სტუ
30/10/2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებიო და სრულუფლებიანმა ელჩმა  საქართველოში მატუ ბუოვსკმამ დაათვალიერა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუ-ის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლენა შატაკიშვილი, დეკანის მოადგილე სამეცნიერო და საერთაშორისო ურთიერთობების დარგში ვახტანგ გვიშიანი, პროფესორები - გიორგი გიგინეიშვილი და ევტიხი მაჭავარიანი. ასევე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენელი ზუზანა პალოშოვა,  SlovakAid-ის  ფინანსური მენეჯერები საბინა ბურეშოვა და ანა-მარია ბენკოვა, სლოვაკეთის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორი ჯუმა ჰაიდარი,   ELVOSOLAR-ის გაყიდვების დირექტორი და დირექტორთა საბჭოს წევრი  რადოვან ანჩიჩი.

საქართველოს ტექნიკურ უნივესიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანის თქმით, სტუ-ის  სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე სლოვაკეთის მთავრობის  გრანტით მიმდინარეობს  20 კვტ მზის ელექტროსადგურის მშენებლობა და ასევე,  არაპირდაპირი გათბობის ციკლით და კონტროლის სისტემით, 1000 ლიტრი ცხელი წყლის ტევადობით, თერმული მზის სისტემის  მონტაჟი.

„21-ე საუკუნეში შეუძლებელია პროგრესი არსებობდეს ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის მიღების გარეშე. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ თანამედროვე თბური და ფოტოელექტრული სადგურები გამოირჩევა მაღალი ხარისხით, საიმედოობით, უახლეს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობით და გრძელვადიანი ექსპლუატაციის ვადით. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი გამოწვევებს სათანადოდ პასუხობს, რისი ერთ-ერთი დასტური „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობაა, რომელიც 2022 წლის ოქტომბერში დაიწყო და მას ახორციელებს   Viessmann-ის ფირმა, რომელიც  არის გათბობის/გაგრილების სისტემების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი მსოფლიოში. პროექტის ფარგლებში ანალიზხელსაწყოში მოეწყობა ლაბორატორია და ტრეინინგცენტრი, სადაც მოწვეული იქნებიან  ადგილობრივი და  სლოვაკეთის წამყვანი სპეციალისტები, რათა მათ  მოამზადონ და გადაამზადონ განახლებადი ენერგიის  სფეროში მომუშავე პერსონალი. ასევე ეს იქნება ჩვენი მოკლევადიანი პროფესიული პროგრამების მსენელებისათვის ახალი შესაძლებლობა ადგილზე შეისწავლონ და გაეცნონ განახლებად ენერგიებში არსებული  თანამედროვე ტექნოლოგიები. ეს არის კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი განახლებადი ენერგიების ათვისების გზაზე საქართველოში“, - აცხადებს ენერგეტიკის ფაკულტეტის დეკანი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - სამეცნიერო-სასწავლო და საწარმოო ცენტრის, „ანალიზხელსაწყოს“ სახურავზე მიმდინარე მშენებლობა 2024 წლის  იანვრის ბოლოს დასრულდება.


სიახლეებში დაბრუნება