სტუ
29/01/2024

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, ახალი ტიპის დროებითი გადახურვის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნაზე მუშაობენ.

ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების პროექტს ხელმძღვანელობას უწევენ სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორი თამაზ ხმელიძე და სამხედრო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი რევაზ სახვაძე.

თანამედროვე მშენებლობასა და არქიტექტურაში ახალი ტიპის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები სულ უფრო აქტუალური და მოთხოვნადი ხდება. მათ შესაქმნელად და ფუნქციური ამოცანების გადასაწყვეტად ჯგუფი მიმართავს კომბინირებულ მეთოდს, რაც გულისხმობს საინჟინრო კონსტრუქციების, სხვადასხვა მექანიზმის, ელექტრონული სისტემების, ასევე, მართვისა და კონტროლის პროგრამული მოწყობილობების სინთეზურად გამოყენებას.

როგორც პროექტის ხელმძღვანელები და სტუდენტები აღნიშნავენ, ამ ეტაპზე ისინი ახალი ტიპის დროებითი გადახურვის კონსტრუქციების შექმნა-დახვეწაზე მუშაობენ. პროექტის მიზანია, შეიქმნას ისეთი ტრანსფორმირებადი კონსტრუქციები, რომელთა მეშვეობითაც უზრუნველყოფილი იქნება ეფექტიანი, სწრაფი და საიმედო გადახურვა.

პროექტის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის პროფესორის, თამაზ ხმელიძის განცხადებით, ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების შექმნით, ჯგუფი მიზნად ისახავს, სამშენებლო დარგში გადაჭრას რიგი მნიშვნელოვანი ამოცანები, რომლებიც ერთდროულად უკავშირდება მრავალფუქციურობას, ზესიმსუბუქეს, თვითამძრაობას, ბიუჯეტურობასა და ექსპლუატაციის პროცესში მედეგობას.   

„ახალი ტიპის გადახურვის მობილური და ტრანსფორმირებადი კონსტრუქციების გამოყენება ფართოდ არის შესაძლებელი მშენებლობასა და არქიტექტურაში. ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი კომპლექსები, ჰიდრონაგებობები, მრეწველობასა და ინდუსტრიაში - გადასატანი ქარხნები და ფაბრიკები, ავტოფარეხები, სოფლის მეურნეობაში - სასათბურე კომპლექსები, იშვიათი პლანტაციები, ასევე, კულტურული ღონისძიებებისთვის განკუთვნილი დროებითი სივრცეები. ჩვენი უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფი აქტიურად მუშაობს გადახურვის ისეთი კონსტრუქციების შექმნა-სრულყოფაზე, რომელიც შეითავსებს მრავალფუნქციურობას, იქნება ზემსუბუქი, რითაც შეამცირებს გადახურვის წონას, იქნება ძალიან ბიუჯეტური, რითაც შეამცირებს მასალების ხარჯს, ასევე, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით, იქნება  თვითამძრავი, სწრაფი და შეძლებს შესაბამისი თანამიმდევრობით დაკეცვასა და გაშლას და ა. შ. მთავარია, ამ ახალი ტიპის ტრანსფორმირებადმა კონსტრუქციებმა საგრძნობლად შეამციროს მშენებლობის ღირებულებაც და ხანგრძლივობაც“, - აღნიშნავს თამაზ ხმელიძე.

სამშენებლო ფაკულტეტის მკვლევართა და სტუდენტთა ჯგუფმა (ხელმძღვანელი - პროფესორი თამაზ ხმელიძე, კონსტრუქციის ავტორი - სამხედრო ინჟინერიის აკადემიური დოქტორი რევაზ სახვაძე, მონაწილე სტუდენტები: თეიმურაზ საღინაძე და გიორგი შვანგირაძე), პროექტის ფარგლებში შექმნილი პირველი ახალი ტიპის დროებითი გადახურვის ტრანსფორმირებადი კონსტრუქციის პროტოტიპი კასპის ტექნოპარკში, გასული წლის დეკემბერში გამართულ სამშენებლო მიმართულების ჰაკათონზე - „ConstrucThon 2.0“ - წარმატებით წარადგინეს. გარდა ამისა, ჰაკათონზე, წარდგენილი იყო სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის  ბაკალავრიატის პირველი კურსის სტუდენტების (ლუკა მოდებაძე, გიორგი ჯოჯუა, თორნიკე თოდრაძე) იდეა, რომელიც ეხებოდა მშენებლობაში ე.წ. კობიაქსის სისტემების გამოყენებას საყოფაცხოვრებო მეორადი ბოთლების სახით, რასაც დიდი ეფექტი აქვს რკინაბეტონის კონსტრუქციებში ბეტონის ხარჯის შემცირებისა და პოლიმერული ნარჩენების უტილიზაციის თვალსაზრისით.

 


სიახლეებში დაბრუნება