც მის კანონებს, ვერც მის მოვლენებს, და ამ რიგად თვითონ იმ მაშინას ემსგავსება, რომლის მოვლა იმას მაშინალურათ ასწავლეს...“ - ნიკოს ეს სიტყვები თითქოს მომავლის წინასწარმეტყველებაა დღევანდელი გადმოსახედიდან... ნიკო ფიქრობდა, რომ მხოლოდ უნივერსიტეტის განათლება არაფერს მოუტანს ადამიანს, თუ მას მძლავრი ტვინი და ჟინი არ გააჩნია. ჟინი იმისა, რომ რაიმე ღირებული შექმნას. ის ემიჯნება მხოლოდ თეორიულ განათლებას. „კაცს კაცად ვერ გახდის, თუ იმას გრძნობა და ხასიათი არ მოსდევს, თუ მის მოქმედებას მტკიცე ბეჭედი არ ასვია, ამას ივიწყებდა უნივერსტეტის სწავლა.’’

მნიშვნელოვანია ასევე, ქალაქ ფოთის განვითარება - დაჭაობებული ტერიტორიის  ყველაზე მზარდი ეკონომიკის მქონე  მოდერნიზებულ  ქალაქად გადაქცევა. ნიკოლაძის სახელს უკავშირდება  საქართველოს მასშტაბით, რკინგზის ქსელის გაყვანა.  ნიკოს  და მიხეილ რომანოვის ინიციატივით, ჩამოვიდა მისი უახლოესი მეგობარი  გიუსტავ ეიფელი, რომელმაც ბორჯომში ეიფელის ცნობილი ხიდის აშენება დააპროექტა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, თავისივე დაარსებული ,,ეროვნულ დემოკრატიული პარტიის” სათავეში გახლდათ. 1918 წლის 26 მაისს, ხელი მოაწერა საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და მალე, მიუხედავად ოპოზიციონერობისა, მთავრობისგან გერმანიაში დიპლომატიური მისიის ერთ-ერთ ხელმძღვანელად დაინიშნა. მას უმოკლეს დროში მოუწია დამფუძნებელი კრების მანდატის დატოვება, რადგან 1921 წლამდე, ევროპაში ქართული მანგანუმის ექსპორტზე გატანის სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობდა.

საინტერესოა ფაქტი, რომ ილია ჭავჭავაძემ დუელში გამოიწვია ნიკო ნიკოლაძე... უცნობმა პოლონელმა კი გადაარჩინა ეს ორი ბუმბერაზი ადამიანი, გადაარჩინა საქართველო... მიუხედავად, 1921 წლის 24 თებერვალს, ბოლშევიკური ძალების მიერ საქართველოს გაწითლებისა, ის დაბრუნდა სამშობლოში და მისი ავტორიტეტისა და უზადო ნიჭის გამო, სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეძლეს მხცოვანი ნიკოს დაპატიმრება და გადასახლება. იგი სიცოცხლის ბოლომდე ცდილობდა საკუთარი გამოცდილება და ნიჭი იმდროინდელი ხელისუფალთათვის გაეზიარებინა, გასაბჭოების შემდგომაც კი, ბევრი ეროვნული სასიკეთო საქმის განხორციელება მოასწრო.

ნიკო ნიკოლაძე გარდაიცვალა 1928 წელს. ის სხვა დიდ მამულიშვილებთან ერთად მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული. გასაოცარია, როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა  იმ დროინდელ მსოფლიოში სრულებით ახლად აღმოცენებულ  საკითხებში  თანაბარი წარმატებების მიღწევა. ნიკო ნიკოლაძის დამსახურებებსა და ინოვაციურ იდეებზე საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. მისმა პუბლიცისტურმა ნაშრომებმა დროს გაუსწრო, მან ყველა საკუთარი ნააზრევი უნივერსალური ეპოქისთვის დაწერა…

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ დაწესებული „ნიკო ნიკოლაძის ოქროს მედალი’’ ემსახურება დიდი მამულიშვილის ღვაწლის სათანადოდ დაფასებასა და მისი სამაგალითო ცხოვრების ახალი თაობებისთვის გაზიარებას. ჯილდო დაწესებულია უნივერსიტეტის პერსონალის, საქართველოსა და უცხო ქვეყნის თვალსაჩინო მეცნიერის, სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწის ამაგის დაფასების მიზნით. ის შეიძლება გადაეცეს პირს, განსაკუთრებული დამსახურებისათვის, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო მოღვაწეობას ეწევა ან ეწეოდა. ჯილდო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიცემა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი საზეიმოდ გადასცემს.