აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (ირაკლი მახარაძე) 2021 წლის 31 ივლისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის „ქიმიური და ბიოლოგიური ინჟინერია“ ფარგლებში, პროფესორ გურამ გაფრინდაშვილის ხელმძღვანელობით, სამეცნიერო ნაშრომისთვის „ალავერდის X-XI საუკუნის ღვინის მარნის ქვევრის ფიზიკურ-ქიმიური გამოკვლევა“ დოქტორის აკადემიური ხარისხი მოიპოვა.
სამეცნიერო ნაშრომის წარდგენისას მეუფე დავითმა აღნიშნა, რომ კვლევა ეძღვნება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ, ძველი თაობის ღვაწლმოსილ და ამჟამად მოქმედ ოსტატ მექვევრეებს, რომლებმაც 8000 წელზე მეტი ხნის მანძილზე დაუღალავი შრომით დიდი წვლილი შეიტანეს ქვევრის ღვინის ტექნოლოგიის შექმნასა და განვითარებაში. მისი თქმით, ნაშრომი ასევე, ეძღვნება დიდ ქართველ მეცნიერს, აკადემიკოს სერგი დურმიშიძეს, რომელმაც მსოფლიო მასშტაბით პირველმა დაიწყო ქვევრის ღვინის მეცნიერული კვლევა და საქართველოში ამ დარგის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი.
„დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვევრის მომავალი ნამდვილად „დაღვინების პროცესშია“, რადგან ჩვენ ვიკვლევთ მას. ქვევრის საუკეთესო ნიმუშების შესაქმნელად, წარმოების კვლევის ხელშეწყობისა და სტანდარტის შემუშავებისთვის აშენდა იყალთოს ქვევრის პირველი სკოლა-აკადემია. ჩვენი ახალი ტრადიცია არის დავიწყებულის აღდგენა და სურვილი, მცდელობა, რომ ძველი, დღევანდელი და მომავალი გაერთიანდეს ისევ იმ ფარგლებში, რომელიც თავდაპირველად განუკუთვნა ღმერთმა. ალავერდის ისტორიული მარნის რეაბილიტაციით მე-11 საუკუნე გაახალგაზრდავდა და 21-ე საუკუნე დაბრძენდა. 8000 წელია, ვაზი და ქართველი კაცი ერთად მოდიან. ბუნებრივია, ეს ურთიერთობა კულტურის სფეროს გასცდა და ქართველის იდენტობის ერთ-ერთი განმსაზღვრელი თვისება გახდა. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ღვინისთვის საქვეყნო ბაზრის გზა გაიხსნა.
ქვევრში ღვინის ტრადიციული მეთოდით დაყენების უარყოფას მოჰყვა საქართველოში ქვევრის ხარისხის გაფუჭება. თიხისგან ხარისხიანი ქვევრის შენებისა და გამოწვის ცოდნა და სურვილი დაიკარგა, ჩვენამდე არასრულფასოვნად მოაღწია. ასე მივიღეთ ქვევრის გასანთვლისა თუ გაპოხვის (ცხოველის ქონით ქვევრის კედლის დამუშავება) მავნე, უსუსური პრაქტიკა, რომელიც სასწრაფოდაა შესაცვლელი ხარისხიანი ქვევრის წარმოებით. დღეს ქვევრისა და ქვევრში ღვინის დაყენებისადმი ინტერესი გაიზარდა არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპაში, ამერიკაში, კანადაში, ავსტრალიაში. ქვევრის ღვინის რეაბილიტაცია, უდავოდ, ალავერდის მონასტრის მარნიდან დაიწყო. ქვევრის სკოლა-აკადემიის პროექტი არ არის ბიზნეს პროექტი. ეს სოციალური ბიზნეს პროექტია, რაც გულისხმობს კულტურული ფასეულობების დაცვას, მოვლას, შესწავლა-კვლევასა და განვითარებას. შენობაში არის თანამედროვე ქურა, საგანგებოდ აკადემიისათვის იტალიაში დამზადებული; საუკეთესო სამუშაო გარემო; კვლევითი ლაბორატორია ხელსაწყო-დანადგარებით; ვრცელი სახელოსნო ოსტატებისა და შეგირდებისათვის.
დიახ, საქართველო არის ვაზის, ღვინისა და ქვევრის აკვანი!!! ქვევრის სამშობლო მოვალეა ქვევრის სტანდარტი დაადგინოს. თიხის წინასწარი ლაბორატორიული კვლევა, მისი ფიზიკურ-ქიმიური და ტექნოლოგიური კვლევა უპირველესი ამოცანაა მეთუნეობის დარგის განვითარებისათვის. ამ თემის წარდგინება ეძღვნება ამ საკითხის გაღვივებას, რომ ქვევრის სტანდარტის მიღწევა არ არის ერთი-ორი წლის მუშაობის და კვლევის საგანი. ჩვენი მიზანია გაგრძელდეს და ბიძგი მიეცეს შემდგომ კვლევებს, გაღვივდეს ახალგაზრდებში სამეცნიერო ინტერესი ამ პრობლემის გადასაჭრელად.
მერწმუნეთ, ჩემთვის რთული ნაბიჯი გადავდგი არა სადოქტორო ხარისხისთვის, არამედ მეცნიერებთან თანამშრომლობისთვის, რათა გვეჩვენებინა, რარიგ აუცილებელია ტრადიციის დაცვა-განვითარება. რადგან ეს კვლევა, ეს ფიქრი მომავალზე ამ დიდი ოჯახის კედლებში ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო გონმა, მომავალი თაობის ახალგაზრდულმა შემართებამ, კვლავაც მაღლა უნდა ატაროს სამშობლოს სასახელოდ, ღვთისადმი სამადლობელად, ღონიერი სამშობლოს ასაშენებლად“, - აღნიშნა აბბა ლავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ულოცავს აბბა ალავერდელ მიტროპოლიტ დავითს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებას.