ჩვენს შესახებ

სამშენებლო მანქანებისა და მექანიკური მოწყობილობების აკადემიური მიმართულება

ისტორია და ზოგადი ცნობები
სამშენებლო მანქანების და მექანიკური მოწყობილობების აკადემიური მიმართულება თავის საწყისს იღებს თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინჟინერთა ინსტიტუტში არსებული „სამშენებლო და სალიანდაგო მანქანების“ კათედრისაგან, რომელსაც ხელმძღვანელობდა ინჟინერ-მექანიკოსთა ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე საქართველოში პროფესორი ივანე ბაქრაძე. 1959 წელს ინსტიტუტის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტთან შეერთების შემდეგ აღნიშნული კათედრის ბაზაზე 1961 წელს ჩამოყალიბდა „სამშენებლო და საგზაო მანქანებისა და მოწყობილობების კათედრა“, რომელსაც დაარსების დღიდან 1989 წლამდე ხელმძღვანელობდა ცნობილი მეცნიერი პროფესორი იური ქართველიშვილი. 1989 წლიდან დღემდე მიმართულების ხელმძღვანელია პროფესორი მიხეილ შილაკაძე. სხვადასხვა დროს კათედრა ფუნქციონირებდა მექანიკა-მანქანათმშენებლობის, ავტომექანიკურ,  სამშენებლო და სატრანსპორტო ფაკულტეტებზე, ამჟამად კი სტუ-ს სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტზე. 
თავისი არსებობის მანძილზე კათედრამ გამოუშვა 2000-ზე მეტი სპეციალისტი, რომლებიც წარმატებით მოღვაწეობენ, როგორც საქართველოში ისე მის გარეთ. მათ შორის 12 ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორია.
ბაკალავრებისა და მაგისტრების მომზადების სასწავლო გეგმა შეესაბამება მსოფლიოს წამყვანი ტექნიკური უნივერსიტეტების სპეციალისტების მომზადების პროგრამებს. კათედრის ძალებით, ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს ეკითხება თანამედროვეობის შესატყვისი ისეთი დისციპლინები, როგორიცაა: მექანიკური მოწყობილობის საიმედოობა, ტრიბოტექნიკა, მანქანათა დინამიკა, რხევების თეორია, რიცხვითი მოდელირება, პროექტირების ავტომატიზირებული სისტემები. ამასთან ზოგიერთი მათგანი, როგორც ცალკე დისციპლინა, პირველად იკითხება რესპუბლიკის უმაღლეს სასწავლებლებში (ტრიბოტექნიკა, მექანიკური მოწყობილობის საიმედოობა).
აკადემიურ მიმართულებაზე მოღვაწეობს 4 მეცნიერებათა დოქტორი (მათ შორის ორი საინჟინრო აკადემიის წევრი).
აკადემიურ მიმართულების კურსდამთავრებულები წარმატებით მუშაობენ, როგორც სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში, ისე წარმოებებში: ამწე-სატრანსპორტო, სამშენებლო-საგზაო, ლიფტებისა და კომუნალური მანქანების დამპროექტებელ და საექსპლუატაციო ორგანიზაციებში. მუშაობენ აგრეთვე საგზაო პოლიციაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე.

სამეცნიერო და საცდელ-საკონსტრუქტორო საქმიანობა

აკადემიური მიმართულება აწარმოებს სამშენებლო-საგზაო, ამწე-სატრანსპორტო მანქანების, ლიფტების და სხვა მექანიკური მანქანა-მოწყობილობების კვლევას მათი პროექტირებისა და ექსპლუატაციის მიმართულებით. ამასთან მისი სპეციალიზირების ძირითადი ობიექტებია: ამწე-სატრანსპორტო მანქანები, ლიფტები, სატრანსპორტო-ტექნოლოგიური საშუალებები და სამშენებლო ინდუსტრიის მექანიკური მოწყობილობების კვანძები და აგრეგატები.
აკადემიური მიმართულების ბაზაზე შექმნილია „სამშენებლო, საგზაო, ამწე-სატრანსპორტო და სალიანდაგო მანქანების სასწავლო-სამეცნიერო, საპროექტო, დიაგნოსტიკის და ექსპერტიზის“ ცენტრი, რომლის საქმიანობის კონკრეტული მიზნებია სამშენებლო, საგზაო, ამწე-სატრანსპორტო და სალიანდაგო მანქანების საწეველების, კონვეიერების, ტრანსპორტირების, ლიფტების, სამრეწველო და სატრანსპორტო ობიექტების ტექნოლოგიური დანიშნულების ამწე-სატრანსპორტო მანქანა-მოწყობილობების პროექტირება, მოდერნიზირება, დიაგნოსტიკა, ექსპერტიზა. აგრეთვე რიგი მანქანების (ამწეების, ექსკავატორების, ბულდოზერების, საბურღი მოწყობილობების და სხვა მანქანების ოპერატორების მომზადება).
ამასთან აკადემიური მიმართულების მეცნიერული სფეროებია მექანიკურ მოწყობილობათა ექსპლუატაციის უმთავრესი კრიტერიუმების - ტრიბოლოგიური სისტემების და მანქანათა და მათი აგრეგატების საიმედოობის ძირეული საკითხების კვლევა.
შესაბამისად აკადემიური მიმართულების საქმიანობის ძირითადი სფეროა ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სამშენებლო ნაგებობების და სამშენებლო ინდუსტრიის ქარხნების მექანიკური მოწყობილობის პრობლემები.
აკადემიური მიმართულების ძალისხმევით მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული სამების ტაძრის გუმბათის დამონტაჟებაში, თბილისში თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მარიოტის“ მშენებლობის ამწით უზრუნველყოფაში, ენგურჰესის, ფოთის პორტის, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის, ჰაიდენბერგის ცემენტის ქარხანის რუსთავში, კასპის აგურის ქარხანის, „აზოტის“ და ქვეყნის სხვა მრავალი საწარმოს გაშვება-რეანიმაციაში.
მიმართულებაზე ფუნქციონირებს საკონსტრუქტორო ბიურო ექსპერტთა ჯგუფით, რომელიც დაკავებულია ძირითადად ამწე-სატრანსპორტო მანქანების და მექანიზმების პროექტირებით და მათი ატესტირებით. კათედრის სპეციალისტები სისტემატურად მიიწვევიან საექსპერტო დასკვნებისათვის.
აკადემიური მიმართულება ტექნიკური უნივერსიტეტის ერთ-ერთი უძველესი აკადემიური ქვედანაყოფია. იგი 1960 წლიდან ფუნქციონირებს დამოუკიდებელი სტატუსით და უშვებს სპეციალისტ-მექანიკოსებს საშენი მასალების საწარმოებისათვის; სამოქალაქო, სამრეწველო, საგზაო და სარკინიგზო მშენებლობებისათვის.
სტუდენტების მომზადებას ემსახურება გამოცდილი პროფესორ-მასწავლებლები, მათ შორის 3 სრული პროფესორი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი,  4 ასოცირე¬ბუ¬ლი პროფესორი.
   მათ მიერ მომზადებულია 20 სახელმძღვანელო და 15 მონოგრაფია, 300-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მიღებული აქვთ 80-ზე მეტი საავტორო მოწმობა და პატენტი, აქტივშია ერთი განაცხადი აღმოჩენაზე.
     მიმართულების ლაბორატორიული ბაზა აღჭურვილია სამშენებლო მანქანებისა და მექანიზმების მოქმედი მოდელებით, შესაბამისი საკვლევი და ლაბორატორიული ელექტრონულ-გამზომი ტექნიკით, სხვადასხვა სახის ამწეების, ექსკავატორების და პნევმატურ თვლებიანი სამრეწველო ტრაქტორის სიმულატორებით (ტრენაჟორებით). უკანასკნელთა მეშვეობით სტუდენტები ეუფლებიან ამ მანქანების ტარებისა და მართვის ჩვევებს.
ბაკალავრიატის და მაგისტრატურის კურსდამთავრებულებს შეუძლიათ იმუშაონ: სამოქალაქო, სამრეწველო, ჰიდროტექნიკურ, სატრანსპორტო, სამხედრო-საინჟინრო სამშენებლო ობიექტებზე, საშენი მასალის საწარმოებში, საზღვაო პორტებში, სარკინიგზო-სატვირთო სადგურებში, სატვირთო ტერმინალებზე, საგზაო-საპატრული პოლიციაში. აგრეთვე კვლევით და საპროექტო ორგანიზაციებში, შესაბამის სადილერო და კომერციულ კომპანიებში, სახელმწიფო ტექნიკური ზედამხედველობის სტრუქტურებში, საექსპერტო ბიუროებში, სასწავლო დაწესებულებებში. 
პროფესიული სწავლების კურსდამთავრებულებს შეუძლიათ იმუშაონ ოსტატებად ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საწარმოებსა და ორგანიზაციებში, მათ შორის, იმ ორგანიზაციებში, რომლებიც ამონტაჟებენ, ემსახურებიან და შეაკეთებენ ლიფტებს (თბილლიფტი, ლიფტმონტაჟი, კომპიუტერლენდი, შპს: „პალადა“, „როზუ“, „NLG“ და სხვა). 
მიმართულების მასწავლებლებისა და სტუდენტების მიერ შესრულებული სამუშაოებიდან საჭიროა აღინიშნოს:
- ენგურჰესის ტექნოლოგიური დანიშნულების ამწე-სარტანსპორტო საშუალებების და რიგი მექანიკური მოწყობილობების რეანიმაციის პროექტები; 
- „ჯორჯიანტრან ექსპედიციის“ (თბილისი, ფოთი) საკონტეინერო ტერმინალებზე მოდერნიზებული იქნა მომუშავე ამწეების დიდი უმრავლესობა საკონტეინერო გადაზიდვებზე მორგების მიზნით; 
- სამების ტაძრის გუმბათის ლითონკონსტრუქციების და ჯვრის კვანძის მონტაჟი შესრულებულია მიმართულების ტექნიკური გადაწყვეტის საფუძველზე. ღვაწლი დაფიქსირებულია „წმიდა“ წიგნში _ „ასე შენდებოდა წმიდა სამების ტაძარი“; 
- სასტუმრო „მარიოტის“ მშენებლობა ქ. თბილისში თავისუფლების მოედანზე განხორციელდა მიმართულების საკონსტრუქტორო ბიუროში მოდერნიზირებული გრძელისრიანი ამწის მეშვეობით; 
- სამთავრობო კავშირგაბმულობის ანძის ტექნოლოგიური დანიშნულების ლიფტის პროექტი აწევის სიმაღლით 70მ (მახათას მთა). 
- 2015 წლიდან დაწყებული მეთვალყურეობა შპს „ფოთის საზღვაო ნავსადგურის“ და შპს „ტრანსფორდის“ (ფოთი) პერსპექტიული განვითარების არეალზე საპორტო სატრანსპორტო-ტექნოლოგიური მოწყობილობების შერჩევის მიმართულებით.