მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

სტუ-ში საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სტუ-ში საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

05/30/2022

სტუ-ში საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენის 104 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიება - „საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები - წარსული, აწმყო, მომავალი“ ჩატარდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მრჩევლის, ელდარ ბაირამოვის ხელმძღვანელობით, სტუ-ის ადმინისტრაციისა და ფაკულტეტების პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და საქართველოს აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები.

ღონისძიება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა და აზერბაიჯანის დელეგაციას რესპუბლიკის დღე მიულოცა. მისი თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს საუკუნოვანი მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებს. რექტორი, ასევე, შეეხო საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებში ნაყოფიერ ურთიერთთანამშრომლობას, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს აზერბაიჯანის სხვადასხვა უნივერსიტეტთან აკავშირებს.

„საქართველოს და აზერბაიჯანს აერთიანებს ისეთი გლობალური ენერგეტიკული, სატრანსპორტო და საკომუნიკაციო პროექტები, როგორიცაა: ბაქო-სუფსა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, TRACECA, ბაქო-თბილისი-ყარსი. მნიშვნელოვანია, რომ ორივე ქვეყანას გვაქვს საერთო სტრატეგიული ხედვა. პარალელურად, ორმხრივი სტრატეგიული კავშირები კიდევ უფრო ძლიერდება ისეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, როგორიცაა სუამ-ი, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და სხვა. პოლიტიკური დაახლოება ხდება ეკონომიკური და სამეცნიერო ინტეგრაციის ფონზე და სტრატეგიულ ხასიათს ატარებს. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წვლილი ჩვენს სახელმწიფოებს შორის სამეცნიერო და საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაში. საქართველოში აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ტექნიკურ უნივერსიტეტში რაოდენობრივად ყველაზე მეტი აზერბაიჯანელი ეროვნების სტუდენტი ეუფლება სხვადასხვა სპეციალობებს. სტუდენტებს შორის მრავლად არიან აზერბაიჯანის მოქალაქეებიც. საქართველოს მთავრობის, პირადად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში ჩვენი უნივერსიტეტის სამეცნიერო თანამშრომლობა აზერბაიჯანელ კოლეგებთან გაცილებით მრავალმხრივი გახდება. ამ საკითხში, რა თქმა უნდა, ვეყრდნობით საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს და პირადად ელჩის, მისი აღმატებულება ფაიგ გულიევის თანადგომას “, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩის მრჩეველმა ელდარ ბაირამოვმა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის აღდგენის 104-ე წლისთავი მიულოცა. როგორც მან აღნიშნა, არ არის შემთხვევითი, რომ აზერბაიჯანი და საქართველო ისტორიულად უმნიშვნელოვანეს დღეს თითქმის ერთდროულად აღნიშნავს. ელდარ ბაირამოვმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებიც ორმა ქვეყანამ მრავალი წლის განმავლობაში ერთობლივად განახორციელა.

„მადლობას მოვახსენებ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და მის რექტორს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, დარბაზში მყოფ ორი ქვეყნის სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარებისთვის. ჩვენს ქვეყნებს აერთიანებს ისტორიული წარსული, მეგობრობა, ურთიერთთანამშრომლობა, როგორც ეკონომიკურ, ასევე, სამეცნიერო-საგანმანათლებლო სფეროებში. ჩვენი ორი ერი ყოველთვის გვერდი-გვერდ იბრძოდა თავისი ქვეყნისა და დამოუკიდებლობისათვის, რაც მომავალი თაობისათვის მაგალითი უნდა იყოს“, - განაცხადა ელდარ ბაირამოვმა.

შეხვედრის მონაწილეებს მიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა.

„სასიამოვნო და სიმბოლურია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის 104-ე წლისთავი აღინიშნება. აღსანიშნავია, რომ გუშინ საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩომ გამართა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელზეც ხაზგასმით ისაუბრეს ჩვენს ქვეყნებს შორის განსაკუთრებულ კავშირებსა და მეგობრობაზე. მიმაჩნია, რომ დღევანდელი ღონისძიება გუშინდელის ერთგვარი გაგრძელებაა, რისთვისაც მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის საზოგადოებას. თქვენი დამსახურებით, დღეს აღვნიშნავთ არა მხოლოდ ორი ქვეყნის დამოუკიდებლობის, არამედ მეგობრობისა და თანამშრომლობის დღეს“, - განაცხადა როინ მეტრეველმა.




სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11