საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

12/14/2021

 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არჩილ ელიაშვილის სახელობის მართვის სისტემების ინსტიტუტს კიდევ ერთი ღვაწლმოსილი თანამშრომელი გამოაკლდა. გარდაიცვალა ინსტიტუტის მინდია სალუქვაძის სახელობის სისტემების იდენტიფიკაციისა და ოპტიმალური მართვის განყოფილების უფროსი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი, ინსტიტუტის შრომათა კრებულის სარედაქციო კოლეგიის წევრი, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი ვლადიმერ გაბისონია.

 ბატონი ვლადიმერ გაბისონია დაიბადა 1933 წელს. თბილისის 41-ე ვაჟთა საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ მან სწავლა განაგრძო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე.

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე, 1956 წელს ბატონმა ვლადიმერმა მუშაობა დაიწყო ახლად დაარსებულ მართვის სისტემების ინსტიტუტის (მაშინდელი ელექტრონიკის, ავტომატიკისა და ტელემექანიკის ინსტიტუტი) ოპტიმალური სისტემების განყოფილებაში. მან საინტერესო გზა გაიარა ინჟინრიდან მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობამდე.

ბატონი ვლადიმერი სწავლობდა ქ. მოსკოვის მართვის პრობლემების ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1970 წელს ამავე ინსტიტუტში მან წარმატებით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია “ბეისის გადაწყვეტილების საფუძველზე მართვის სისტემების აგების ზოგიერთი საკითხის გამოკვლევა”. მრავალი წლის განმავლობაში იგი წარმატებით ხელმძღვანელობდა ოპტიმალური მართვის პრობლემების განყოფილებას, სადაც მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა არაერთი მნიშვნელოვანი სამეცნიერო პროექტი. მისი შრომების შედეგები აისახა ასზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში და ორ მონოგრაფიაში.

სამუშაოთა დიდი ნაწილი, ძირითადად, დაფუძნებულია ოპტიმალური მართვის პრობლემების კვლევით საკითხებზე: მრავალკრიტერიული ოპტიმიზაციის თეორია, ექსტრემალურ ამოცანათა ზოგადი თეორია, თამაშთა თეორია, გადაწყვეტილებათა მიღების თეორია, ადაპტური მართვის პრინციპები.

ვლადიმერ გაბისონიას სამეცნიერო კვლევის შედეგები გამოყენებულ იქნა სხვადასხვა დარგებში, კერძოდ: წყლის რესურსების ოპტიმალური განაწილების მოდელი, წყლის გაჭუჭყიანების შეფასება ჟანგბადის კონცენტრაციის გამოანგარიშებით, ექსპერტული ცოდნის შეჯერების მეთოდი (ენერგოსისტემის მაგალითზე), მჭიდროდ დასახლებული რეგიონის წყლით მომარაგების მრავალმიზნობრივი მათემატიკური მოდელი, მრავალკრიტერიული ოპტიმიზაციის მეთოდის გამოყენება ეფექტური მკურნალობის შემთხვევაში, გრძელვადიანი პროგრამის დაგეგმვა შეზღუდული რესურსების პირობებში, STEM სპეციალობებზე სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიური Math-Bringe–პროგრამა, კონფლიქტური სიტუაციების ანალიზი და მათი გადაჭრის გზების კვლევა მრავალკრიტერიული ოპტიმიზაციის და ადაპტური მართვის პრინციპების გამოყენებით.

ბატონი ვლადიმერი იყო უაღრესად განათლებული, ერუდირებული მეცნიერი. კეთილშობილი, პრინციპული, გულისხმიერი და ღირსეული ადამიანი. იგი ძალიან დააკლდება ინსტიტუტს, ოჯახს, მეგობრებს.

მართვის სისტემების ინსტიტუტის თანმშრომლები მუდამ დიდი სითბოთი და სიყვარულით გაიხსენებენ ბატონ ვლადიმერ (ლულუ) გაბისონიას.


სიახლეებში დაბრუნება