მიმდინარეობს ვებ-გვერდის განახლება

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 100 წელი შეუსრულდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს 100 წელი შეუსრულდა

01/16/2022

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 100 წლის გახდა. საუკუნოვანი იუბილესადმი მიძღვნილი პირველი საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ესწრებოდნენ.

საზეიმო ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და საქართველოს სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები. სტუმრებს უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დავით გურგენიძესთან ერთად, ვიცე-რექტორი ლევან კლიმიაშვილი, კანცლერი კარლო კოპალიანი, წარმომადგენლობითი საბჭოს სენატის სპიკერი ჯემალ გახოკიძე, სტუდენტური სერვისების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი, სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე გიორგი ნანიტაშვილი და სტუდენტები მასპინძლობდნენ.

„ ბედნიერი ვარ, რომ დღეს წარმოვადგენ იმ უნივერსიტეტს, რომლის კურსთდამთავრებულებმაც 100 წლის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს საინჟინრო და ტექნიკურ მეცნიერებათა საქმეში, ქვეყნის ეკონომიკურ, სოციალურ თუ კულტურულ განვითარებაში. წარმოვადგენ უნივერსიტეტს, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე თამამი ჩანაფიქრის - „ენგურჰესის“ მშენებლობიდან დაწყებული, კოსმოსში პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის - რეფლექტორის გაშვებით დამთავრებული, ქვეყნისათვის არაერთი საამაყო პროექტი განახორციელა. ეს დღე უმნიშვნელოვანესია, რადგან ტექნიკური უნივერსიტეტის დაფუძნებით საფუძველი ჩაეყარა კავკასიისა და საქართველოს უმაღლეს ტექნიკურ განათლებას.“- განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მეცნიერებისა და განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მისალოცი სიტყვით მიმართეს.

„ თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღიდან დაარსებისა, ამ უნივერსიტეტის სახელთანაა დაკავშირებული აღმშენებლობის ყველა პროცესი საქართველოში.ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება. უნივერსიტეტი უმაღლესი დონის პროფესიონალთა მომზადებისა და ტექნიკური მეცნიერებების განვითარების მხრივ რეგიონში აღიარებულ ლიდერად რჩება. იგი ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის ინჟინერ-მშენებლებს, რკინიგზელებს, სამთო დარგის სპეციალისტებსა და გეოლოგებს, არიქიტექტორებს, ენერგეტიკოსებს, ქიმიკოსებს, კავშირგაბმულობის სპეციალისტებს. დღეს ამ უნივერსიტეტში საინჟინრო და ტექნოლოგიურ სპეციალობებს 20 000-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება.“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიმდინარე მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც:

„ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს ვულოცავ სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებსა და კურსდამთავრებულებს. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი დღე. სიმბოლურად ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩვენ დღეს დავაფუძნეთ უაღრესად მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევითი საგრანტო პროგრამის Horizon Europe-ის ოფისი. ასევე, წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაიწყება ტექნიკური უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსის სრული რეაბილიტაცია. პანდემიის გამო მთავარი საიუბილეო ღონისძიება ოქტომბერში ჩატარდება.“

საზეიმო ღონისძიებაზე მიწვეული სტუმრებისათვის მოეწყო საარქივო მასალებისა და სტუ-ის მიმდებარე სარეკრეაციო ზონის მოწყობის გეგმის მოდელირებული ესკიზების გამოფენა. ასევე დიღომში მშენებარე ჰიდროტექნიკისა და ჰიდრავლიკის სამეცნიერო-სასწავლო კვლევითი ლაბორატორიის პრეზენტაცია.

სტუმრებთან ერთად უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული კორპუსის მიმდებარე სკვერში მომავლის სტუდენტებისთვის კაფსულაც ჩადეს, რომელიც 2072 წელს, 150 წლის იუბილეზე გაიხსნება. გზავნილში სამომავლო სურვილებია გადმოცემული.

საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, უნივერსიტეტი მთელი წლის მანძილზე კიდევ არაერთი ღონისძიების გამართვას გეგმავს. მთავარი საიუბილეო ღონისძიება კი, ახალი სასწავლი წლის დაწყებისას, ოქტომბრის თვეში ჩატარდება.

100 წლის იუბილეზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, ტექნიკურ უნივერსიტეტს განათლებისა და მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის აღორძინებაში შეტანილი გამორჩეული წვლილისათვის, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო – წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა.


სიახლეებში დაბრუნება

0322 77 11 11