საქართველო - 2022: პიორიტეტები და რესურსები
„საქართველო - 2022: პიორიტეტები და რესურსები“
პრეზენტაცია სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
22 ნოემბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახ. საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მიწის, ტყისა და წყლის განყოფილების გამგის, გამოყენებითი ანალიტიკისა და პროგნოსტიკის ცენტრის ხელმძღვანელის გივი თალაკვაძის პრეზენტაცია: „საქართველო - 2022: პიორიტეტები და რესურსები“.
აღინიშნა, რომ საქართველოს ძირითადი პრიორიტეტები ზოგადად, ისეთივეა, როგორც ყველგან: ქვეყნისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა. წარმატებას ის ქვეყნები აღწევენ, რომლებიც თავისი მიზნებისა და საკუთარი შესაძლებლობების დაბალანსებას უნარს ამჟღავნებენ, ანუ უზრუნველყოფენ მდგრადი განვითარებისათვის პირობების ჩამოყალიბებას, რაც ბევრად არის დამოკიდებულია მათი ინტეგრალური რესურსების სტრუქტურასა და მახასიათებლებზე, მათი მართვის ეფექტიანობის ხარისხსა და გამოყენების ოპტიმიზაციაზე.
საქართველოს უმთავრესი სტრატეგიულ ინტეგრალური რესურსები გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და მნიშვნელოვანი მარაგებით და, რაც მთავარია, ისინი არ შემოიფარგლება მხოლოდ სასმელი და მინერალური წყალით, საკმაოდ მნიშვნელოვანი და მრავალსახა მინერალური, ჰიდროენერგეტიკული, მეტალურგიული, ქიმიური, სატყეო, რეკრეაციული და ტურისტული რესურსებით - თუმცა ყოველ მათგანს საერთო სახელმწიფოებრივ წინსვლასა და მოსახლეობის დასაქმებასა და მისი ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანა უთუოდ შეუძლია.
სადღეისოდ ჩამოყალიბებული რეალობის გათვალისწინებით საქართველოს უმთავრესი რესურსებია:
1. გეოსტრატეგიული რესურსი, რომლის ძირითადი მდგენელია პოლიტიკურად მნიშვნელოვანი და ეკონომიკურად მაღალ რენტაბელური კომუნიკატორის (და არა „დერეფნის“ და „ხიდის“) ფუნქციის მოპოვება და განვითარება;
2.პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სამართლებრივი გარანტიების რესურსებისა და ნების მქონე ქვეყნად აღიარება, რაც მსხვილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოპოვების უმთავრესი ფაქტორია, რის გარეშეც პრაქტიკულად გამორიცხულია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და მისი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის ამაღლება;
3.„ნეოინდუსტრიული“ ეპოქის, რომლის საწყისს ეტაპზე ვიმყოფებით, გამოწვევების გადამწყვეტი წინმსწრები ინიციატივებისა და მაღალ ეფექტიანი პროექტების ოპერატიული შემუშავება და რეალიზება (ინტეგრალური რესურსების პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენება, ქვეყნის საპროექტო მართვის სისტემის შემუშავება და ამოქმედება, სასურსათო, ეკოლოგიური და სხვა გლობალური და რეგიონული მასშტაბის პრობლემათა გადაწყვეტაში აქტიური მონაწილეობა).
პრეზენტაციაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ახალ გლობალურ რეალობაზე რომელსაც ხშირად “ახალ გლობალურ წესრიგს” უწოდებენ. აღინიშნა, რომ ეს უკვე შემდგარი ფენომენია, რომელიც ხასიათდება რიგი თავისებურებებით და შედეგია, იმ პროცესებისა, რომლის საწყისები მე-20 საუკუნის 75-80-იანი წლების პერიოდზე მოდის, ბოლო ეტაპის დასაწყისი 2008 წელი იყო, ხოლო საბოლოოდ ჩამოყალიბება 2022-2024 წლებშია მოსალოდნელი.
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი საკითხების განხილვაში მონაწილეობა მიიღეს კომპანია “ISG-2055” MBH (გერმანია)-ის პრეზიდენტი, მწვანე ენერგიის კონვერსიის ინსტიტუტის დირექტორი დავით მორჩილაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრები: პროფესორები მურმან კვარაცხელია, მადონა გელაშვილი, ვლადიმერ ბასარია. გურამ მარხულია, დაზმირ ჯოჯუა, ნოდარ დარსანია, დავით ზაქარაია, იური პაპასქუა, ნინო ქეცბაია, ირმა დიხამინჯია.
გადაწყდა, რომ პრეზენტაცია „საქართველო - 2022: პიორიტეტები და რესურსები“ გამოქვეყნდეს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომათა კრებულში.