სტუ-ში მეცხრე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა - თემაზე: „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

სტუ-ში მეცხრე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა - თემაზე: „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“

25-07-2019 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დაარსებიდან 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მეცხრე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა - თემაზე: „წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვის, არქიტექტურისა და მშენებლობის თანამედროვე პრობლემები“.
ღონისძიებაში მონაწილეობა 11 ქვეყნის: საქართველო, ლიტვა, ლატვია, რუსეთი, ბელარუსია, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ესპანეთი, პორტუგალია, იტალია მეცნიერ-სპეციალისტებმა მიიღეს.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა: „გულითადად ვულოცავ 90 წლის იუბილეს ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლებს, დოქტორანტებს და ვუსურვებ მრავალ წარმატებას ჩვენი ქვეყნის წყალთა მეურნეობის, გარემოს დაცვისა და მელიორაციის მეცნიერების განვითარების საქმეში. აღსანიშნავია, რომ 2011 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის ინტეგრირების შემდეგ ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლების მიერ დამუშავდა სასწავლო პროგრამები სასოფლო-სამეურნეო მელიორაციის მიმართულებით ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის, ასევე პროფესიული გადამზადების პროგრამა, რომელმაც განხორციელება ჰპოვა ტექნიკური უნივერსიტეტის დიდი ჯიხაიშის სასოფლო-სამეურნეო კოლეჯში. 2019 წელს მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ინსტიტუტში დამუშავდა მელიორაციის მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ კომპანიის 50-ზე მეტმა სპეციალისტმა უნივერსიტეტში გადამზადება გაიარა. ინსტიტუტის მიერ 2011-2019 წლებში მომზადდა და დაცული იქნა 8 სადოქტორო სადისერტაციო და 6 სამაგისტრო ნაშრომი. ინსტიტუტის 12 მეცნიერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტსა და საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში კითხულობენ ლექციებს. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი EU-ის, FP-7-ის, NATO-ს საგრანტო პროექტების დამუშავებაში. უნდა აღინიშნოს, რომ ინსტიტუტმა 2010-2019 წლებში გაიმარჯვა და შეასრულა ორი ევრო გრანტი: ერთი NATO-ს და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტი, მეორე საზღვარგარეთ სტაჟირების გრანტი. 13-მა თანამშრომელმა სტაჟირება გაიარა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა: ავსტრია, ნიდერლანდები, ჩეხეთი, პოლონეთი, ჩინეთი, ისრაელი, აშშ.“ - აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა არჩილ ფრანგიშვილმა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი 1925 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო მთავრობის დადგენილებით 1929 წელს დაფუძნდა, როგორც ამიერკავკასიის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტი, სადაც 500-ზე მეტი მეცნიერ-თანამშრომელი მუშაობდა. ინსტიტუტი ამიერკავკასიაში, 70 წლის განმავლობაში ერთადერთი იყო, რომელიც ღვარცოფების, ნიადაგის წყლისმიერი და ქარისმიერი ეროზიის, ჰიდრომელიორაციული და ჰიდროტექნიკური ნაგებობების საიმედოობასა და რისკს იკვლევდა.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა გივი გავარდაშვილმა ინსტიტუტში წლების განმავლობაში ჩატარებული სამუშაოები განიხილა და აღნიშნა: „ინსტიტუტში ფუნქციონირებს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ხუთი განყოფილება. 70 თანამშრომლიდან 37 მეცნიერია, მათ შორის რამდენიმე აკადემიკოსი. ინსტიტუტის თანამშრომლები არიან მრავალი საერთაშორისო დიპლომისა და ხარისხის მფლობელები, ჩვენთან დამუშავდა არა ერთი სახელმწიფო თუ საერთაშორისო დონის პროექტი“ - განაცხადა გივი გავარდაშვილმა.
საერთაშორისო კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულმა სტუმრებმა სიტყვით გამოსვლისას კოლეგებს ინსტიტუტის იუბილე მიულოცეს და აღნიშნეს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტთან თანამშრომლობა.
ცნობისთვის: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ცოტნე მირცხულავას სახელობის წყალთა მეურნეობის ინსტიტუტში აღიზარდნენ საერთაშორისო დონის მეცნიერები, აკადემიკოსები: ცოტნე მირცხულავა, ოთარ ნათიშვილი; პროფესორები: მიხეილ გაგოშიძე, იოსებ ბუაჩიძე, ფრიდონ შატბერაშვილი, თამაზ ჟორდანია, ვახტანგ თევზაძე, ჯამლეტ მკერვალიშვილი, გიორგი ვოინიჩ-სიანოჟენსკი და მრავალი სხვა.

სიახლეებში დაბრუნება