არჩილ მოწონელიძე

არჩილ მოწონელიძე
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, 
ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 არჩილ მოწონელიძე დაიბადა 1945 წლის 25 ივლისს ქალაქ ქუთაისში. 1962 წელს დაამთავრა თბილისის N 51 საშუალო სკოლა. ამავე წელს სწავლა გააგრძელა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტის, სამდინარო ნაგებობებისა და ჰიდროელექტროსადგურების ჰიდროტექნიკური მშენებლობის სპეციალობით, რომელიც 1968 წელს დაასრულა. 1971 წელს მან დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა მასალათა გამძლეობისა და დრეკადობის თეორიის კათედრაზე. არჩილ მოწონელიძეს 1973 წელს ტექნიკის მეცნიერებათ კანდიდატის, ხოლო 1986 წელს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

სამუშაო გამოცდილება

  • 1972-1977 წწ. – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრის ასისტენტი;
  • 1977-1979 წწ. – ამავე კათედრის უფროსი მასწავლებელი;
  • 1979-1980 წწ. – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ჰიდროტექნიკური ნაგებობების კათედრის დოცენტი;
  • 1980-2006 წწ. – კათედრის პროფესორი;
  • 1980-1986 წწ. – საქართველოს ენერგეტიკისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების სამეცნიერო-საკვლევი ინსტიტუტის ნაგებობათა სეისმომედეგობის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
  • 1989-1994 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პრორექტორი (ჰუმანიტარული მუშაობის, საღამოსა და დაუსწრებელი სწავლებისა და სამეცნიერო მუშაობის დარგებში);
  • 1991-1996 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინდუსტრიული და ბუნებრივი კატასტროფების სამეცნიერო-საკვლევი ლაბორატორიის ხელმძღვანელი;
  • 1995-1998 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ზოგადი მენეჯმენტისა და საზოგადოებრივი ადმინისტრირების სკოლის მასწავლებელი (ხელმძღვანელობდა ტრენინგებს ზოგად მენეჯმენტში), თაცის-ის პროგრამით;
  • 2003 წ. – კავკასიის ბიზნეს სკოლის მაგისტრატურაში სტრატეგიული მენეჯმენტის კურსის ხელმძღვანელი;
  • 2005-2006 წწ. – საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორი;
  • 2006-2007 წწ. – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
  • 2007 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი.

არჩილ მოწონელიძე სხვადასხვა პერიოდში მონაწილეობდა ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა პროექტში. მიწვეული იყო მსოფლიოს მრავალ უნივერსიტეტში, მათ შორის დიდ ბრიტანეთში (South Bank-ის უნივერსიტეტი, მშენებლობის გარემოს დეპარტამენტი; ბრიტანეთის კოლუმბიის უნივერსიტეტი (კანადა), მშენებლობის დაპარტამენტი; Transform Consultants, ბელფასტი), გერმანიაში, აშშ-ი, ბელგიასა და ფინეთში, როგორც ექსპერტი, პროფესორი, პარტნიორი და სხვა..

1991 წლიდან დღემდე არჩილ მოწონელიძე ეწევა საზოგადოებრივ საქმიანობას: იყო საქართველოს სწავლულ ექსპერტთა საბჭოს წევრი; საქართველოს სანოსტრიფიკაციო კომისიის წევრი; ჰიდრომშენებლობის დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე; საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (სსტც - ISTA) საკოორდინაციო კომიტეტის წევრი. იგი დღემდე არის საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციების კავშირის (UITA-UATI) ექსპერტი (პარიზი), ენერგეტიკის ნაციონალური აკადემიის წევრი და აშშ სამეცნიერო საზოგადოება Sigma Xi-ს წევრი, საქართველოს წარმომადგენელი NATO-ს კომიტეტში “მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის”.

მშენებლობის დარგში სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს წევრი.

არჩილ მოწონელიძეს გამოქვეყნებული აქვს 128 სამეცნიერო შრომა და ერთი სახელმძღვანელო - ”მშენებლობის მენეჯმენტი”. ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის მადლობის სიგელით (2005 წ.)
ჰყავს მეუღლე და სამი შვილი

ბანერები