ყველა სიახლე

ჰიდროგეოლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტი

1958 წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტის სასარგებლო ნამარხების განყოფილების ბაზაზე, აკადემიის სისტემაში ჩამოყალიბდა ჰიდროგეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელსაც სათავეში ჩაუდგა გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი პროფესორი იოსებ ბუაჩიძე.

1960 წლიდან ლაბორატორია გადადის საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შემადგენლობაში უკვე მსხვილი სამეცნიერო ორგანიზაციის სახით, სადაც რესპუბლიკის წამყვანი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობდა არა მარტო ჰიდროგეოლოგიური, არამედ საინჟინრო-გეოლოგიური პრობლემების კვლევა. 1974 წლიდან ეს ორგანიზაცია, უკვე ჰიდროგეოლოგიის და საინჟინრო გეოლოგიის სექტორის სახელწოდებით, ისევ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შემადგენლობაში ბრუნდება, სადაც დიდი სამუშაოებია ჩატარებული საქართველოს მინერალური და სასმელი წყლების გენეზისის, გავრცელების და საბადოების ფორმირების კანონზომიერებათა დადგენის საქმეში რესურსების გაზრდის მიზნით - განსაკუთრებით, ბორჯომის, საირმის, ზვარეს, ნაბეღლავის, უწერის, შოვისა და სხავა მრავალ მინერალურ წყლებზე. დეტალურადაა შესწავლილი საქართველოს წიაღის გეოთერმული პირობები და მიწისქვეშა ჰორიზონტებში გავრცელებული თერმული წყლები კოლხეთის არტეზიულ აუზსა და თბილისში. სიღრმული სითბური ენერგიის თბომომარაგებაში გამოყენების შესაძლებლობა ასახულია სპეციალურ მონოგრაფიაში. გამოკვლეულია ასევე შავი ზღვის სანაპირო ზონის ლითოდინამიკური პროცესები ნაპირის გარეცხვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების დასახვისათვის. შესწავლილია სამთამადნო მრეწველობის ნარჩენების ბიოინჟინერული მეთოდებით დამუშავება მადნების რაციონალური გამოყენებისათვის და გარემოს გეოეკოლოგიური პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით.             1995-2006 წლებში ინსტიტუტს სათავეში ჩაუდგა გურამ ბუაჩიძე, რა დროსაც გაგრძელდა კვლევები როგორც ჰიდროგეოლოგიური, ისე საინჟინრო გეოლოგიური მიმართულებით.