პროექტი InnoCENS - პრაქტიკული სემინარი „ინოვაციური პედაგოგიკის მეთოდები და მეწარმეობითი უნარების განვითარება“

05-06-2018 16-21 აპრილს, ყაზახეთის ტარაზის სახელმწიფო უნივერსიტეტში (Taraz State University) ჩატარდა პრაქტიკული სემინარი „ინოვაციური პედაგოგიკის მეთოდები და მეწარმეობითი უნარების განვითარება“. პრაქტიკული სემინარი გაიმართა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის InnoCENS (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education) პროექტის ფარგლებში, რომელშიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მონაწილეობს, როგორც პროექტის კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტი. პროექტის კოორდინატორია შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი.

პროექტი InnoCENS წარმოადგენს Erasmus+ KA2 აქტივობის საგრანტო ინსტიტუციური განვითარების პროექტს და მიზნად ისახავს ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში. ასევე, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კონსორციუმის წევრი უნივერსიტეტების მონაწილეობით შეიქმნას ევროპული სტანდარტის მქონე ორი სასწავლო კურსის „ინოვაციური სისტემები“ და „მეწარმეობა ინჟინრებისთვის“ სილაბუსი.

ტარაზის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორგანიზებული სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენდა აკადემიური პერსონალის გადამზადება პროექტის პარტნიორი უნივერსიტეტებიდან. მომზადებული თანამშრომლები, პროექტის ამოცანების შესაბამისად, შემდგომში აღნიშნული თემატიკის ტრენინგ-სემინარებს ჩაატარებენ თავიანთ უნივერსიტეტებში.

ტრენინგი ითვალისწინებდა როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ მეცადინეობებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა ინოვაციური პედაგოგიკის მეთოდები, მეწარმეობითი უნარების განვითარება, ინოვაციური კომპეტენციების შეფასება, InnoPeda პრაქტიკული განხორციელების საშუალებები, ინოვაციურ კომპეტენციებზე დამყარებული კურიკულუმის პროექტის შექმნა, კომპეტენციების მატრიცა, ბიზნესის განვითარების ტრენერთა მომზადება და სხვ.

პრაქტიკულ სემინარს უძღვებოდნენ ტრენერები პროექტის პარტნიორი ესპანეთის ვალენსიის პოლიტექნიკური და ფინეთის ტურკუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტებიდან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან პრაქტიკულ სემინარში აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ ასოც. პროფ. მაკა ჯიშკარიანი (ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტი), ასოც. პროფ. მაია ჩეჩელაშვილი (ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტი), ასოც. პროფ. დავით ჯაფარიძე (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი) და ასოც. პროფ. ბორის გითოლენდია  (სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი).

პროექტის დასრულების შემდეგ სემინარის მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ.

 

სიახლეებში დაბრუნება