სტუ
20/11/2023

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს - ზაურ დვალაშვილსა და საბა ინანეიშვილს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ ლომინაძის, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის, პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ოქროს მედლისა და ძიუდოში ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

პოტსდამში (გერმანია) გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს სახელით მოპოვებული ორივე ოქროს მედალი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის ბაკალავრს - ზაურ (ზაზო) დვალაშვილსა და სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრს - საბა ინანეიშვილს ეკუთვნით. ზაურ დვალაშვილი ევროპის ჩემპიონი 81 კგ წონით კატეგორიაში გახდა, ხოლო საბა ინანეიშვილმა ჩემპიონობა +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობისას მოიპოვა.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს, უნივერსიტეტის საამაყო ფალავნებს, უდიდეს გამარჯვებასა და საერთაშორისო აღიარებას. ზაურს და საბას ვუსურვებთ შეუპოვრობას, ჯანმრთელობასა და კიდევ მრავალ ღირსეულ ასპარეზობას პროფესიონალურ სპორტსა და წარმატებებს სამომავლო პროფესიულ საქმიანობაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სტუდენტები სპორტულ კარიერას კიდევ არაერთი ჯილდოთი გაამდიდრებენ,“ - აცხადებს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.

გერმანიის ქალაქ პოტსდამში, 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში, ზაურ დვალაშვილმა ფინალში ბელგიელ იარნ დუიკს იპონით სძლია და საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ტურნირზე პირველი ოქროს მედალი და ჩემპიონის ტიტული მოუტანა; +100 კგ წონით კატეგორიაში გამართულ ქართულ ფინალზე ევროპის ჩემპიონი საბა ინანეიშვილი გახდა, ვერცხლი კი ძიუდოისტ ირაკლი დემეტრაშვილს ერგო.


სიახლეებში დაბრუნება