გოჩა ჩოგოვაძე

გოჩა ჩოგოვაძე 
(1941- )

გოჩა ჩოგოვაძე დაიბადა 1941 წლის 11 იანვარს ქუთაისში, ცნობილი ენერგეტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ გიორგი ჩოგოვაძის ოჯახში. 1958 წელს ოქროს მედალზე დაამთავრა თბილისის 56-ე საშუალო სკოლა და ჩაირიცხა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიკისა და ტელემექანიკის ფაკულტეტზე. სტუდენტობის წლებშივე გამოავლინა მეცნიერული კვლევებისადმი მიდრეკილება. 1963 წელს წარჩინებით დაამთავრა ინსტიტუტი და დატოვებულ იქნა გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე, სადაც 1964-67 წლებში გაიარა ასპირანტურის კურსი. 1968 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხის მოსაპოვებლად. შემდგომ წლებში მუშაობდა გამოთვლითი ტექნიკის კათედრაზე ასისტენტის, უფროსი მასწავლებლისა და დოცენტის თანამდებობაზე.

1971 წელს გ. ჩოგოვაძის თაოსნობით საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში დაარსდა მართვის ავტომატიზებული სისტემების კათედრა, რომლის პირველ გამგედ იქნა არჩეული. 1975 წელს წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, ხოლო 1976 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება. 1976 წლიდან ხელმძღვანელობდა კათედრასთან არსებულ დარგობრივ კვლევით ლაბორატორიას.

პროფესორმა გ. ჩოგოვაძემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის სამრეწველო ობიექტების მართვის ავტომატიზებული სისტემების შექმნის და გაანგარიშების თეორიასა და პრაქტიკაში. იგი მართვის ავტომატიზებული სისტემების ქართული სკოლის ფუძემდებელია. მისი სამეცნიერო კვლევები ისეთ ფუნდამენტურ მიმართულებას შეეხება, როგორიცაა კომპიუტერული მეცნიერება, სახელდობრ - ხელოვნური ინტელექტი. ამ სფეროში მოპოვებული კვლევითი შედეგებიდან აღსანიშნავია რელაციურ დამოკიდებულებათა თეორია, მონაცემთა ბაზის ლოგიკური სქემების ავტომატიზებული დაპროექტება, ინტელექტუალური კომპიუტერული სასწავლო სისტემების ანალოგიური მანქანების დისკრეტული იმიტატორი, გადაწყვეტილებათა მიღების სემიოტური სისტემები, შეტყობინებათა დანაკარგის ალბათობის გამოთვლის მეთოდი, ექსპერტული სისტემების ავტომატიზებული დაპროექტების კონცეპტუალური მეთოდები და სხვ.

პროფესორ გ. ჩოგოვაძის სამეცნიერო მოღვაწეობის შედეგები თავმოყრილია 20 მონოგრფიაში, 6 გამოგონებასა და 100-ზე მეტ სამეცნიერო ნაშრომში, რომელთაგან ბევრი გამოქვეყნებულია აშშ-ში, რუსეთში, ინგლისში, ჩინეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში. იგი მრავალი საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი და სადოქტორო დისერტაციის კონსულტანტი იყო.

პროფესორ გ. ჩოგოვაძის სახელმძღვანელოებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მისი მონოგრაფიები მართვის ავტომატიზებული სისტემების დარგის მეცნიერთა და სპეციალისტთა სამაგიდო წიგნებია. პროფესორ გ. ჩოგოვაძის მოწაფეები დღეს აღიარებული მეცნიერები და სპეციალისტები არიან.

1981-1986 წლებში გ. ჩოგოვაძე მუშაობდა საფრანგეთში, პარიზში იუნესკოს განათლების სექტორის ინფორმატიკის განყოფილების უფროსად.

1986-1988 წლებში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს კპ ცკ-ის განათლებისა და მეცნიერების განყოფილებას, წლების მანძილზე იყო საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

1988 წლის ბოლოს პროფესორი გ. ჩოგოვაძე არჩეულ იქნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორის თანამდებობაზე. ქვეყნის საინჟინრო განათლებისა და მეცნიერების ამ უმთავრეს კერას იგი 1994 წლამდე უძღვებოდა. ეს პერიოდი დაემთხვა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და ქვეყანაში ახალი სოციალ-პოლიტიკური წყობის დამკვიდრებას. პროფესორ გ. ჩოგოვაძის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს საუნივერსიტეტო განათლების თანამედროვე პრინციპების დამკვიდრების დაწყება საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, რომელმაც 1990 წლის 5 იანვარს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტატუსი მიიღო. 1990 წლის 14 სექტემბერს სამეცნიერო საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ავტონომიის დეკლარაცია. სწორედ ამ პერიოდში განხორციელდა საინჟინრო განათლების პარალელურად ჰუმანიტარული სპეციალობების დაფუძნება. გაიხსნა ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი, სადაც მოწვეულ იქნენ თვალსაჩინო მეცნიერები და სპეციალისტები, გაიხსნა ახალი კათედრები, სწავლება თანამედროვე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე გადავიდა.

1992 წელს საფუძველი ჩაეყარა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საავიაციო ინსტიტუტს, რომელიც ამ დარგის მაღალკვალიფიციურ კადრებს უშვებს.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს პროფესორ გ. ჩოგოვაძის, როგორც რექტორის ღვაწლი მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრებთან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დაკავშირებასა და საქმიანი კონტაქტების გაღრმავებაში.

მეცნიერების განვითარების საქმეში შეტანილი თვალსაჩინო წვლილისათვის პროფესორი გ. ჩოგოვაძე 1988 წელს არჩეულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად და პრეზიდიუმის წევრად, ხოლო 1993 წელს - ნამდვილ წევრად.

აკადემიკოსი გ. ჩოგოვაძე საერთაშორისო ტექნიკური ასოციაციებისა და ორგანიზაციების კავშირის პირველი ვიცე-პრეზიდენტია. არჩეულია საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის ვიცე-პრეზიდენტად, რუსეთისა და ჩეხეთის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორად და მრავალი საერთაშორისო აკადემიის წევრად.

1994 წელს აკადემიკოს გ. ჩოგოვაძეს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური მისია დაეკისრა. წარგზავნილ იქნა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საფრანგეთსა და ესპანეთის სამეფოში.

ამ მაღალ დიპლომატიურ თანამდებობაზე აკადემიკოს გ. ჩოგოვაძის მიზანმიმართული მოღვაწეობის შედეგია საფრანგეთისა და ესპანეთის სამეფოს, აგრეთვე, მსოფლიოს სხვა სახელმწიფოების მთავრობათა თანადგომა საქართველოსადმი და საქმიანი წრეების დაინტერესება ჩვენი ქვეყნით.

აკადემიკოს გ. ჩოგოვაძის, როგორც მეცნიერისა და პოლიტიკური მოღვაწის, საერთაშორისო ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ მისი რეკომენდაციით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი “ფრანკოფონიის” წევრი გახდა, ხოლო 2002 წელს საფუძველი ჩაეყარა ფრანგულ-ქართულ ინსტიტუტს, სადაც მზადდება კადრები ინფორმატიკისა და ეკონომიკის სპეციალობებში.

გამოჩენილი ქართველი მეცნიერისა და სახელმწიფო მოღვაწის - გ. ჩოგოვაძის თავდადებული სამსახური ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ საპატიო ნიშნისა და ღირსების ორდენებითაა აღნიშნული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით იგი 2001 წელს უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი - გიორგი ნიკოლაძის სახელობის მედლით დაჯილდოვდა.

სახელოვანმა ერისკაცმა საიუბილეოდ მიიღო საქართველოს პრეზიდენტის - ედუარდ შევარდნაძის მილოცვა, სადაც ნათქვამია:

“ბატონო გოჩა, სიამოვნებით მოგესალმებით და გილოცავთ 60 წლის იუბილეს. ქართული საზოგადოება სათანადოდ აფასებს თქვენს ღვაწლსა და დამსახურებას სამშობლოს წინაშე.

შესანიშნავია წვლილი, რომელიც წლების განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომით, ნიჭითა და თავდადებით შეიტანეთ ქართული მეცნიერების განვითარებაში. მით უმეტეს, რომ სამეცნიერო დარგში, რომელსაც უშუალოდ ემსახურებოდით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის ახალ ეპოქაში, როდესაც ერის ცივილიზებულობა, უპირველესად, მისი ტექნიკური და ტექნოლოგიური გენიის გამოხატულებით ვლინდება. თქვენ არა მხოლოდ თავად ემსახურეთ სამშობლოს ამ ასპარეზზე, არამედ მრავალი ნიჭიერი მეცნიერიც აღზარდეთ, როგორც პედაგოგმა.

იმავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი წვლილი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ღირსეული ადგილის მოპოვებაში ევროპულ ასპარეზზე. ამ თვალსაზრისით, ყოველთვის ვგრძნობდი თქვენს თანადგომასა და ერთგულებას. მით უმეტეს, რომ საფრანგეთის როლი და გავლენა მთელს ევროპაში, ისევე, როგორც ჩვენს რეგიონში, მზარდი და ძალზე პერსპექტიულია.

კიდევ ერთხელ გილოცავთ იუბილეს. გისურვებთ ჯანმრთელობას, უშრეტ ოჯახურ ბედნიერებას, შემდგომ წარმატებებს მეცნიერულ და დიპლომატიურ ასპარეზზე.”

აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის ღვაწლი მეცნიერებასა და დიპლომატიურ ასპარეზზე დღევანდელი და მომავალი თაობებისათვის იმის ნათელი მაგალითია, თუ როგორი თავდადებითა და ერთგულებით უნდა ემსახურებოდე ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისა და წინსვლის საქმეს.

ბანერები