Erasmus+ საერთაშორისო კვირეული - სალექციო კურსი მასალათმცოდნეობაზე სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში

06-06-2018 21-25 მაისს სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში (Silesian University of Technology - SUT) (გლივიცე, პოლონეთი) გაიმართა Erasmus+ საერთაშორისო კვირეული, სადაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ლოლაძემ.

ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობდა მსოფლიოს 21 ქვეყნის უნივერსიტეტების 48 წარმომადგენელი, მათ შორის სერბეთიდან, ალბანეთიდან, კოსოვოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ჰონდურასიდან, მექსიკიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, სურინამიდან, ეთიოპიიდან, გვატემალადან, კოლუმბიიდან, მონტენეგროდან, კოსტა რიკიდან, ურუგვაიდან და ა.შ.

Erasmus+ საერთაშორისო კვირეულის მონაწილეებმა დაათვალიერეს სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრი, კამპუსები, მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტი და მისი ლაბორატორიები, დაესწრნენ პრაქტიკულ და  ლაბორატორიულ მეცადინეობებს, სადაც ფაკულტეტისა და ლაბორატორიების ხელმძღვანელებმა უნივერსიტეტის სტუმრებს გააცნეს თავიანთი მიღწევები სასწავლო და სამეცნიერო სფეროში.

სილეზიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში Erasmus+ მობილობის ფარგლებში სტუ-ს ასოც. პროფ. თამარ ლოლაძემ უნივერსიტეტის კატოვიცეს კამპუსში მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე მასალათმცოდნეობის სპეციალობის დოქტორანტებს წაუკითხა საჯარო ლექციები ისეთ თემებზე, როგორიცაა კომპოზიციური მასალები, ნანოფხვნილები და დანაფარები, სპეციალური დანიშნულების მასალები. სტუდენტებთან მან, ასევე, ისაუბრა საქართველოს  ტექნიკური უნივერსიტეტისა და   ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტის სასწავლო და სამეცნიერო აქტივობების შესახებ და მონაწილეობა მიიღო დისკუსიებში.

ქართველი პროფესორი, ასევე, ესტუმრა უახლესი აპარატურით აღჭურვილ ნანოტექნოლოგიების ლაბორატორიას და კატოვიცეში არსებულ მასალათმცოდნეობისა და მეტალურგიის და ტრანსპორტის ფაკულტეტებს. მან დაათვალიერა ფაკულტეტებთან არსებული ლაბორატორიები, გაეცნო პოლონელი კოლეგების მდიდარ გამოცდილებას.

პროფ. იანუშ რიხტერთან, პროფ. ალექსანდრ სლადკოვსკისთან, სხვა პოლონელ კოლეგებთან და სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად განხლილული იქნა სასწავლო და სამეცნიერო სფეროში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო კვირეული Erasmus+ გაცვლითი პროგრამის KA107 პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და რომლის კოორდინატორია სილეზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. საგულისხმოა, რომ საქართველოს პარტნიორი უნივერსიტეტებიდან ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად კოორდინატორი უნივერსიტეტის მიერ სტუ-ს პროფესორი იქნა შერჩეული.

 

სიახლეებში დაბრუნება