Erasmus+ - ადმინისტრაციული პერსონალის ტრეინინგი იგნაცი ლუკასევიჩის სახ. ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

04/01/2019 18-22 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის უფროსის მოადგილე, ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პოლონეთის იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Rzeszow University of Technology – RUT). ვიზიტი ERASMUS+ KA1 პროექტის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლის ფარგლებში განხორციელდა.

ასისტ. პროფ. ნინო ჟიჟილაშვილმა მონაწილეობა მიიღო პოლონეთის უნივერსიტეტში გამართულ ღონისძიებაში „საერთაშორისო დღე“, სადაც მან წარმოადგინა პროეზენტაცია საქართველოსა და  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, მისი საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის საქმიანობის შესახებ, ასევე, ვრცლად ისაუბრა სტუდენტების მოზიდვასთან დაკაშირებულ გამოცდილებაზე და სტუდენტური მობილობის ბენეფიტებზე.

  

საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ოფისში ქალბატონი ჟიჟილაშვილი შეხვდა უნივერსიტეტის უცხოელ სტუმრებს, რომლებიც, ასევე, Erasmus+ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობით იმყოფებოდნენ ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტში: ბრაზილიელ პროფესორებს ორუ პრეტოს ფედერალური უნივერსიტეტიდან, გილერმო ჟორჟე ბრიგოლინი სილვესა (Guilherme Jorge Brigolini Silvę) და პაულო სანტოს ასისას (Paulo Santos Assisa) და ყაზახეთის მ.ხ. დულატის სახელობის ტარაზის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბოლონიის პროცესისა და აკადემიური მობილობის განყოფილების წარმომადგენელს, ქალბატონ ასელ ბაიდილდაევას (Assel Baydildaeva).

საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე პოლონელმა მასპინძლებმა, Erasmus+ პროგრამის კოორდინატორებმა ქალბატონმა მონიკა სტანიშმა (Monika Stanisz) და ქალბატონმა ჯოანა რუშელმა (Joanna Ruszel) კოლეგებს გააცნეს ევროპული უნივერსიტეტის სტრუქტურა, სტუდენტებისა და პერსონალის შერჩევის, გაცვლისა და აღიარების პროცედურები. პოლონელმა, ყაზახმა, ბრაზილიელმა და ქართველმა კოლეგებმა ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება, მუშაობის პრაქტიკა და მეთოდები.

უნივერსიტეტის სტუმრებმა დაათვალიერეს ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები.

ასევე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორთან საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით, პროფ. გჟეგოჟ ოსტაშთან (Grzegorz Ostasz) და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ქალბატონ ედიტა პტაშეკთან (Edyta Ptaszek). შეშხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს, პოლონეთის, ბრაზილიისა და ყაზახეთის უმაღლესი განათლების სისტემებს და მიმდინარე პროცესებს. ასევე, განხილული იქნა სამომავლოდ ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განხორციელების შესაძლებლობები.

   

მობილობის პოგრამა ითვალისწინებდა სოციალურ-კულტურულ აქტივობებსაც, რომლის ფარგლებშიც საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, ქალბატონმა მონიკა სტანიშმა  და ქალბატონმა ჯოანა რუშელმა თავიანთ კოლეგებს დაათვალიერებინეს ჟეშუვის ღირსშესანიშნაობები.

აღსანიშნავია, რომ იგნაცი ლუკასევიჩის სახელობის ჟეშუვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ისტორია 1978 წლიდან იწყება. ამჟამად უნივერსიტეტის 6 ფაკულტეტზე 24 სასწავლო კურსი ხორციელდება, რომლებზედაც 17000 სტუდენტი სწავლობს.

სიახლეებში დაბრუნება