სტუ

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2023“ ჩატარდა

სტუ-ში საერთაშორისო კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2023“ ჩატარდა
12/10/2023

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ორდღიანი საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია- „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2023“, დაიწყო.

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის ორგანიზატორი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტთან ერთად, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტია. კონფერენციას ქართველი მეცნიერების გარდა, ესწრებიან: დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მარიო ნოიგებაუერი; დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანი პროფესორი ტორსტენ მუნკელტ; ყაზახეთის ამერიკულ-ყაზახური თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სერიკ აბილოვი; ისრაელის ბარ-ილაინის უნივერსიტეტის პრეზიდენტი ზოჰარ ინონი; ყირგიზეთის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ჩოლპონ სიდიკოვა; დებრეცენის უნივერსიტეტის (უნგრეთი) პროფესორი იანოშ შტრიკი; ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანია) პროფესორი მიხეილ მიულერი, სტუ-ისა და დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები და სხვა მოწვეული სტუმრები.

უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2023“, გახსნა სტუ-ის რექტორის მოადგილემ მეცნიერების დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა.

რექტორის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ თამარ ლომინაძეს, კონფერენციის ორგანიზებისა და აქტუალური თემატიკის წინ წამოწევისთვის.

„მადლობა მინდა მოვახსენო კონფერენციის ორგანიზატორებს, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტს, მის დეკანს, ასევე დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორს მარიო ნოიგებაუერს. დღეს, 21-ე საუკუნეში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები ის სფეროა, რომლის გარეშეც წარმატების მიღწევა შეუძლებელია. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი ერთ-ერთი წარმატებული ფაკულტეტია, რომლის მეცნიერებსა და სტუდენტებს თავისი წვლილი შეაქვთ ამ დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაში. ჩვენი მეცნიერები მუშაობენ მსოფლიოს წამყვან კვლევით უნივერსიტეტებში, სტუდენტები კი მონაწილეობენ არაერთ კვლევაში და თითოეული მათგანის წარმატება პირდაპირ კავშირშია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. დღევანდელი კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი აკადემიური პერსონალისა თუ სტუდენტებისთვის. აქ განიხილება ძალიან საინტერესო თემები, იქნება აზრთა გაცვლა და გარდა ამისა, კონფერენცია საშუალებას მისცემს სპეციალისტებს დაამყარონ ახალი კონტაქტები. წარმატებას გისურვებთ“, - განაცხადა ზურაბ გასიტაშვილმა.

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი თამარ ლომინაძე.

დეკანმა კონფერენციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა ჩართულობისა და აქტიურობისთვის. თამარ ლომინაძემ ასევე, დამსწრე საზოგადოებას, ფაკულტეტის ბოლო წარმატების დეტალები გააცნო და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის - ბიოსამედიცინო ინჟინერია, მიერ საერთაშორისო ABET აკრედიტაციის მოპოვების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„მნიშვნელოვანია, სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა მიდიოდეს სტუდენტებთან ერთად, ამიტომ ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ დღევანდელ კონფერენციას ესწრებიან როგორც საქართველოს ტექნიური უნივერსიტეტის, ასევე დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სტუდენტები. ჩვენ ერთი წლის წინ ანალოგიური კონფერენცია ჩავატარეთ, სადაც სტუდენტებმა თემები წარმოადგინეს. ერთი წლის შემდეგ ისინი კვლავ საინტერესო და უფრო მრავალფეროვანი თემებით წარსდგებიან თქვენს წინაშე. ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელიც განავითარებს მეცნიერებას, ისინი გადაწყვეტენ პრობლემებს, რომელიც დღეს დღის წესრიგში დგას. საზეიმო ვითარებაა და არ შემიძლია ქალბატონ ირინა გოცირიძეს და ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტს არ მივულოცო ის უდიდესი წარმატება, რაც მათ მოიპოვეს. ეს არის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის - ბიოსამედიცინო ინჟინერია, მიერ საერთაშორისო ABET აკრედიტაცია. ვულოცავ დეპატრამენტს, ფაკულტეტს და  უნივერსიტეტს ამ ისტორიულ წარმატებას“, - განაცხადა თამარ ლომინაძემ.

სტუ-ის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის პროფესორმა, საერთაშორისო აკრედიტაციის საუნივერსიტეტო ცენტრის ხელმძღვანელმა ირინე გოცირიძემ მადლობა გადაუხადა თამარ ლომინაძეს. როგორც ირინე გოცირიძემ განაცხადა, ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის წარმატება პირდაპირ კავშირშია სტუ-სთან და მის რექტორთან, აკადემიკოს დავით გურგენიძესთან, იმ ჯგუფთან, ვინც მუშაობდა ამ მეტად საპასუხისმგებლო საკითხის მომზადების პროცესში.

„როდესაც უნივერსიტეტს აღიარებს ისეთი ორგანო, როგორიც არის ABET, რომელიც მსოფლიოში საინჟინრო მეცნიერებების, საინჟინრო პროგრამების შეფასების, აკრედიტაციის კომისიაა, ეს არის უნივერსიტეტის დიდი წარმატება. მსოფლიოს ფლაგმანმა განაცხადა, უნივერსიტეტი, რომელსაც აქვს ABET აკრედიტირებული პროგრამა, ეს არის უნივერსიტეტი, რომელიც საზოგადოებას, მსოფლიოს სთავაზობს უმაღლესი სტანდარტის განათლებას. რაც  ნიშნავს იმას, რომ ჩვენი სტუდენტები არიან მსოფლიო ბაზარზე მოთამაშენი, მათ შეუძლიათ დასაქმება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და ამ ყველაფერს ახორციელებს ტექნიკური უნივერსიტეტი. ეს არის, პირველ რიგში, ძალიან დიდი გუნდის გამარჯვება. წინსვლა და წარმატება მისურვებია ჩვენი უნივერსიტეტისთვის, ფაკულტეტისთვის, მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის“, - განაცხადა ირინე გოცირიძემ.

კონფერენციის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიღეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა მარიო ნოიგებაუერმა, დრეზდენის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ინფორმატიკის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ტორსტენ მუნკელტმა, ყაზახეთის ამერიკულ-ყაზახური თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სერიკ აბილოვმა, ისრაელის ბარ-ილაინის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა ზოჰარ ინონმა, ყირგიზეთის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ჩოლპონ სიდიკოვამ, დებრეცენის უნივერსიტეტის პროფესორმა იანოშ შტრიკიმ, ვილდაუს გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის პროფესორმა მიხეილ მიულერმა. გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს კონფერენციის ორგანიზატორებს და წარმატება უსურვეს მონაწილეებს.

საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია - „თანამედროვე გამოწვევები და მიღწევები ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში - 2023“, ორ დღეს გასტანს და ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდება.


სიახლეებში დაბრუნება