ისტორია

ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის სამართალმემკვიდრეა, რომელიც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დაარსდა 1992 წელს. გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტი მყარად ინარჩუნებდა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში მოწინავე პოზიციებს. კონცეფცია, რასაც დაეფუძნა ფაკულტეტი, თავის დროზე ნოვაციური იყო, რადგან მთლიანად ორიენტირებული იყო საერთაშორისო საგანმანათლებლო ბაზრის მოთხოვნებზე. საუბარია ჰუმანიტარულ და ტექნიკურ მეცნიერებათა ინტერესების დაახლოებასა და შერწყმაზე.
დღეს, გლობალიზაციისა და საყოველთაო ინფორმირებულობის ეპოქაში, სრულიად ახალი, თანამედროვეობის გამოწვევებიდან გამომდინარე, მოთხოვნები გაჩნდა საგანმანათლებლო სივრცეში. დღევანდელი მსოფლიოს საზოგადოებრივ-კულტურული ფასეულობების გათვალისწინებით, საყოველთაო კონკურენციის პირობებში დიდ მნიშვნელობას იძენს მაღალი სტანდარტების განათლება.
ზემოთქმულის გათვალისწინებით 2010 წლის მიწურულს ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის საბჭოს ინიციატივით და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მხარდაჭერით, ფაკულტეტს შეეცვალა სახელწოდება და დღეს იწოდება ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტად.
ბიზნეს-ინჟინერინგი პიროვნებას სთავაზობს იმ თეორიულ-პრაქტიკული შესაძლებლობების შესწავლასა და დაუფლებას, რასაც ჰქვია ბიზნეს საქმიანობის ორგანიზება, დაგეგმვა, მართვა და ზოგადად ბიზნეს გარემოს შექმნა სხვადასხვა სფეროში - ჰუმანიტარულში, სოციალურში, საზოგადოებრივსა თუ ტექნიკურში და ა. შ..
ამ მიზნით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი საზოგადოებას სთავაზობს აკადემიურ პროგრამებს ბაკალავრიატში, მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. ერთგვარ ტრადიციად იქცა ის გარემოება, რომ ჩვენი სტუდენტები წარმატებით აგრძელებენ სწავლას ევროპისა და აშშ წამყვან უნივერსიტეტებში მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში. ზოგიერთ მათგანს უკვე მიენიჭათ მაგისტრის/დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ფაკულტეტზე შეძენილი იქნა საქართველოში ერთადერთი და ულტრათანამედროვე კრიმინალისტიკური აღჭურვილობა, რაც საშუალებას გვაძლევს მოვამზადოთ პროფესიონალი კრიმინალისტები III, IV, V საფეხურის სტანდარტით.
ფაკულტეტზე ფუნქციონირებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა აზერბაიჯანული და სომხური სკოლადამთავრებული ახალგაზრდებისათვის, რომლებიც სპეციალური პროგრამით ერთი წლის განმავლობაში ეუფლებიან ქართულ ენას, შემდეგში საბაკალავრო განათლების ქართულ ენაზე მიღების მიზნით.
2011 წელს ფაკულტეტის ბაზაზე გაიხსნა ლიტვური ენისა და კულტურის შემსწავლელი ცენტრი, რომლის საგანმანათლებლო პროგრამას აფინანსებს ლიტვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
ფაკულტეტს აქვს თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების შესაბამისი სტრუქტურა, რომელიც შედგება სასწავლო დეპარტამენტებისა და სასწავლო-სამეცნიერო ცენტრებისაგან. ესენია: ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, საფინანსო და საბანკო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სამართლის დეპარტამენტი, სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტი, ლიბერალურ მეცნიერებათა დეპარტამენტი, საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტი, საჯარო მმართველობისა და ელექტრონული ბიზნესის დეპარტამენტი, ქართული ფილოლოგიისა და მედია ტექნოლოგიების დეპარტამენტი, თეოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი.
ბოლო ხუთი წლის მანძილზე ფაკულტეტის ორგანიზებით არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. მათ შორის: ,,ვერბალური კომუნიკაციური ტექნოლოგიები“, „ხელისუფლება და საზოგადოება“, ,,ბიზნესი და სამართალი“, ,,მსოფლიო წესრიგი და კავკასია“, ,,რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები“, ,,სამართლის აქტუალური პრობლემები’’, ,,კრიმინოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში’’, ,,ეკონომიკური პოლიტიკა და ბიზნეს-პროცესების მართვა“, ,,ქართული ენის როლი საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საქმეში“, „მსოფლიო და გენდერი“ და ა. შ. ამ კონფერენციებისადმი ინტერესი საყოველთაო და მზარდი აღმოჩნდა, რასაც ადასტურებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნის უნივერსიტეტისა და სხვადასხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებში მოღვაწე მეცნიერების მონაწილეობა აღნიშნულ კონფერენციებში.
განსაკუთრებით პროდუქტულია ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა. მათ მიერ შექმნილია და გამოქვეყნებულია ათეულობით მონოგრაფია, სახელმძღვანელო, დამხმარე სახელმძღვანელო, მრავალი სამეცნიერო სტატია. ჩვენი პროფესურა და სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ ადგილობრივი თუ საზღვარგარეთის სამეცნიერო-სასწავლო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ სამეცნიერო კონფერენციებში.
ფაკულტეტზე დაფუძნებულია სასწავლო-სამეცნიერო ჟურნალები, სადაც იბეჭდება ნაშრომები მეცნიერების სხვადასხვა დარგებისა თუ მიმართულებების მიხედვით. კერძოდ: ,,ეკონომიკა“, ,,სოციალური ეკონომიკა“, ,,ბიზნეს-ინჟინერინგი”, „ხელისუფლება და საზოგადოება“, ,,თემიდა“, ,,საისტორიო ვერტიკალები“, ,,პარალელი“, ,,განათლება”, ,,Scripta manent”, ,,სვეტიცხოველი“. ყველა ჟურნალი რეფერირებადია და საერთაშორისო აღიარება აქვთ მოპოვებული.
შეიქმნა სტუდენტთა პორთფოლიოების ერთიანი ბაზა. ბაზაში გათვალისწინებულია ისეთი აქტივობები, რომელიც დამსაქმებელს შესაძლებლობას მისცემს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სრულყოფილად შეისწავლოს მომავალი თანამშრომლის პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები.
ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც სტუდენტები გადიან სტაჟირებას და პრაქტიკას.
ჩვენი სტუდენტები აქტიურად არიან ჩართულნი გაცვლით პროგრამებში, წელიწადში 15-20 სტუდენტი იგზავნება პრაქტიკაზე გერმანიაში.