ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა "ქართული ხელნაწერი"

23-05-2016
2016 წლის 19-28 ივლისს სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ატარებს ქართველოლოგიის საერთაშორისო საზაფხულო  სკოლას "ქართული ხელნაწერი".

საზაფხულო სკოლა გათვალისიწინებულია ქართული ისტორიისა და კულტურის, განსაკუთრებით, კი, ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლით დაინტერესებული უცხოელი მკვლევრებისა და საქართველოს უნივერსიტეტების წარმომადგენლებისათვის (მაგისტრანტები, დოქტორანტები, მაგისტრები და დოქტორები), რომელთა სამეცნიერო ინტერესები შეესაბამება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ძირითად სამეცნიერო-კვლევით მიმართულებებს: ძველი ქართული ფილოლოგია, წყაროთმცოდნეობა, არქივთმცოდნეობა, ხელნაწერი წიგნის კულტურა, რესტავრაცია, დიგიტალიზაცია და სხვ.

ქართველოლოგიის სეზონური სკოლის აკადემიური პროგრამა საკმაოდ დატვირთულია და მოიცავს 20-ზე მეტ ლექციას, ვორქშოფებს, ინტერაქტიულ პროგრამას, გამოფენას. სასწავლო კურსებს წარუძღვებიან ქართველოლოგიის სფეროში ცნობილი ქართველი და უცხოელი მეცნიერები. აღსანიშნავია, რომ სკოლის მსმენელებს მიეცემათ საშუალება, დაამყარონ სასარგებლო სამეცნიერო კონტაქტები ხელნაწერთმცოდნეობის დარგში ავტორიტეტულ მკვლევრებთან. სკოლის სამუშაო ენა ინგლისურია. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით.

ქართველოლოგიის სეზონური სკოლა ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. სკოლა უზრუნველყოფს  მსმენელების  დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და აკადემიურ პროგრამას, გასვლითი ლექციების ჩათვლით. სკოლა არ ანაზღაურებს მსმენელების  მგზავრობის ხარჯს.
პროექტი ითვალისწინებს 16 მონაწილის (8 უცხოელი და 8 საქართველოს მოქალაქე) დაფინანსებას. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ ჰუმანიტარული მიმართულებით მომუშავე კანდიდატებს - სტუდენტებს (მაგისტრანტები, დოქტორანტები) და ახალგაზრდა მეცნიერებს (მაგისტრები და დოქტორები, რომლებსაც დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭათ ბოლო შვიდი წლის პერიოდში), რომლებიც დაინტერესებულნი არიან კავკასიის რეგიონისა და ქართველოლოგიური კვლევებით. საზაფხულო სკოლის დასრულების შემდეგ სკოლის მსმენელებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

საზაფხულო სკოლის „ქართული ხელნაწერი“ მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სააპლიკაციო ფორმა უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტით, შემდეგ მისამართზე: seasonalschool@manuscript.ac.ge, მიმდინარე წლის 27 ივნისამდე. შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არა უგვიანეს 10 ივლისისა.

დამატებითი ინფორმაციისათვის: www.manuscript.ge.

საკონტაქტო პირი:
ირინა გოგონაია
კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგარეო ურთიერთობათა, განვითარებისა და განათლების დეპარტამენტი

ტელ.: 577 79 54 54
ელ.ფოსტა: irinagogonaia@manuscript.ac.ge

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები