მომავლის პერსპექტივებისა და პროგნოზების შესახებ
გივი თალაკვაძე
ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი. ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალების და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის განყოფილების გამგე,
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გამოყენებითი ანალიტიკისა და პროგნოსტიკის ცენტრი, ხელმძღვანელი
გიორგი თალაკვაძე
კომპანია „გეორესურსი“, დირექტორი
მომავლის პერსპექტივებისა და პროგნოზების შესახებ
რეზიუმე
სამეცნიერო-ტექნოლოგიური და ინფორმაციული პროგრესის მიღწევები ქმნიან დღევანდელთან შედარებით გაცილებით „საშიშ მსოფლიოს“, თუმცა, ამავე დროს გენერირებენ უფრო მეტ შესაძლებლობებს მისი განვითარებისთვის.
მიმდინარეობს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანება, მათი უფლებების და შესაძლებლობების გაფართოების პროცესი, მაგრამ იგივე პროცესი იწვევს ისეთ ძლიერ რყევებს, როგორიც იყო 2008 და 2021-2022 წლების საფინანსო კრიზისები, ევროკავშირის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების გამწვავება, რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირება.
ცხადი ხდება, რომ ეკონომიკა, რომელიც სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრესთან შედარებით გაცილებით მეტი ინერციულობით გამოირჩევა, სულ უფრო ხშირად სასურველი ერთდროულობით ვერ მიყვება ამ პროგრესს. ზოგადი მსჯელობები, დისკუსიები და თეორიები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე კარგავს თავის აქტუალობას და რეალიზაციის პერსპექტივებს.
წინა პლანზე გამოდის რადიკალური პრაგმატიზმი, რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში კაცობრიობის სტაბილური საარსებო პირობების ჩამოყალიბებისა და
შენარჩუნების,მდგრადი გლობალური და რეგიონული განვითარების უმთავრეს
ფაქტორად ჩამოყალიბდება. შესამჩნევად სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუციების გავლენები და ეფექტიანობა. ეჭვის ქვეშ დგება ზოგიერთი მათგანის საჭიროებაც კი.
Resume
Advances in scientific-technological and information progress create a much more "dangerous world" than today, but at the same time generate much more opportunities for its development.
Different groups of people are being united, the process of expanding their rights and capabilities, but the same process is causing strong fluctuations, such as the Financial crises in 2008 and 2021-2022, aggravation of EU socio-economic problems, Russian-Ukrainian military confrontation.
It is already becoming clear that economics, which is characterized by much more inertia compared to scientific and technological progress, is increasingly failing to keep pace with this progress. General reasoning, discussions, and theories on political, economic, and social problems are losing their relevance and prospects for realization.
At the forefront is radical pragmatism, which in the coming years to establish a stable living conditions for humanity and Sustainability and formed as a key factor of sustainable global and regional development. The influence and effectiveness of international institutions is clearly weakening. The need for some of them is even questioned.
რა ელის მსოფლიოს და კერძოდ საქართველოს უახლოესი პერიოდის განმავლობაში? პროგნოზები ზოგადად რთული და სარისკო სფეროა, განსაკუთრებით არასტაბილური და თვისობრივად ახალი გლობალური მოვლენების ზვავისებური ფორმირების პერიოდში.
დღეს მსოფლიოში 7000 -მდე ანალიტიკური ცენტრია. გასული საუკუნის 70-80-იან წლებში მათი რაოდენობა ასის ფარგლებში იყო. მათ შორის 50-60-ს -აღიარებული უმაღლესი კვალიფიკაცია გააჩნდა. ასეთი ცენტრების ექსპერთა შეფასების და მოსაზრებების ე.წ. „კრებსითი“ დასკვნა შეიძლება ასე ჩამოყალიბდეს: გლობალური პროცესები უნდა განხილული იყოს მსოფლიო განვითარების პარადოქსის კონტექსტში.
ამ პარადოქსის არსი ის არის, რომ სამეცნიერო-ტექნოლოგიური და ინფორმაციული პროგრესის მიღწევები ქმნიან დღევანდელთან შედარებით გაცილებით „საშიშ მსოფლიოს“, თუმცა, ამავე დროს გენერირებენ გაცილებით მეტ შესაძლებლობებს მისი განვითარებისთვის.
ერთის მხრივ, მიმდინარეობს ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფების გაერთიანება, მათი უფლებების და შესაძლებლობების გაფართოების პროცესი, მაგრამ იგივე პროცესი იწვევს ისეთ ძლიერ რყევებს, როგორიც იყო 2008 წლის საფინანსო კრიზისი, „არაბული გაზაფხული“, პოპულისტური პოლიტიკის გლობალური აღზევება, ევროკავშირისთვის მომაკვდინებელი მიგრაციული პროცესები, „ბრექსიტი“, რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირება, რომელიც ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა და რამაც ამ სახელმწიფოთა ურთიერთობათა ისტორიისთვის სრულიად ანომალური და უპრეცედენტო ხასიათი შეიძინა.
ეს რყევები აჩვენებენ პროგრესის მიღწევების სიმყიფეს და ამავე დროს ხაზს უსვამენ მსოფლიოს ზოგად სურათში ღრმა ცვლილებების აუცილებლობასაც, რაც საკმაოდ რთული მომავლის წინასწარმეტყველების საფუძველს ქმნის.
განვითარების მიმდინარე ეტაპის ერთ-ერთი საკვანძო საკითხია - რა იქნება უახლოესი მომავლისათვის უპირატესი: „დაპირებები“ თუ „მუქარები“. მისი გადაწყვეტა კი მთლიანად ადამიანების არჩევანზეა დამოკიდებული.
უკვე ცხადი ხდება, რომ ეკონომიკა, რომელიც სამეცნიერო-ტექნოლოგიურ პროგრესთან შედარებით გაცილებით მეტი ინერციულობით გამოირჩევა, სულ უფრო ხშირად სასურველი ერთდროულობით ვერ მიჰყვება ამ პროგრესს. ციფრული ტექნოლოგიები, რობოტოტექნიკა, ხელოვნური ინტელექტი და ინტუიცია, ბიოტექნოლოგიები, გენური ინჟინერია და სხვა სიახლეები, რომლებიც უკვე იწვევენ და მომავალში კიდევ უფრო სწრაფად და ძლიერად გამოიწვევენ განვითარების ტემპების ამაღლებას, იმავდროულად განაპირობებენ ისეთ პროცესებს, როგორიცაა უმუშევრობის ზრდა, სოციალური უთანასწორობა, მაღალი და დაბალი ხარისხის ადამიანებად, ადამიანთა ჯგუფებად, სახელმწიფოებად დაყოფა. ძლიერდება პოპულიზმი, ნაციონალიზმი, ეკონომიკური და პოლიტიკური დესტაბილიზაციის გამომწვევი მასობრივი თვითგამორკვევის სურვილები.
უკვე გაჩნდა და ამუშავდა ახალი ინფორმაციული, საფინანსო, ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო ტექნოლოგიები, რომელთაც უნარი აქვთ სერიოზული ზიანი მიაყენონ ეროვნულ სუვერენიტეტებს იმ საკითხებში, რომლებიც ეხება ადამიანთა ცხოვრების საფუძვლებს, მათი არსებობის უზრუნველმყოფელ საშუალებებს, მათ უსაფრთხოებას.
2022 წლიდან მოსალოდნელია იმ საკვანძო ვექტორების გამოკვეთა და ჩამოყალიბება, რომლებიც საფუძველს ჩაუყრიან ტრადიციულისგან განსხვავებულ ცნობიერებას, აზროვნებას და პრაქტიკას. ამავე დროს, ცხადი ხდება, რომ მეოცე საუკუნისთვის დამახასიათებელი ზოგადი მსჯელობები, დისკუსიები და თეორიები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებზე კარგავს თავის აქტუალობას და რეალიზაციის პერსპექტივებს. წინა პლანზე გამოდის რადიკალური პრაგმატიზმი, რომელიც უახლოესი წლების განმავლობაში კაცობრიობის სტაბილური საარსებო პირობების ჩამოყალიბებისა და შენარჩუნების, მდგრადი გლობალური და რეგიონული განვითარების უმთავრესი ფაქტორი გახდება.
ამავე დროს, აშკარად სუსტდება საერთაშორისო ინსტიტუციების ავტორიტეტი, გავლენები და ეფექტიანობა. ეჭვის ქვეშ დგება ზოგიერთი მათგანის საჭიროებაც კი.
ყოველივე ამის გათვალისწინებით, საქართველო უფრო თამამად და მტკიცედ უნდა აგენერირებდეს ახალ რეგიონალურ და გლობალურ ინიციატივებს, საერთაშორისო ინსტიტუციებთან თანამშრომლობით ახორციელებდეს მათ რეალიზაციას, მით უმეტეს რომ ახალი ინიციატივების ავტორობა სულაც არ გულისხმობს იმას, რომ ინიციატორი ქვეყანა მხოლოდ საკუთარი რესურსებით უზრუნველყოფს მათ დანერგვას.
საქართველოს ისტორიულ-კულტურული და გეოპოლიტიკური რესურსები, მისი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალი კარგი საფუძველია საერთაშორისო თანამეგობრობის პრიორიტეტული პროექტების განვითარების ხელშემწყობი მრავალი ეკოლოგიური, ეკონომიკური და შემეცნებით-მსოფლხედვითი ინოვაციებისთვის ხელსაყრელი პირობების ჩამოსაყალიბებლად.
ყოველივე ეს განსაკუთრებულ აქტუალობას იძენს დღეს, როდესაც წამყვანი სახელმწიფოების უმთავრესი ინტერესები საკუთარ, ტრადიციულად არსებულ და
ახლად წარმოქმნილ პრობლემებზე კონცენტრირდება და მიმდინარე საერთაშორისო პოლიტიკაზე მათი ყურადღებაც და გავლენაც მცირდება. აღსანიშნავია, რომ ამ საკითხებზე მსხვილი საერთაშორისო კორპორაციების გავლენის ხარისხის შესახებ ბოლო წლებისთვის დამახასიათებელი ჰიპერტროფიული შეფასებებიც, გარკვეულად კარგავს თავის აქტუალობას.
სულ უფრო მკვიდრდება მოსაზრება იმის შესახებ, რომ საერთაშორისო ურთიერთობათა მართვის სადავეები გარკვეული ჯგუფის (სისტემის) ხელში კონცენტრირდება. განსაკუთრებული დამაჯერებლობით ეს გამოაშკარავდა უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე, როდესაც ადგილი ჰქონდა ევროკავშირის სივრცეში დისონანსური პროცესების განვითარებას, გლობალური რესურსების მართვის სისტემებში შექმნილ წინააღმდეგობების გამწვავებას, როდესაც არ მოხდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შეჩერება საქართველოში, მოლდავეთში, სირიაში და განსაკუთრებით - უკრაინაში.
სავარაუდოდ, 2020-2025 წლები გამორჩეული იქნება ახალი ეკონომიკური რყევებით, პოლიტიკური დაპირისპირებებით, სოციალური პროტესტებითა და კონფლიქტებით, რაც გლობალური განვითარებისთვის ორ ქვეტექსტს ქმნის:
პირველი:
აღნიშნულის გამო, მაღალი ალბათობით, განვითარებადი სამყაროს მრავალი დადებითი ტენდენცია (ციფრული ტექნოლოგიები, ნეირონული ქსელები, ხელოვნური ინტელექტი და ინტუიცია და ა.შ.) სათანადო ყურადღების მიღმა დარჩება.
მეორე:
ახალმა რეალობამ, შესაძლოა ასევე ყურადღების მიღმა დატოვოს ზრდაზე შეთანხმებული კონცენტრაციის საჭიროება და ყურადღება მოაკლოს იმ ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა შეუქცევად მდგრად განვითარებამდე მიგვიყვანდა (მხედველობაშია არა მხოლოდ გაეროს მიერ დეკლარირებული ცნობილი, განვითარების „17 მიზანი“, არამედ გაცილებით უფრო „მიწიერი“, მსოფლიოს ქვეყანათა უმეტეს ნაწილში მიმდინარე მრავალმხრივი და ყურადღებამისაქცევი, განვითარების მიმდინარე ეტაპზე ბუნებრივად წარმოქმნილი თუ ხელოვნურად ინიცირებული ტენდენციები).
საერთაშორისო ეკონომიკური რეალობისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია ტრანსნაციონალური კორპორაციების დაბეგვრა. ამ კომპანიების დაბეგვრის მოქმედი ჩარჩო დიდი ხანია რაც მოძველდა, რადგან თავის დროზე ის შეიქმნა სულ სხვა ეპოქის თავისებურებათა გათვალისწინებით. სულ უფრო მეტი არამატერიალური აქტივების მქონე კომპანიების აღზევებამ გაუადვილა მათ არსებული საგადასახადო სისტემის ნაკლოვანებების გამოყენება და კოლოსალური მოგებების ოფშორულ ზონებში გადაქაჩვა. სულ უფრო მეტი ქვეყნების მთავრობები, ექსპერტები და მოქალაქეები ამასთან დაკავშრებით აქტიურად გამოთქვამენ ღია უკმაყოფილებას და საგადასახადო მაქინაციებში ბრალს სდებენ ისეთი გიგანტებს, როგორიცაა Google, Amazon, Facebook, Apple და ა.შ.
დიდი ოცეულის მხარდაჭერით ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების ორგანიზაცია ამ ვითარების შესწავლას სათავეში 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ ჩაუდგა, რაშიაც ათეულობით ქვეყანა აქტიურად ჩაერთო.
რა არის ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოსთვის მნიშვნელოვანი?
საქართველო შეიძლება გამოვიდეს ახალი ტიპის ოფშორული სივრცის შექმნის ინიციატივით. ძირითადი განსხვავება მსოფლიოში ამჟამად არსებულ 100-ზე მეტი სხვადასხვა მასშტაბის და რეპუტაციის ოფშორული მოედნებიდან იქნება მის ჩარჩოებში მიმდინარე ყველა სახის ოპერაციის გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი მონიტორინგი და როგორც მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის, ასევე ნაკლები მასშტაბის კომპანიებისთვის ერთიანი, უნიფიცირებული საგადასახადო რეჟიმების ჩამოყალიბება.
ამ გზით საქართველოში მოზიდული იქნება არა მხოლოდ მსხვილი საფინანსო რესურსები, არამედ განხორციელდება მათი მომსახურებაც, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის მიერ წარმოებულ „პროდუქტად“ ტრანსფორმირდება, ამ მომსახურების შემძენსაც და მიმწოდებელსაც მრავალი სახის ეკონომიკურად სასარგებლო შედეგებს მოუტანს და მათი საერთაშორისო პრესტიჟისა და საქმიანი რეპუტაციის ასამაღლებლად იმუშავებს.
გლობალურ ეკონომიკას, მრავალ ქვეყანას მწვავე პრობლემები შეუქმნა პანდემიამ კოვიდ-19. იმის იმედზე ყოფნა რომ პანდემიის გავრცელების ტემპებმა იკლო და გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების, უფრო სწორად კი მისი კრიზისამდელ პირობებში დაბრუნება დაიწყო - ან გულუბრყვილობაა ან, რაც უფრო ახლოსაა რეალობასთან, მოსახლეობის პესიმისტური განწყობებისა და არაპროგნოზირებადი რეაქციების შესასუსტებლად გამოყენებული ერთგვარი პროგნოზული ფანდია.
საქმე ის არის, რომ პანდემიამ, თანმხლებმა პროცესებმა და მოვლენებმა იმდენად შეარყია არსებული სოციალური, ეკონომიკური, მენტალური და ფსიქო-ფიზიოლოგიური რეალობის საყრდენები და იმდენად გამოაჩინა ამ საყრდენების არცთუ მაღალი საიმედოობა, რომ უკვე აქტიურად მიდის მსჯელობა არა „ძველი“ ვითარების აღდგენის შესახებ, არამედ მომავალი პრაგმატული შინაარსის მქონე ურთიერთობების შესაბამისი, სრულიად ახალი კონსტრუქციების აგებაზე.
ნიშანდობლივია ისიც, რომ 2020-2022 წლებში სხვა ატიპიური და საშიში პროცესების განვითარებასთან ერთდროულად, მკაფიოდ გამომჟღავნდა კაპიტალისტური წარმოების წესისადმი და მთლიანობაში კაპიტალიზმისადმი - როგორც ათწლეულების განმავლობაში წარმატებული სოციალურ-ეკონომიკური ფორმაციისადმი კრიტიკული გააზრების მოთხოვნილების გაძლიერება.
დებატები თავისუფალი ბაზრის პრონციპებზე დაფუძნებული მომავლის შესახებ უკვე მთელ მსოფლიოში აქტიურად მიმდინარეობს. ევროკავშირის პრობლემების, ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პოლიტიკის, ჩინეთის, ყველაფრის მიუხედავად, მძლავრი წინსვლითი განვითარების ფონზე, უახლოესი წლები იქნება ის პერიოდი, როდესაც მკაფიო და ცალსახა პასუხი გაეცემა კითხვას: რა არის მომავალი მსოფლიოსთვის უფრო მნიშვნელოვანი და პოზიტიური შედეგების მომტანი - სახელმწიფო პროტექციონიზმის, სტრატეგიული ინვესტიციების, ქვეყნის საშინაო პოლიტიკის გადაწყვეტაში გეგმიური ეკონომიკის ელემენტების გაძლიერების სიმბიოზი თუ თავისუფალი ვაჭრობის პრინციპებზე დაფუძნებული თვითრეგულირებადი საბაზრო ეკონომიკა.
მიმდინარე გლობალური ცვლილებების აჩქარება და ცხოვრების ყველა სფეროზე მათი გავლენის ზრდა ყველაზე რადიკალურ პროგნოზებსაც კი ანგრევს.
პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, ეკოლოგიური, მსოფლხედვითი პროცესების სივრცეებიდან განვითარების ერთიანი, უნივერსალური პროცესის სივრცეში გადასვლა, მკვეთრი პოლიტიკური დესტაბილიზაცია, საერთაშორისო სტრუქტურების, მსხვილი ტრანსნაციონალური კონგლომერატების, ცალკეული მაღალი სამოქალაქო გავლენების მქონე პიროვნებების განცხადებები და მოქმედებები აყალიბებენ მსოფლიოს განვითარების სრულიად ახალ დღის წესრიგის, რომლის ძირითადი ავტორებიც და აქტორებიც როგორც 2020-2022 წლების მოვლენების ანალიზმა დაგვანახა, მათ მიერვე გენერირებულ ურთიერთობათა და თანამშრომლობის ახალ სივრცეებში ვერც წინა პერიოდების დროს შეძენილ გამოცდილებას და ვერც მათ ხელთ არსებულ ეკონომიკურ რესურსებსა და ბერკეტებს ჩვეული ეფექტიანობით ვეღარ გამოიყენებენ.
საქმე გვაქვს კაცობრიობის განვითარების თვისობრივად განსხვავებულ, უპრეცედენტო ეტაპის საწყის სტადიასთან.
ამჟამად, მთავარი ამოცანაა ამ ეტაპში, შეძლებისდაგვარად, ნაკლები დანაკარგებით შესვლა და მასში არსებობისა და განვითარებისათვის აუცილებელი ადაპტაცია.
პანდემია კოვიდ-19, რომლის სრული და საყოველთაო ლიკვიდაცია სათუო ხდება და რომელიც ხსენებული გლობალური წესრიგის ერთ-ერთ მუდმივმოქმედ კომპონენტად გადაქცევაზე აცხადებს პრეტენზიას, ყველა ნეგატიურ შედეგებთან ერთად შეიცავს ერთ პოზიტიურ შედეგსაც: ადამიანებმა მიიღეს მკაფიო სიგნალი თვითგადარჩენის და თვითგანვითარებისათვის ახალი გზების და და მეთოდების მოძიების აუცილებლობასთან დაკავშირებით.
საქართველო, რომელიც იმის მიუხედავად, რომ ახალი რეალობის ჩამოყალიბებასა და შესაბამის გამოწვევებში პასიურ მომაწილეთა შორისაა, სრულად იგრძნობს მისი ზემოქმედების ყველა შედეგს, რისთვისაც მომზადებაა საჭირო.
რას გულისხმობს ასეთი მომზადება?
ცხადია, რომ არც პოლიტიკურ, არც სამხედრო და არც მეგა-ეკონომიკურ სივრცეებში წონადი ფუნქციების შესრულება ჩვენს ქვეყანას არ შესწევს.
მიმდინარე ეტაპზე საქართველოს განვითარების ძირითადი საკითხია - მისი პრიორიტეტების განსაზღვრა და საკუთარი ინტეგრალური რესურსების გამოყენების ოპტიმიზაცია.
ძირითადი პრიორიტეტები ზოგადად, ისეთივეა, როგორც სხვაგან: ქვეყნისა და მისი მოსახლეობის უსაფრთხოებისა და განვითარების უზრუნველყოფა. მაგრამ საქართველოს, მრავალი სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ ამოცანების გადასაწყვეტად საკუთარი, ჯერ-კიდევ არასათანადოდ გამოყენებული ინტეგრალური რესურსები გააჩნია.
რომელ ინტეგრალურ რესურსებზეა საუბარი?.
ეს არც სასმელი წყალია, არც მნიშვნელოვანი მინერალური რესურსები, არც ერთობ გადაჭარბებული გეოსტრსტეგიული რესურსია და, მით უმეტეს, არც ტურიზმი - თუმცა ყოველ მათგანს საერთო სახელმწიფოებრივ წინსვლასა და მოსახლეობის დასაქმებასა და მისი ცხოვრების დონისა და ხარისხის გაუმჯობესებაში საკუთარი წვლილის შეტანა უთუოდ შეუძლია.
საქართველოს უმთავრესი ინტეგრალური რესურსებია:
უნიკალური საცხოვრისი, რის მიმართაც ყურადღება და რომლის ათვისებასთან დაკავშირებული გეგმები წლებია, რაც ინტენსიურად მუშავდება არა ერთ და არა მხოლოდ მეზობელ და „მეგობარ“ ქვეყნებში;
ბიოაგრარული პროდუქცია, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შედარებითი სიმცირის მიუხედავად, გააჩნია უდიდესი პოტენციალი იმისთვის, რომ გახდეს კონკურენტუნარიანი და ზემოთხოვნადი მსოფლიო ბაზრების რიგ აგრარულ სექტორებში;
მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო ინდუსტრიული კლასტერები, სადაც მრავალფეროვანი ადგილობრივი რესურსების გამოყენების, ეკონომიკურად გამართლებული საგადასახადო რეჟიმებისა და გამოშვებული პროდუქციის თვითღირებულებაში დაბალი ენერგეტიკული, სადაზღვევო და შრომის ანაზღაურების კომპონენტების არსებობის გამო, მიიღწევა რენტაბელობის სტაბილურად მაღალი მაჩვენებლები;
საკურორტო-სარეაბილიტაციო კომპლექსების ქსელი, სადაც ბუნებრივი კლიმატური და ბალნეოლოგიური რესურსების შერწყმა დასვენებისა და მომსახურების თანამედროვე რეჟიმებთან - მოიზიდავს მსხვილ პირდაპირ ინვესტიციებსა და მრავალი ქვეყნის მომხმარებლებისათვის მაღალმოთხოვნადი გახდება.
სჭირდება თუ არა საქართველოს ახალი ეკონომიკური პოლიტიკა, მართვის ინოვაციური და ეფექტიანი სისტემების ჩამოყალიბება? რა თქმა უნდა, მაგრამ უპირველესად აუცილებელია ახალი ხედვებისა და ახალი მიდგომების ანუ ახალი აზროვნების ფორმირება, პრობლემების ოპერატიული გადაწყვეტისათვის ეფექტიანი მოდელების შემუშავება, გამოყენება და მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების პოზიტიურ შედეგზე ორიენტირებული გამოყენებითი ანალიზის აქტიური დანერგვა; იმის გათვალისწინება, რომ „არსებობს განზრახულობათა ლოგიკა და გარემოებათა ლოგიკა და გარემოებათა ლოგიკა ყოველთვის უფრო ძლიერია განზრახულობათა ლოგიკაზე“.
XXI საუკუნის დასაწყისისთვის გარკვეული ინოვაციურობის შემცველი სქემა - ინფორმაცია-ანალიზი-რეკომენდაცია კარგავს თავის აქტუალობას. განვითარების მიმდინარე ეტაპის მოთხოვნების შესაბამისია მისი ასეთი ტრანსფორმაცია: ინფორმაცია - ანალიზი - რეკომენდაცია - პროგნოზი - სამოქმედო გეგმა, რომლის გამოყენება უნდა განხორციელდეს ისეთ დარგებში, სადაც სტაბილურად არის შენარჩუნებული გლობალური და რეგიონული დეფიციტი - ელექტროენერგიის გენერაცია და გადაცემა, სასმელი წყლის ჩამოსხმა, უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ბიოპროდუქციის წარმოება, უნიკალური საცხოვრისები, ისტორიულ-კულტურული, გეოსტრატეგიული, ეკოლოგიური შესაძლებლობები და უპირატესობები, წარმოებული პროდუქციის თვითღირებულებაში შრომის ანაზღაურების დაბალი წილი და ა.შ.
ახალი რეალობა ითხოვს პრობლემებისადმი თვისობრივად ახალი მიდგომებისა და ხედვების ფორმირებას. აქედან გამომდინარე, შესამუშავებელი სამოქმედო პროგრამებიც, განვითარების სამიზნე პარამეტრებიც ამ მოთხოვნებთან შესაბამისობაშია მოსაყვანი.
ლიტერატურა:
1. გ.თალაკვაძე „ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება და მისი კავშირი გლობალური ინტეგრალური რესურსების პოტენციალთან“, http:/gtu.ge. ი.ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი, 2022. 2. გ.თალაკვაძე. „ინტეგრალური რესურსების მართვის ოპტიმიზაცია-მდგრადი განვითარების საფუძველი“, http:/gtu.ge. ი.ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი, 07.04.2021. 3. გ.თალაკვაძე. ინტეგრალური რესურსების კლასიფიკაციის საკითხისათვის“, „ბიზნეს-ინჟინერინგი“ #3-4, გვ. 107-111, 2021. 4. გ.თალაკვაძე, „საქართველოს მდგრადი განვითარების პრიორიტეტები და რესურსები“, პრეზენტაცია, საქართველოს ტექნიკურო უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახ. საწარმოო ძალების და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომა,18.04.2021. 5. ნ.ჭითანავა. საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია. “ივერიონი“, თბილისი, 2018. 6. გ.თალაკვაძე, საქართველო 2021- პრიორიტეტები და ინტეგრალური რესურსები, პრეზენტაცია, საქართველოს ტექნიკურო უნივერსიტეტის ნ.მუსხელიშვილის სახ. გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაფართოებული სხდომა, 08.11. 2021 7. გ.თალაკვაძე. გამოყენებითი ანალიტიკისა და პროგნოზირების ცენტრის შესახებ, http:/gtu.ge. ი.ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი, . 8. ნ.ჭითანავა. გლობალური გამოწვევები ერთპოლუსიან მსოფლიოში. „ივერიონი“, თბილისი, 2021, 360 გვ. 9. გ.თალაკვაძე. 30 წელი. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მეოთხე ათწლეულის ზღურბლზე“. „ნეკერი“, თბილისი, 2020 .91. გ.თალაკვაძე. მთავრობას უნდა შეეძლოს თამამად თქმა - ჩვენ ვიცით არა მხოლოდ ის, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში, არამედ ისიც, თუ როგორ უნდა გაკეთდეს, „ინტერპრესნიუსი“. თვალსაზრისი, თბილისი, 2020. 10. ნ.ჭითანავა. საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები და სტრატეგია. “ივერიონი“, თბილისი, 2018. 11. ი.არჩვაძე. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული გლობალური ცვლილებები. „მწიგნობარი“, თბილისი,2020. 12. გ. თალაკვაძე. პანდემია Covid-19 - გაკვეთილები და გამოწვევები. სტუ მერვე საერთაშორისო ეკონომიკური კონფერენციის - IEC 2020 შრომათა კრებული, „ბიზნეს-ინჟინერინგი“, #3, გვ 49-54, 2020, თბილისი. |
13. E.Reinert. How rich countries got rich and Why poor countries stay poor. Consiable, London, 2017. 14. T.V.Pole, Restraining Great Powers:Soft Balancing from Empires to the Global Era. ც New Haven: Yale University Press, 2018. www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/, 2020. 15. Г. Талаквадзе. «Социальные, экономические и мировоззренческие последствия Пандемии Covid-19”. Мультидисциплинарный Международный Научный Журнал “Science of Europe”, Vol.3, №60, с.с. 44-50. 2020. 16. Г.Талаквадзе, З. Ломсадзе, И.Арчвадзе, Приоритеты и ресурсы Грузии: мифы, история, перспективы ИЭПУР АН Украины, «Экономика природопользования и устойчивое развитие», №8 (27), с.с. 95-103, 2020, Киев. 17. И.Сталин, Выказывания и афоризмы, https://www.inpearls.ru/author/joseph+stalin |