გიორგი მაღალაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის დაჯილდოვდა ,,ოქროს მედლით’’.
05.10.2022 საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სიმპოზიუმი გაიმართა.
საიუბილეო სიმპოზიუმს ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოსა და ევროპის უნივერსიტეტების წარმომადგენლები, აგრეთვე, საპატიო სტუმრები საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებიდან, მათ შორის, ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) და იაპონიის მაღალი ენერგიების ამაჩქარებლის კვლევითი ორგანიზაციის (KEK) მეცნიერები.
სიმპოზიუმზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა, საერთაშორისო სტუდენტური ჰიმნის (Gaudeamus Igitur) თანხლებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაარსების ისტორიული დოკუმენტები წარმოადგინეს. საიუბილეო სიმპოზიუმი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ გახსნა. სტუ-ის რექტორი მოწვეულ საზოგადოებასა და უნივერსიტეტის საპატიო სტუმრებს მიესალმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობასა და განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, სასწავლო და სამეცნიერო პროცესების მხარდაჭერისათვის ცნობილ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. რექტორმა უნივერისტეტის „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა სტუ-ის აკადემიური და სამეცნიერო წრეების ღვაწლმოსილი თანამშრომლები, ასევე, უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტუ-ის „ოქროს მედალი“ ქართველ და უცხოელ მეცნიერებს გადასცა.
სასიამოვნო და აღსანიშნავი ფაქტია, რომ ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მინერალური და ენერგეტიკული რესურსების განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფსორი გიორგი მაღალაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის დაჯილდოვდა ,,ოქროს მედლით’’.
ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის ადმინისტრაცია და მთელი კოლექტივი გულითადად ულოცავს ბატონ გიორგის დამსახურებულ ჯილდოს და უსურვებს დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მომავალ შემოქმედებით წარმატებებს.