დამატებითი ღია კონკურსი

დამატებითი ღია კონკურსი

20-06-2018

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აცხადებს დამატებით ღია კონკურსს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ერთეულების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (შემდგომში უნივერსიტეტი) აცხადებს ღია კონკურსს 5 წლის ვადით, უნივერსიტეტის ქვემოთ ჩამოთვლილი დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევით ერთეულების სამეცნიერო თანამდებობების (მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) დასაკავებლად:

1. მემბრანული ტექნოლოგიების საინჟინრო ინსტიტუტი;
მის: თბილისი, გურამიშვილის გამზ. #17, მე-2 სართული, ოთახი #220ბ, ტელ.: 592 38 38 12

2. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრი.
მის:  თბილისი, კოსტავას ქ. #68, პირველი სასწავლო კორპუსის, მე-4 სართული, ოთახი #403, ტელ.: 2 33 25 02.

I. განცხადებების მიღების და კონკურსის ჩატარების ვადები

1. კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის დამატებითი ინფორმაცია (მათ შორის საკონკურსო ადგილების რაოდენობა სამეცნიერო კვლევითი ერთეულების მიხედვით, დეტალური დამატებითი მოთხოვნები, კონკურსანტის ანკეტა, კონკურსანტის განცხადება, კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში გასაფორმებელი შრომითი ხელშეკრულება) გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge. განცხადებების მიღება იწარმოებს 2018 წლის 16 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით, 10:00-დან 17:00 საათამდე, ზემოთ მითითებულ მისამართებზე;
2. კონკურსი ჩატარდება 2018 წლის 23-24 ივლისს. კონკურსის პირველადი შედეგები გამოქვეყნდება არაუგვიანეს 2018 წლის 24 ივლისს, შესაბამისი საკონკურსო კომისიის მიერ თვალსაჩინო ადგილზე და უნივერსიტეტის ვებგვერდზე: www.gtu.ge;
3. კონკურსის ჩატარების წესის დარღვევასთან დაკავშირებით განცხადებები/საჩივრები საკონკურსო კომისიაში მიიღება 2018 წლის 27 ივლისის  ჩათვლით;
4. კონკურსში გამარჯვებულ პირებთან შრომითი ხელშეკრულებები გაფორმდება 2018 წლის 1 აგვისტოდან.
 
II. საკონკურსო პირობები
 
1. კონკურსის ძირითადი პირობები:
ა) მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
ბ) უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
2. კონკურსში მონაწილეობის მსურველმა პირადად  (ან წარმომადგენლის მეშვეობით) უნდა წარმოადგინოს:
ა) სათანადო ფორმით შედგენილი და ხელმოწერილი განცხადება და ანკეტა (ფორმები იხ. სტუ-ს ვებგვერდზე), აგრეთვე მათში წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია: დიპლომი, სერტიფიკატი, მოწმობა, სიგელი, ცნობა და ა.შ. (დედანი და ასლი); 
ბ) სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი და ასლი);
გ) სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილების (სტაჟის) დამადასტურებელი საბუთი (საბუთები) დამოწმებული შესაბამისი ორგანიზაციის/დაწესებულების ბეჭდით;
დ) სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომების ნუსხა, დამოწმებული შესაბამისი დაწესებულების/ ორგანიზაციის ან მისი სტრუქტურული ერთეულის  კომპეტენტური პირის ხელმოწერითა და ბეჭდით;
ე) პირადობის მოწმობა (დედანი და ქსეროასლი);
ვ) 2 ფოტოსურათი, 3X4.
     
III. კონკურსის ჩატარების წესი
 
1. კონკურსი ჩატარდება “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის, უნივერსიტეტის წესდებისა და შესაბამისი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესის  შესაბამისად, რომლებსაც კონკურსანტი გაეცნობა საკონკურსო კომისიებში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
2. საკონკურსო კომისიის მიერ გათვალისწინებული იქნება: კონკურსანტის კვალიფიკაციის და კომპეტენციის შესაბამისობა საკონკურსო თანამდებობასთან, მათ შორის საკონკურსო თანამდებობის პროფილის შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი, პრაქტიკული და სხვა აქტივობები, მიღწევები, კვალიფიკაციები, გამოცდილება და დამსახურება; ასევე (კომისიის გადაწყვეტილებით) კონკურსანტთან (კონკურსანტებთან) ჩატარებული ინტერვიუს შედეგები.
3. კონკურსის  შედეგების გასაჩივრება შესაძლებელია სასამართლოში, თანახმად მოქმედი კანონმდებლობისა.

 

სიახლეებში დაბრუნება