InnoCENS პროექტი - სტუ-ს ინოვაციების ცენტრის პრეზენტაცია

InnoCENS პროექტი - სტუ-ს ინოვაციების ცენტრის პრეზენტაცია

03-06-2018 23 მაისს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სტუ-ს ინოვაციების ცენტრის პრეზენტაცია. აღსანიშნავია, რომ სტუ-ს ინოვაციების ცენტრი იქმნება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის InnoCENS (Enhacing Innovation Competences and Entrepreneurial Skills in Engineering Education - ინოვაციური კომპეტენციების და სამეწარმეო უნარების ამაღლებას საინჟინრო განათლებაში) საგრანტო პროექტის ფარგლებში.

პროექტის კოორდინატორია შვედეთის სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი. საქართველოს მხრიდან პროექტის კონსპორციუმის წევრები არიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასევე, არასამთვრობო ორგანიზაცია SMART Consulting.

სტუ-ს ინოვაციების ცენტრის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მათ შორის პროექტის უცხოელი პარტნიორი, ქალბატონი ტარია აბერგი (Tarja Åberg) ფინეთის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტიდან; საქართველოს პარლამენტის წევრი, ბატონი დავით სონღულაშვილი; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელი, ქალბატონი თეა ტარიელაშვილი, ასევე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
ღონისძიებაზე ჩატარდა პრეზენტაციები InnoCENS პროექტის შესახებ, სტუ-ს ინოვაციების ცენტრის მიზნებსა და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.

ცენტრის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება InnoCENS პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად და ითვალისწინებს თავისი საქმიანობის განხორციელებას შემდეგი

მიმართულებით:
  • სწავლის შედეგების შეფასების ინოვაციური მეთოდების შემუშავება და შესაბამისი პროექტების მომზადება;
  • პედაგოგიკის ინოვაციური მეთოდების შემუშავება და სასწავლო პროცესში მისი შემდგომი დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება;
  • სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ინოვაციური იდეების  განვითარების ხელშეწყობა და მხარდაჭერა;
  • ინოვაციებთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების (სილაბუსების) და სასწავლო გეგმების (კურიკულუმების) შემუშავების პროცესის ხელშეწყობა;
  • სამეწარმეო სულისკვეთებისა და ბიზნესცნობიერების განვითარების მიზნით საუნივერსიტეტო გარემოში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნის ხელშეწყობა და სხვ.
პროექტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია, რომ მომდევნო სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრიდან სტუ-ს ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტზე საპილოტე რეჟიმში განხორციელდეს 2 სასწავლო კურსი „ინოვაციური სისტემები“ და „მეწარმეობა ინჟინერიისათვის“, რაც InnoCENS პროექტის ძირითადი ფაზით გათვალისწინებული აქტივობაა და მიზნად ისახავს საინჟინრო სპეციალობების სტუდენტებისათვის ინოვაციური და მეწარმეობითი უნარების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებასა და გაცნობას.

აღსანიშნავია, რომ ქალბატონი ტარია აბერგი სპეციალურად ღონისძიებასთან დაკავშირებით სტუმრობდა თბილისს 21-24 მაისს. გაიმართა სამუშაო შეხვედრები პროექტის ადგილობრივ კოორდინატორთან, პროფ. ოთარ ზუმბურიძესთან. სტუ-ს საერთაშორისო ურთიერთობებისა და სტანდარტების სამსახურში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე საუბარი შეეხო პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს. განხილული იქნა პროექტის ფარგლებში მოცემულ ეტაპზე მიღწეული შედეგები და სამომავლოდ დაგეგმილი აქტივობები.

პროექტის მენეჯერი ფინური უნივერსიტეტიდან, ასევე, გაეცნო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, უნივერსიტეტში მიმდინარე საგანმანათლებლო-სამეცნიერო პროცესებს. მან დაათვალიერა ტექნიკური უნივერსტიტეტის ბიბლიოთეკა, უნივერსიტეტის პოპულარული ლაბორატორიები საინჟინრო ფიზიკის დეპარტამენტში და გამოყენებითი გეოლოგიის დეპარტამენტის მინერალოგიისა და პეტროგრაფიის და გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის მუზეუმები.

სტუ-ში სამუშაო ვიზიტის დროს გათვალისწინებული იყო, აგრეთვე, სოციალურ-კულტურული ღონისძიებები, რომლიც ფარგლებშიც ფინელმა სტუმარმა დაათვალიერა თბილისი, საქართველოს ისტორიული ქალაქი მცხეთა და მისი არქიტექტურული ძეგლები.



  


 

სიახლეებში დაბრუნება