Erasmus+ - მობილობის მსურველთა საყურადღებოდ!

03/24/2020 2015 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ახორციელებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამებს Erasmus+ (ერაზმუს+) პირველი აქტივობის (ინდივიდუალური სასწავლო მობილობა) ფარგლებში - საერთაშორისო მობილობას კრედიტების დაგროვებით - International Credit Mobility (ICM).

ინფორმაცია სტუ-ში მიმდინარე კონკურსის შესახებ და მიმღები უნივერსიტეტების ჩამონათვალი იხილეთ აქ.

კორონავირუსის COVID-19 გავრცელების საშიშროების გამო შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, საჯარო შეხვედრები და კონსულტაციები შეჩერებულია, ამიტომ ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას და დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მოგვმართეთ ელ. ფოსტაზე: erasmusplus@gtu.ge 

საყურადღებოა, რომ კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სააპლიკაციო განაცხადების მიღების ბოლო ვადა გაგრძელდა 2020 წლის 30 აპრილიდან 15 მაისამდე.

Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში აპლიკანტების შერჩევის პროცესი ხორციელდება საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მიღების მიზნით კონკურსის ჩატარების წესის მიხედვით, რომელიც დაამტკიცა სტუ-ს აკადემიურმა საბჭომ (დადგენილება #01-05-04/38). Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, არსებული ხელშეკრულებების შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონკურსი  ცხადდება ორ ეტაპად, შესაბამისად, გაზაფხულის ან შემოდგომის სემესტრში დაგეგმილი საერთაშორისო მობილობებისთვის.

საინფორმაციო განცხადება კონკურსის შესახებ თავსდება საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის ვებგვერდზ, სადაც, ასევე, წარმოდგენილია კონკურსში მონაწილეობისათვის საჭირო მოთხოვნები, დოკუმენტების ჩამონათვალი და შესაბამისი ფორმები. ყოველ განცხადებას ახლავს ინტერინსტიტუციური ხელშეკრულებით განსაზღვრული პრიორიტეტული მიმართულებების ჩამონათვალი და კვოტა, თუ რამდენი სტუდენტის მიღება შეუძლია ევროპის უნივერსიტეტს მომავალ სემესტრში.

შერჩევის პროცესი გულისხმობს სააპლიკაციო განაცხადების განხილვასა და სორტირებას, რის საფუძველზედაც კეთდება ნომინაციები პროექტის კოორდინატორი უნივერსიტეტისთვის წარსადგენად. Erasmus+ პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.

საერთაშორისო ურთიერთობების ჯგუფის მიერ სააპლიკაციო დოკუმენტების განხილვა და სორტირება ხორციელდება კონკურსის ჩატარების წესში განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც ითვალისწინებს  კონკურსანტის მიერ წარმოდგენილ ისეთ სააპლიკაციო დოკუმენტებს,  როგორიცაა: GPA, მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნის შესაბამისი უცხოური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა, სამოტივაციო წერილი, EUROPASS CV, სარეკომენდაციო წერილი, კვლევის გეგმა (დოქტორანტებისთვის), დამატებითი ინფორმაცია.  

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები უნდა წარმოადგინონ PDF-ფაილების სახით. თითოეული დოკუმენტს სახელი უნდა დაერქვას შემდეგნაირად: კონკურსანტის სახელი_გვარი_დოკუმენტის სახელი (ინგლისურ ენაზე), მაგალითად: “Mariam_Abashidze_Passport”, “Mariam_Abashidze_Application_Form”, “Mariam_Abashidze_CV” და ა. შ.

მოკლედ თითოეული დოკუმენტის შესახებ:

პასპორტის ასლი. საზღვარგარეთის პასპორტს უნდა ჰქონდეს საკმარისი ვადა - მობილობის დამთავრებიდან სულ მცირე 6 თვე;

სააპლიკაციო ფორმაშ უნდა ჩასვათ ფოტოსურათი და შეავსოთ ზემიწევნით.  გახსოვდეთ: Sending (Home) Institution, თქვენს შემთხევაში, არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, Receiving (Host) Institution კი - თქვენ მიერ არჩეული ევროპული უნივერსიტეტი (შეგიძლიათ მაქსიმუმ ორი უნივერსიტეტის არჩევა, თუმცა უნდა მიუთითოთ, რომელს ანიჭებთ უპირატესობას). დოკუმენტის ბოლოში საჭიროა თქვენი ხელმოწერა და შევსების თარიღი;

CV-ის ფორმა შეგიძლიათ, ნახოთ მითითებულ ლინკზე. ონლაინშევსება აუცილებელი არაა. უფრო მარტივია, თუ ჩამოტვირთავთ ცარიელ ფორმას და შეავსებთ;

სამოტივაციო წერილი თავისუფალი დოკუმენტია. თუმცა მასში უნდა გადმოსცეთ თქვენი მიზანი - რატომ გსურთ კონკურსში მონაწილეობა და ჩამოაყალიბოთ, როგორ გამოიყენებთ ევროპაში მიღებულ გამოცდილებას სამშობლოში დაბრუნების შემდეგ;

შესაბამისი ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი/ცნობა. თუ კანდიდატს მიღებული არა აქვს წინა განათლება ინგლისურენოვან პროგრამაზე და ვერ წარმოადგენს TOEFL- ან IELTS-სერტიფიკატს, მას საშუალება მიეცემა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრში ჩააბაროს გამოცდა (B2 დონე);

ნიშნების ფურცლის აღება შესაძლებელია ფაკულტეტზე. დოკუმენტზე უნდა იყოს დეკანის ხელმოწერა და ბეჭედი. მითითებული უნდა იყოს GPA. გაითვალისწინეთ, რომ ფაკულტეტების უმეტესობა ცნობას იძლევა ქართულ ენაზე, ამიტომ კანდიდატს მოუწევს დოკუმენტის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება;

• უმნიშვნელოვანეს დოკუმენტს წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შევსებული და დეკანის ხელმოწერით დადასტურებული ინდივიდუალური სასწავლო პროგრამა (სასწავლო ხელშეკრულება) (ინგლისურ ენაზე). ეს გახლავთ სამმხრივი ხელშეკრულება, რომელიც წარმოადგენს შეთანხმებას სტუდენტს, გამგზავნ უნივერსიტეტსა და მიმღებ უნივერსიტეტს შორის. დოკუმენტს ხელს აწერენ სტუდენტი, სტუ-ის შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი და ევროპის უნივერსიტეტის წარმომადგენელი. ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, მიმღები უნივერსიტეტი იღებს პასუხისმგებლობას, რომ სტუდენტი უზრუნველყოს ლექციებით ან თემაზე მუშაობით (იდეალურ შემთხვევაში, 30 კრედიტი), სტუდენტი ვალდებულია, დააგროვოს კრედიტები ევროპის უნივერსიტეტში, სტუ კი ვალდებულია, ჩაუთვალოს მოპოვებული კრედიტები. კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადი, რომელსაც თან არ ახლავს შესაბამისი სასწავლო ხელშეკრულება, საკონკურსოდ არ განიხილება. სასწავლო ხელშეკრულების შეცვლა შესაძლებელია მიმღებ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ.  

სარეკომენდაციო წერილი/წერილები უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. რეკომენდაციას გაძლევთ ლექტორი. მეორე სარეკომენდაციო წერილი, შესაძლოა, იყოს დეკანისგან, მისი მოადგილისგან, ადმინისტრაციის წარმომადგენლისგან ან დამსაქმებლისგან. თუ რეკომენდატორი ხელს აწერს ქართულ ტექსტს, საჭიროა მისი თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება;

ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელ ცნობას შესაბამისი ორგანიზაციები ხშირად ქართულ ენაზე იძლევიან, ამიტომ საჭირო იქნება მათი თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება; 

• ბოლოს მიღებული უმაღლესი განათლების საფეხურის დიპლომი და დანართი. თუ განათლების წინა საფეხურის დიპლომი ჯერ არა გაქვთ აღებული, საკმარისი იქნება ცნობა დეკანატიდან. გაითვალისწინეთ, რომ ფაკულტეტების უმეტესობა ცნობას იძლევა ქართულ ენაზე, ამიტომ კანდიდატს მოუწევს დოკუმენტის თარგმნა და ნოტარიულად დამოწმება;

კვლევის გეგმა მოეთხოვებათ მხოლოდ დოქტორანტებს, ან გამონაკლის შემთხვევებში, იმ მაგისტრანტებს, რომელთა სასწავლო ხელშეკრულებაშიც კვლევის კომპონენტია გათვალისწინებული;

მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტიდან. ოფიციალური დოკუმენტი სავალდებულო არ არის. საკმარისია ელ-ფოსტით მიღებული თანხმობა. ასეთი წერილი მოეთხოვებათ მხოლოდ დოქტორანტებს, ან იმ მაგისტრანტებს, რომელთა სასწავლო ხელშეკრულებაშიც კვლევის კომპონენტია გათვალისწინებული; 

დამატებითი დოკუმენტაციის სახით, კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ის დიპლომები, სერტიფიკატები თუ სხვა ჯილდოები, რომლებიც მიღებული აქვს ბოლო წლების განმავლობაში.

მობილობის პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, თუმცა კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატს თანხა ერიცხება არა წინასწარ, გამგზავრებამდე, არამედ ევროპის ქვეყანაში ჩასვლისა და მიმღებ უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ. ამდენად, გასათვალისწინებელია თავდაპირველი ხარჯი (მგზავრობისა და პირველი რამდენიმე კვირის სამყოფი თანხა), რომელიც გარკვეული დროის შემდეგ აუცილებლად აუნაზღაურდება. 

კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი არ იხდის სწავლის გადასახადს მიმღებ უნივერსიტეტში, თუმცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში გადასახადისგან არ თავისუფლდება.

სიახლეებში დაბრუნება