06/16/2019

16-17 მაისს, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში (სომხეთი), ევროკავშირის მიერ დაფინანსებული Erasmus+ PRINTeL პროექტის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია-ვორქშოპი „აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარება - გამოცდილება და გამოწვევები“, რომელიც მიეძღვნა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდნენ პროექტის კონსორციუმის წევრი პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლები როგორც ევროპიდან (შვედეთი, ესპანეთი, ავსტრია, პორტუგალია, ბელგია), ისე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (სომხეთი, ბელარუსი, საქართველო), მათ შორის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან.

ტექნიკურ უნივერსიტეტს კონფერენციაზე წარმოადგენდნენ პროფ. გიორგი ძიძიგური (საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახური), ასოც. პროფ. ნათია ქოჩლაძე (არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტი), ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი), ასისტ. პროფ. თამარი კუპრეიშვილი (სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი). კონფერენციაზე მათ წარადგინეს პრეზენტაციები, მოხსენებები და აქტიური მონაწილეობა მიიღეს პანელურ სესიებსა და დისკუსიებში.

კონფერენციის პირველი სესია მთლიანად დაეთმო პლენარულ სესიებს და პროექტის კონსორციუმის წევრი პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების წარმომადგენლების პრეზენტაციებს, რომლებმაც წარმოადგინეს მოხსენებები აკადემიური პერსონალის პროფესიული განვითარების კონცეფციების, აქტიური სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდების შესახებ და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს კონფერენციის მონაწილეებს.

კონფერენციის პირველი სამუშაო დღის მეორე სესია დაეთმო საქართველოს, ბელარუსის და სომხეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლების მოხსენებებს. სტუ-ს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და პროფესორ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფის, აქტიური სწავლისა და სწავლების მეთოდების და ამ მიმართულებით სტუ-ში არსებული გამოცდილებისა და გამოწვევების შესახებ.

მომდევნო დღეს კონფერენციის მუშაობა გაგრძელდა 5 სხვადასხვა სესიაზე, სადაც პარალელურ რეჟიმში განიხილებოდა შემდეგი საკითხები:
- აქტიური სწავლისა და სწავლების სტრატეგიები და კონცეფციები;
- სტუდენტთა აქტიური სწავლების შეფასების სისტემები და სტრატეგიები;
- დავალებები სტუდენტებისთვის - ფორმები და მეთოდები;
- აქტიური სწავლების ტექნოლოგიები და ინფრასტრუქტურა და ზოგადად სწავლისა და სწავლების სხვადასხვა აქტუალური საკითხები.

სამუშაო სესიების მონაწილეებმა დღის ბოლოს წარმოადგინეს პარალელური სესიებიდან მიღებული შემაჯამებელი დასკვნები და შესაბამისი დეკლარირებული მონაცემები, რომლებიც PRINTeL პროექტის ფარგლებში გაზიარებული იქნება პროექტის მონაწილე ყველა ინსტიტუციისათვის შესაბამისი პლატფორმებისა და საინფორმაციო წყაროების გამოყენებით.

ღონისძიების ინტენსიური სამუშაო გრაფიკი ითვალისწინებდა კულტურულ ღონისძიებებსაც.
აღსანიშნავია, რომ პროექტი PRINTeL “ცვლილებები საკლასო ოთახში: ინოვაციური სწავლებისა და სწავლის ხელის შეწყობა სტუდენტის სასწავლო გამოცდილების გასაუმჯობესებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში” (“Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries”) წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს (No 585760-EPP-1-2017-1-AM-EPPKA2-CBHE-JP) და მიზნად ისახავს ინოვაციური სწავლისა და სწავლების მხარდაჭერას აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების უნივერსიტეტებში.

ასევე, პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს კონსორციუმის წევრი ქვეყნების მონაწილეობით შეიქმნას ელექტრონული სწავლების პორტალი (პლატფორმა), რომელიც დაეხმარება უნივერსიტეტებს განავითარონ ინოვაციური სწავლების სხვადასხვა მოდელები და ფორმები.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად აღნიშნული პროექტის კონსორციუმის წევრები არიან უნივერსიტეტები ესპანეთიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, შვედეთიდან, პორტუგალიიდან, საქართველოდან, სომხეთიდან და ბელარუსიიდან (სულ 14 უნივერსიტეტი).
PRINTeL პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ
PRINTeL პროექტის ოფიციალური ვებგვერდი და სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის
ვებგვერდი.
სიახლეებში დაბრუნება