ათასწლეულის გამოწვევების ფონდის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული პროექტი "რობოტი ლაბორანტი"

ათასწლეულის გამოწვევების ფონდის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებული პროექტი "რობოტი ლაბორანტი"

09-06-2018 ათასწლეულის გამოწვევების ფონდმა ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინა. პირველ ადგილზე გავიდა AIA GESS გიმნაზიის პროექტი "რობოტი ლაბორანტი", საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის დავით სონღულაშვილის ხელმძღვანელობით.

პროექტის ავტორები არიან გიმნაზიის მე–10 და მე–11 კლასის მოსწავლე გოგონები ანი თეთრაშვილი, თამარ მიქელაძე და ნინი ხუნძაყიშვილი. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს საგანმანათლებლო პროგრამაში.

აღსანიშნავია, რომ პროექტი შეიქმნა სტუ-ს საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტის ვირტუალური მოდელირების ცენტრში, დეპარტამენტსა და AIA GESS გიმნაზიას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. პროექტის მიზანია კვლევისა და ექსპერიმენტის გზით დისტანციური სწავლების დანერგვა.

მოსწავლე გამომგონებლებმა და მომავალმა მეცნიერებმა შექმნეს დისტანციურად მართვადი სამი რობოტი. შექმნილი რობოტების დახმარებით მოსწავლეები შეძლებენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ცდები დამოუკიდებლად, სახლიდან გაუსვლელად ჩაატარონ. რობოტი ლაპარაკობს და მიმდინარე ექსპერიმენტის შესახებ მოსწავლის კითხვებს პასუხობს. მოწყობილობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვისაც და ის ხმოვანი ბრძანებებით იმართება.

ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელმა პროფ. დავით სონღულაშვილმა აღნიშნა  ახალგაზრდების განსაკუთრებული ინტერესი თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართ. ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, რამდენიმე სკოლამ ეს პრაქტიკაშიც დანერგა, თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლება უფრო ფართოდ უნდა დაინერგოს სკოლებში.

„რობოტი ლაბორანტი“ პროექტის შესახებ მომზადებული ვიდეოსიუჟეტი და საკონკურსო პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

 

სიახლეებში დაბრუნება