საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სტუ-ის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძისა და საქართველოში იაპონიის ელჩის, მისი აღმატებულება იმამურა აკირას შეხვდა შედგა.
შეხვედრას, რომელიც გაცნობით ხასიათს ატარებდა ესწრებოდნენ სტუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი კარლო კოპალიანი, სტუ-ის სენატის სპიკერი ჯემალ გახოკიძე, სტუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი დევი ხვედელიანი, გრანტების მომსახურების ოფისის ხელმძღვანელი ლევან ხეცურიანი და ინფორმატიკისა და მართვის სისტემების დეკანი თამარ ლომინაძე.
სტუ-ის რექტორმა დავით გურგენიძემ საქართველოში იაპონიის ელჩს გააცნო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესები, ესაუბრა იმ კონტაქტებსა და ურთიერთთანამშრომლობის შესახებ, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონიასთან აკავშირებს.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ასწლოვანი ისტორიის მქონე უმაღლესი საინჟინრო სკოლაა, რომელსაც იაპონიასთან აკავშირებს მრავალწლიანი ურთიერთთანამშრომლობა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იაპონიის სოკენდაის ეროვნულ უნივერსიტეტთან (SOKENDAI) ურთიერთთანამშრომლობის სამი მემორანდუმს აქვს გაფორმებული, რაც, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში. მემორანდუმები მოიცავს სოკენდაის და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტებს შორის სამომავლო სამეცნიერო კოლაბორაციის გაღრმავებისა და თანამშრომლობის თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლის საკითხებს.საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქტიურადაა ჩართული ისეთ საერთაშორისო პროექტებში, რომლებიც, ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ტექნიკური უნივერსიტეტისთვის, არამედ საქართველოსთვის. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციის (KEK) პროფესორთან და COMET- ექსპერიმენტის მენეჯერთან სატოში მიჰარასთან. ჩვენი მეცნიერები მოღვაწეობენ იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლების კვლევითი ორგანიზაციაში. ვფიქრობ, დრევანდელი ჩვენი შეხვედრა, ბატონო ელჩო, კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს“, - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.
საქართველოში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ სტუ-ის რექტორს, დამსწრე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა. იმედი გამოთქვა, რომ სამომავლოდ არაერთი პროექტი განხორციელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საელჩოს ურთიერთთანამშრომლობით.
„ჩვენ აღფრთოვანებული ვართ საქართველოს ისტორიითა და კულტურული მემკვიდრეობით. როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, ჩვენ თქვეს ქვეყანას ვუჭერდით მხარს, რომელსაც დღემდე ვაგრძელებთ. 600-ზე მეტი ქართველი იყო მიწვეული იაპონიაში, რათა მათ გაევლოთ ტრენინგი, ასევე ვახორციელებთ არაერთ საგრანტო პროექტს. ჩვენ დაინტერესებული ვართ მეტი ადამიანი მივიწვიოთ საქართველოდან იაპონიაში და - პირიქით. ძირითადად აუცილებელია იაპონიის ცოდნა, ამიტომ ბევრი დაინტერესებული პირი არაა ჩართული იმ პროექტებში, რასაც იაპონიის მთავრობა ახორციელებს“, - განაცხადა საქართველოში იაპონიის ელჩმა იმამურა აკირამ.
სტუ-ის რექტორმა საქართველოში იაპონიის ელჩს გააცნო უნივერსიტეტის პოზიცია. მისი თქმით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მზადაა ადგილობრივ ბაზაზე სეიქმნას იაპონური კულტურის ცენტრი, მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტს აქვს 10 წლიანი გამოცდილება ლიეტუვური კულტურის ცენტრის მაგალითზე. იმამურა აკირამ მზადყოფნა გამოთქვა უნივერსიტეტთან ამ იდეის განსახორციელებლად თანამშრომლობისთვის.
სტუ-ის რექტორმა საქართველოში იაპონიის ელჩს საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას ინფორმაციული ტექნოლოგიების ლაბორატორიული კომპლექსის მუშაობა გააცნო. ელჩს ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესების შესახებ ესაუბრა სტუ-ის კვანტური ფიზიკისა და საინჟინრო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, პროფესორი ზვიად წამალაიძე.
შეხვედრის დასასრულ, სტუ-ის რექტორმა საქართველოში იაპონიის ელჩი მიიწვია ოქტომბრის თვეში უნივერსიტეტის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე. თავის მხრივ მისმა აღმატებულება იმამურა აკირამ პროფესორი დავით გურგენიძე იაპონურ ფესტივალზე მიიწვია, რომელიც აგვისტოში გაიმართება საქართველოში.
ინფორმაციისთვის, სტუ-ის რექტორი და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები მიწვეულნი არიან იაპონიაში SOKENDAI- უნივერსიტეტში. ვიზიტი სექტემბრისთვისაა დაგეგმილი.