Erasmus+ - II საერთაშორისო კვირეული ვალიადოლიდის უნივერსიტეტში

05/01/2018 2018 წლის 20-24 აპრილს ვალიადოლიდის უნივერსიტეტში (University of Valladolid - UVa) (ესპანეთი) Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში გაიმართა II საერთაშორისო კვირეული, სადაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს წარმოადგენდა საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილე, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი.

ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესპანურ უნივერსიტეტს სტუმრობდა ტრენინგის მიზნით ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, პროექტით, რომელშიც მონაწილეობს სტუ და რომლის კოორდინატორია ვალიადოლიდის უნივერსიტეტი. 

საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობას ღებულობდა 50-მდე წარმომადგენელი პროექტის პარტნიორი 33 უნივერსიტეტიდან (ლათინური ამერიკის, აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის ქვეყნების უნივერსიტეტები).

კვირეულის მონაწილეები შეხვდნენ ესპანური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორს ინტერნაციონალიზაციის საკითხებში, პროფ. ხოსე რამონ გონსალესს, საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურის დირექტორს, მარ ფერნანდესსა და სხვებს. მათ მონაწილეობა მიიღეს კვირეულის ფარგლებში გამართულ პრაქტიკულ სემინარებსა და კულტურულ ღონისძიებებში. კვირეულის მონაწილეებს პატივი ჰქონდათ შეხვედროდნენ ქალაქ ვალადოლიდის მერს, რომელმაც გულთბილად მიიღო ისინი თავის რეზიდენციაში და სამახსოვრო ფოტოც გადაიღო მათთან ერთად.

პრაქტიკული სემინარების თემატიკა მოიცავდა ისეთი აქტუალური საკითხების განხილვას, როგორიცაა ევროკავშირის გზამკვლევების შესაბამისად პროექტის შედეგების დისიმინაცია მიმღებ და მშობლიურ უნივერსიტეტებში, საინფორმაციო სტრატეგიების განვითარება და სხვ. საუბარი შეეხო უნივერსიტეტებს შორის მიმდინარე და მომავალი პროექტების განხორციელების დეტალებს.

ესპანელმა მასპინძლებმა ღონისძიების მონაწილეებს დაათვალიერებინეს ვალადოლიდის სკულპტურის ნაციონალური მუზეუმი, სადაც შემონახულია კასტილიის რეგიონის სკულპტურები შუა საუკუნეებიდან 19 საუკუნის ჩათვლით.

კვირეულის პროგრამა, ასევე, ითვალისწინებდა უნივერსიტეტის სეგოვიას ფილიალში ვიზიტს და ქალაქ სეგოვიას ტურს გიდის თანხლებით.

ღონისძიების დასკვნით დღეს გაიმართა საერთაშორისო კვირეულის შემაჯამებელი შეხვედრა, სადაც მონაწილეებს გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები, დასასრულს, კი, მათ საშუალება ჰქონდათ მოესმინათ უნივერსიტეტის ფოლკლორული გუნდის მიერ შესრულებული ესპანური ტრადიციული სიმღერები.

აღსანიშნავია, რომ ვალადოლიდის უნივერსიტეტი ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია, რომელიც დაარსდა მე-13 საუკუნეში. ამჟამად, უნივერსიტეტში სწავლობს 25 217-მდე სტუდენტი.

სიახლეებში დაბრუნება