მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

05/26/2022

დღეს 26 მაისია - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე!

ამ უდიდეს ეროვნულ დღესასწაულს ვულოცავთ ჩვენს თანამემამულეებს, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებებლებს, ტექნიკურ პერსონალსა და გამორჩეულად, ახალგაზრდებს!

1918 წლის 26 მაისი ახალი ქართული სახელმწიფოს დაბადების დღეა. ქართველმა ერმა, მრავალი თაობის თავდადებული ბრძოლის შედეგად, მოიპოვა უფლება „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს“ და ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო. ამ აქტით საქართველომ მყარად დაიკავა თავისი კუთვნილი ადგილი მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე.

დღეს ჩვენი ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დგას. საქართველო, როგორც არასოდეს, ახლოა ევროპულ სივრცესთან, რაც რეალობად აქცევს, როგორც ჩვენი დიდი წინაპრების, ასევე ჩვენი ხალხის სანუკვარ ოცნებას. ეს არის გზა, რომლის გავლით საქართველო შეძლებს მსოფლიოს ცივილიზებულ სახელმწიფოთა შორის საპატიო ადგილი დაიკავოს, შევძლებთ დავიცვათ სახელმწიფოს მდგრადობა, ტერიტორიული მთლიანობა, ინდივიდუალობა, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპები... და თანამედროვე მაღალ ტექნოლოგიებზე წვდომის შესაძლებლობის გამოყენებით, შეუფერხებელი განვითარების ორბიტაზე გავიდეთ.

აღსანიშნავია იმ ისტორიული მოტივატორის არსებობაც, რაც აძლიერებს საქართველოს სწრაფვას დიდი ევროპული ოჯახისკენ - ერთ-ერთი პირველი, ვინც ევროინტეგრაციის და ევროპულ ქვეყნებს შორის საზღვრების მოშლის იდეა წამოაყენა, ჩვენი სახელგანთქმული წინაპარი, პროფესორი მიხეილ მუსხელიშვილი, იგივე მიშელ მუსხელი იყო. მას ღრმად სწამდა, რომ საქართველო თავისი კულტურით, განვითარების ისტორიითა და ტოლერანტობის პრინციპების ერთგულებით ძალიან ახლოს დგას ევროპასთან. პროფესორი მუსხელიშვილი აღნიშნავდა, რომ აქედანვე უნდა ვიფიქროთ იმ ადგილსა და მისიაზე, რომელსაც დამოუკიდებელი საქართველო ხვალინდელ მსოფლიოში დაიკავებს...

ასწლოვანი ტრადიციების მქონე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჩვენი პროფესორ-მასწავლებლები მთლიანად ვიზიარებთ ამ ხედვას და უნივერსიტეტის დამფუძნებლების სულისკვეთების თანაზიარნი ვასრულებთ ჩვენს მთავარ მისიას - აღუზარდოთ ქვეყანას ღირსეული ახალი თაობა, პასუხისმგებლიანი მოქალაქეები და მაღალპროფესიონალი სპეციალისტები, რათა მკვიდრად ვაშენოთ დამოუკიდებელი საქართველოს თავისუფალი მომავალი.

 

კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

#ესდღეჩვენია

 

დავით გურგენიძე,

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი

 



სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11