სტუ-ს მეცნიერთა სტატიები საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში

03/03/2020 საერთაშორისო რეფერირებადმა და რეცენზირებადმა სამეცნიერო ჟურნალმა “Economia Agro-Alimentare / Food Economy” საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის (UNIFG) მიერ ორგანიზებული კონფერენციის სტატიები გამოაქვეყნა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის პირველი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“, 2018 წ.).
 
“Economia Agro-Alimentare / Food Economy”-მ შექმნა სპეციალური ნომერი საკონფერენციო მასალაზე დაყრდნობით, რომელიც გამოქვეყნებულია უდიდესი იტალიური საგამომცემლო სახლის, „ფრანკოანგელის“ (“FrancoAngeli”) ვებგვერდზე.
 
შერჩეულ სტატიებს შორის მოხვდა „ვებპლატფორმა „ჭკვიანი ქალაქის“ მონაცემთა შეგროვებისა და ანალიტიკისთვის“ (ირაკლი შალამბერიძე, მერაბ ახობაძე), „ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გავლენა პორტუგალიაში თევზის მოხმარების სფეროში: მომავალი თაობების მხარდაჭერის უზრუნველყოფა“ (ვალენტინა ჭყონია, ანა ოლივეირა მადსენი, ტერეზა კოელიო), „იშვიათი ქართული ღვინის ყურძენი თანამედროვე ენოლოგიაში“ (ნინო ჩხარტიშვილი, ლონდა მამასახლისაშვილი, ირმა ჭანტურია, დემეტრე ბაქრაძე), „სურსათის დანაკარგი და ნარჩენები, გლობალური პასუხისმგებლობა?!“ (ნინო ადამაშვილი, ფილომენა კიარა, მარიანტონიეტა ფიორე).
 
მასალის ნახვა შესაძლებელია საგამომცემლო სახლის ვებგვერდზე.
 
შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 17-19 ოქტომბერს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ფოჯას უნივერსიტეტის (იტალია) პირველი ერთობლივი საერთაშორისო კონფერენცია “მრეწველობის დარგების დინამიკა და თანამედროვე ტენდენციები საქართველოსა და ევროკავშირში: საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიები მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში“. კონფერენციის თემატიკა მოიცავდა არა მარტო ტექნიკურ მიმართულებებს, არამედ მენეჯმენტის, ეკონომიკის, ბიზნესის, სამართლის, აგრარულ და ბიოსამედიცინო სფეროებს, ბიზნესსაქმიანობაში ტექნოლოგიების კიდევ უფრო აქტიურად გამოყენების საკითხებს. სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდნენ პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევრები, სტუდენტები, პრაქტიკული გამოცდილების მქონე სპეციალისტები საქართველოდან, იტალიიდან, პორტუგალიიდან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, თურქეთიდან... კონფერენციის გახსნას დაესწრო საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი.

სიახლეებში დაბრუნება