Bridge2ERA EaP - გერმანიის განათლებისა და კვლევის სამინისტროს საგრანტო კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის

გერმანიის მთავრობის განათლების და კვლევების ინტერნაციონალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, გამოცხადებულია საგრანტო კონკურსი "Bridge2ERA EaP", რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ კვლევით სივრცეში ქვეყნების ჩართვის ხელშეწყობას, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების გზით.   

Bridge2ERA EaP მხარდამჭერი პროგრამის მიზანია, რომ გერმანელმა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, სომხეთი, საქართველო და უკრაინა) წარმომადგენელმა პარტნიორებმა შეძლონ საერთო კვლევითი და ინოვაციური პროექტების ჰორიზონტი 2020 პროგრამასთან (ასევე, Horizon Europe ჩარჩო პროგრამასთან) დაკავშირება და ამ გზით ინტენსიური და ხანგრძლივი თანამშრომლობის ჩამოყალიბება.

Bridge2ERA EaP მხარდამჭერი პროგრამა განკუთვნილია ყველა სამეცნიერო მიმართულებით მოღვაწე მკვლევრებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მომავალში ევროკავშირის ჩარჩო პროგრამებით (Horizon 2020 & Horizon Europe) განსაზღვრულ თემატურ სფეროებში ღირებული წვლილის შეტანა.

Bridge2ERA EaP მხარდამჭერი პროგრამა ითვალისწინებს დაფინანსებული პროექტის ფარგლებში აკადემიური პერსონალის გაცვლას, საერთაშორისო პარტნიორობის ხელმძღვანელობას, ასევე, ღონისძიებების, სემინარების და პროექტების ჩატარებას.

Bridge2ERA EaP მხარდამჭერი პროგრამაში საპროექტო განაცხადის შეტანის უფლება აქვს გერმანულ მხარეს, რომელიც შეიძლება იყოს უნივერსიტეტი, არა-საუნივერსიტეტო კვლევითი ინსტიტუტი, სხვა დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ კვლევით საქმიანობას, ასევე, მცირე და საშუალო საწარმოები (SMEs).

საპროექტო განაცხადი გერმანულმა მხარემ უნდა შეიტანოს მინიმუმ ერთ პარტნიორთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის რომელიმე ქვეყნიდან: სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსი, საქართველო, მოლდოვის რესპუბლიკა და უკრაინა. კვლევით პროექტში შესაძლებელია სხვა პარტნიორების მონაწილეობა, თუ მათი ჩართულობა კვლევაზე პოზიტიურად აისახება.

Bridge2ERA EaP მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამარჯვებული საპროექტო წინადადება დაფინანსდება 40.000 ევროს ოდენობის თანხით. ხოლო თუ პროექტში გერმანული მცირე ან საშუალო საწარმოც იღებს მონაწილეობს, თანხა შეიძლება 50.000 ევრომდე გაიზარდოს. პროექტის ხანგრძლივობა 24 თვემდეა განსაზღვრული.

საგრანტო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი ტიპის ხარჯების დაფინანსებას:

• მეცნიერთა და ექსპერტთა მგზავრობისა და  საცხოვრებელის ხარჯები საზღვარგარეთ;
• სემინარების ორგანიზება როგორც გერმანიაში, ასევე სამიზნე რეგიონში ახალი ურთიერთთანამშრომლობის პოტენციალის შესასწავლად და დასამყარებლად ნაცნობ პარტნიორებთან;
• საერთაშორისო კავშირების დამყარების მიზნით საკოორდინაციო და მხარდამჭერი აქტივობების განსახორციელებლად დაქირავებული პერსონალის ხარჯები.

Bridge2ERA EaP მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში საპროექტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 6 დეკემბერი.

საპროექტო წინადადებების წარდგენა გერმანულენოვან ელექტრონულ განაცხადების სისტემაში „easy-Online” მეშვეობით ხდება.

Bridge2ERA EaP მხარდამჭერი პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ბმული.

Bridge2ERA EaP მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის სრული მოთხოვნები ხელმისაწვდომია გერმანულ ენაზე.

სიახლეებში დაბრუნება