სტუ-ში ტექნიკური გადამზადების ცენტრი გაიხსნა

სტუ-ში ტექნიკური გადამზადების ცენტრი გაიხსნა 08-11-2018 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ტექნიკური გადამზადების ცენტრის პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხული სტუდენტები ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში ისწავლიან. ცენტრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ (აშშ) ვიცე-პრეზიდენტ ლონა სტოლისთან, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდ-საქართველოს“ აღმასრულებელ დირექტორთან მაგდა მაღრაძესთან, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორ არჩილ ფრანგიშვილთან და BP საქართველოს გენერალურ მენეჯერთან კრის შლუტერთან ერთად გახსნა.

ახალ შენობაში, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე პირების მოთხოვნებზეც არის გათვლილი, ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ, პროფესიული უნარები უახლესი ტექნიკით აღჭურვილ სასწავლო ლაბორატორიებში განივითარონ და დასაქმების ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს მაღალი სტანდარტების შესაბამისად დაეუფლონ.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან პროექტში 4.1 მლნ ლარის კონტრიბუცია განხორციელდა, რითაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის შენობა სრულად გარემონტდა.


„ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრის მიზანი, რომ აღზარდოს მაღალკვალიფიციური, დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიული კადრები. ეს გულისხმობს სკოლადამთავრებულების, უმუშევრებისა და სხვა დაინტერესებული პირების მომზადება-გადამზადებას დასაქმების ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. ცენტრის ფუნქცია სრულ თანხვედრაშია იმ პრიორიტეტებთან, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერაა გაცხადებული“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

წყარო: http://mes.gov.ge

სიახლეებში დაბრუნება