Erasmus+ პროექტი VitaGLOBAL - სამუშაო შეხვედრები ჩილესა და ტალკას უნივერსიტეტებში

10/18/2019 2019 წლის 9-12 ოქტომბერს, ჩილეს ქალაქ სანტიაგოში, ჩილესა და ტალკას უნივერსიტეტებში, ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროექტის „VitaGLOBAL” ფარგლებში, კონსორციუმის წევრ უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და საერთაშორისო ურთიერთობათა სამსახურების წარმომადგენელთა რიგით მესამე სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პროექტის ფარგლებში გაიმართა თემატური სამუშაო შეხვედრები მონაწილე უნივერსიტეტთა აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრების მიზანი პროექტის ფარგლებში მევენახეობა-მეღვინეობის სასწავლო პროგრამებში ერთობლივი თემატური მოდულების შემუშავებისა და დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავება იყო.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ჩილეს მეღვინეობის რეგიონი, ესტუმრნენ ღვინის წარმატებულ კომპანიებს, გაეცვნენ ქვეყნის მევენახეობა-მეღვინეობას, მის თავისებურებებს, თანამერდოვე ტექნოლოგიებს და დააგემოვნეს ჩილეს ღვინოები.

VitaGLOBAL პროექტის მიზანს უნივერსიტეტებში მევენახეობა-მეღვინეობის სამივე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლებლობების განვითარებასთან დაკავშირებით ერთობლივი პროგრამის შემუშავება წარმოადგენს და მასში ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების: ბორდოს (საფრანგეთი), ბოლონიის  (იტალია), პორტოს (პორტუგალია), ტარაგონას (ესპანეთი) გარდა სამხრეთ ამერიკისა (არგენტინის, ურუგვაის, ჩილეს) და სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტებიც მონაწილეობენ.

პროექტის შედეგად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მეორე საფეხურის საგანმანათლებლო სასწავლო პროგრამაში მიკრობიოლოგიისა და ღვინის ტურიზმის სასწავლო მოდულები შეიქმნება, რომელიც პროექტში ჩართული ევროპული უნივერსიტეტების უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდება.

ღონისძიებაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მხრიდან მონაწილეობდნენ აგრარული მეცნიერების და ბიოსისტემების ფაკულტეტის მევენახეობა-მეღვინეობის დეპარტამენტის უფროსის მ/შ, პროფ. ნინო ჩხარტიშვილი; საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილე, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი და რექტორის რეფერენტი, დალი მესხიშვილი.

პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, ასევე, განხილული იქნა ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებული დეტალები და დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებებიც, რომლებიც ხელს შეუწყობს პროექტით გათვალისწინებული აქტივობების წარმატებულად განხორციელებას.

აღსანიშნავია, რომ პროექტის პირველი სამუშაო შეხვედრა 2019 წელს არგენტინის ქალაქ მენდოზას კუიოს უნივერსიტეტში გაიმართა, მეორე - პორტუგალიის პორტოს უნივერსიტეტში (2019).

პროექტის ხანგრძლივობა სამი წელია და 2021 წელს დასრულდება.

დეტალური ინფორმაცია პროექტთან დაკავშირებით იხილეთ VitaGLOBAL პროექტის ოფიციალურ ვეგვერდზე.

სიახლეებში დაბრუნება