Erasmus+ - სალექციო კურსი სატყეო მიმართულებით პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში

Erasmus+ - სალექციო კურსი სატყეო მიმართულებით პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში

25-06-2018 3-9 ივნისს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და
ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. გიორგი ქვარცხავა და ამავე
ფაკულტეტის პროფესორი ირინე დანელია, Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში,
სალექციო კურსის წასაკითხად, მობილობით იმყოფებოდნენ პოზნანის სიცოცხლის
შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში (Poznań University of Life Sciences - PULS)(პოლონეთი). მათთან ერთად, ადმინისტრაციული პერსონალის ტრენინგის მიზნით, პოლონეთის უნივერსიტეტში იმყოფებოდა საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მედიაარქივის ჯგუფის უფროსი ნიკოლოზ ბრეგვაძე.

ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა ლექციები წაიკითხეს პოზნანის უნივერსიტეტის სატყეო ფაკულტეტზე, სადაც ქართველი მეცნიერები ახლოს გაეცნენ ფაკულტეტზე მიმდინარე სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროცესებს.

პროფ. ქვარცხავამ სტუდენტებისთვის წაიკითხა სალექციო კურსი შემდეგ თემებზე: გარემოსდაცვითი ეფექტები, ეკონომიკური ზეგავლენა, კონტროლი და სტრატეგია.

პროფ. ირინე დანელიას სალექციო კურსის თემას წარმოადგენდა საქართველოს ტყეების ბიომრავალფეროვნება, ძირითადი მახასიათებლები, ეკოსისტემები და თანასაზოგადოებები; საქართველოს ტყეების ბოტანიკური მრავალფეროვნება, ენდემური, რელიქტური, გადაშენების პირას მყოფი სახეობები; მთავარი სიმდიდრეები და დაცული ტერიტორიები.

საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის მედიაარქივის ჯგუფის
უფროსმა ნიკოლოზ ბრეგვაძემ პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა
უნივერსიტეტის საერთაშორისო მობილობის ოფისში წარადგინა პრეზენტაცია სტუ-ს
საერთაშორისო ურთიერთობათა და სტანდარტების სამსახურის საქმიანობის შესახებ. იგი
გაეცნო ოფისის თანამშრომელთა მუშაობის პრაქტიკას, მეთოდებს, სადაც ევროპელმა
კოლეგებმა მას თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთში მობილობის პერიოდში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ კულტურულ-შემეცნებით ღონისძიებებში. მათ საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ტყის კულტურის ცენტრი გოლუხუვში, მუროვანა-გოსლინას სატყეო ექსპერიმენტული ზონა, მერქნიანი სახეობების დენდრარიუმი ზელიონკაში, კორნიკის დენდრარიუმი, მაგიდის მთების ეროვნული პარკი და ვოისლავიცას დენდრარიუმი და ბოტანიკური ბაღი.

პოზნანის სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში სტუ-ს წარმომადგენლების მობილობა განხორციელდა მიმდინარე Erasmus+ გაცვლითი პროექტის ფარგლებში, რომლის კოორდინატორია პოზნანის უნივერსიტეტი.

პოლონურ უნივერსიტეტში განხორციელებული მობილობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ აქ.


 

სიახლეებში დაბრუნება