პროექტი Creative Spark - ინგლისური ენის სწავლების უფასო კურსები დისტანციური სწავლების მეთოდით - Learn English Select

01/15/2019

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბრიტანეთის საბჭოსთან პარტნიორობით, დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ინგლისურის ენის (ბიზნესინგლისური) სწავლის ან გაუმჯობესების პრაქტიკულ კურსს დისტანციური სწავლების მეთოდით -  Learn English Select.

სასწავლო კურსი - Learn English Select შემოთავაზებულია ბრიტანული საბჭოების პროგრამის „შემოქმედებითი ნაპერწკალი: სამეწარმეო განათლების პროგრამა უმაღლესი სასწავლებლებისთვის“ გამარჯვებული საგრანტო პროექტის ძირითადი ფაზის იმპლიმენტაციის გეგმის ფარგლებში და ის სრულიად დაფინანსებულია ბრიტანეთის საბჭოს მიერ.

კურსი განკუთვნილია ნებისმიერი ასაკის, ფაკულტეტის თუ საფეხურის სტუდენტის, აკადემიური პერსონალისა და ადმინისტრაციის თანამშრომლისთვის.

შემოთავაზებული სასწავლო კურსის უპირატესობებია:
  • დროის მოქნილი გრაფიკი, რომელიც სრულად არის მორგებული კურსის მონაწილის ინტერესებზე
  • ბენეფიციარი საკუთარი სურვილისამებრ გეგმავს და ირჩევს სწავლების დროს
  • სწავლების დისტანციური მეთოდი
  • ენის პრაქტიკულ გამოყენებაზე ორიენტირებულობა, რაც მიიღწევა ბრიტანეთის საბჭოს მიერ შემუშავებული პრაქტიკული სავარჯიშოებით, რომლებიც ერთდროულად ავითარებენ გრამატიკულ ცოდნას, სიტყვათა მარაგს, გამოთქმას და სამუშაო გარემოში საჭირო სხვადასხვა პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს
კურსის დასრულების შემდგომ ბენეფიციარები შეძლებენ:
  • დაამყარონ ეფექტური კომუნიკაცია სხვადასხვა ბიზნესგარემოსა და სიტუაციაში, შეხვედრების, პირადი კომუნიკაციისა და პრეზენტაციების ჩათვლით;
  • გააკეთონ განაცხადი სასურველი სამსახურის მისაღებად და წარმატებით წარმოაჩინონ საკუთარი თავი გასაუბრებაზე;
  • ისაუბრონ სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ნებისმიერ საქმიან საკითხზე;
  • დააგროვონ და გაამრავალფეროვნონ სიტყვათა მარაგი, რომელსაც გამოიყენებენ ყოველდღიურ სამუშაო გარემოში.
კურსის საფეხურები და ხანგრძლივობა:
  • კურსი შედგება 6 ინტერაქციული საფეხურისგან. პროგრამა გთავაზობთ ინგლისური ენის ცოდნის დონეებს A2-დან C1-მდე.
  • თითოეული საფეხური შედგება 40 ინდივიდუალური გაკვეთილისგან
  • კურსის საშუალო ხანგრძლივობაა 20-25 კვირა
  • კურსი შედგენილია რეალური ცხოვრებისეული სიტუაციების მიხედვით და გთავაზობთ ნამდვილი სამუშაო ბიზნესგარემოს სიმულაციას
მთელი კურსი შემუშავებული და დაგეგმილია თავად ბრიტანეთის საბჭოს მიერ, ბრიტანეთის საბჭოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

რეგისტრაციისთვის აუცილებელია:
  • ინგლისური ენის ცოდნა სულ მცირე A1 საფეხურიდან (დამწყები)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ელექტრონული ფოსტის მოქმედი მისამართი @gtu.ge
  • პროგრამაზე დარეგისტრირება შესაძლებელია ბმულის მეშვეობით.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 14 თებერვალი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია.

აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება ბრიტანეთის საბჭოსა და კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) პარტნიორობის ფარგლებში და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროექტის ინსტიტუციურ კოორდინაციას ერთობლივად ანხორციელებენ სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახური და სტუ-ს კომერციალიზაციის დეპარტამენტი, ხოლო პროექტი სტუ-ს „ინოვაციების ცენტრი“-ს ეგიდით ხორციელდება. 

პროექტის მთავარი პარტნიორია სტუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა და სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტი.

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწეროთ ელ.ფოსტაზე: tvitmmartveloba@gtu.ge

პროგრამაში მონაწილეებს ბრიტანეთის საბჭო ჩაუტარებს სპეციალურ ტესტირებას ენობრივი დონის დასადგენად, რის შემდეგაც მონაწილეები შესაბამის ენობრივ ჯგუფებში განაწილდებიან.

სიახლეებში დაბრუნება