სტუ
26/04/2024

აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების თვეა. ყოველწლიურად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი გუნდი, სხვადასხვა აქტივობით უერთდება მხარდამჭერ კამპანიას.

შესაბამისად, 26 აპრილს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის  ფაკულტეტზე, სადაც სტუ-ის მასშტაბით ყველაზე მეტი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა ხორციელდება, სტუ-ის ინკლუზიური განათლების მხარდამჭერმა გუნდმა, ინკლუზიური პროფესიული განათლების შესახებ ტრენინგი ჩაატარა.

ღონისძიების მიზანი იყო, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საგანმანათლებლო პროცესში ჩართულობისა და მხარდაჭერის ხელშეწყობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და, ზოგადად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა სოციალური მხარდაჭერა.

ტრენინგში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებლები, პედაგოგები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო არსებულ გამოცდილებას, მიღწევებსა და გამოწვევებს. ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწელეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

ფაკულტეტის ადმინისტრაცია ღონისძიების ორგანიზებისა და ჩატარებისათვის, მადლობას უხდის სტუ-ის ინკლუზიური პროფესიული განათლების მხარდამჭერი გუნდის წევრებს თამუნა მახარაშვილსა და თამარ კობერიძეს.   


სიახლეებში დაბრუნება