IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა"

IV საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა"

31-05-2018 29 - 30 მაისს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების ორგანიზებით, ჩატარდა მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია "გეოლოგიის დარგის სიძლიერე ეკონომიკის აღორძინების წინაპირობაა".

კონფერენცია მიეძღვნა ქართული გეოლოგიის კორიფეების - ალექსანდრე ჯანელიძის, კალისტრატე გაბუნიას, გიორგი ზარიძისა და იოსებ ბუაჩიძის საიუბილეო თარიღებს.

ორდღიანი კონფერენციის მთავარი თემა გეოლოგიის დარგში არსებული სამეცნიერო სიახლეებისა და გამოწვევების შეჯამება იყო, რასაც 26 მომხსენებლის გამოსვლა და 5 თემატური სასტენდო მოხსენება მიეძღვნა.

კონფერენციას, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა გახსნა, ესწრებოდნენ გეოლოგიის დარგში მოღვაწე მეცნიერები, სტუ-ის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი და სტუდენტები, კონფერენციის მხარდამჭერი
მსხვილი ქართული კომპანიების წარმომადგენლები, მათ შორის: საქართველოს მინერალოგიური საზოგადოების პრეზიდენტი - ნოდარ ფოფორაძე, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი - ერეკლე გამყრელიძე და წევრ-კორესპონდენტი - ლევან ჯაფარიძე, სტუ-ის რექტორის მოადგილე - ზურაბ გასიტაშვილი, სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანი - ანზორ აბშილავა, თსუ-ის ალ. ჯანელიძის სახ. გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი - თამარ წუწუნავა, სტუ-ის ჰიდროლოგიისა და საინჟინრო გეოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი - ზურაბ კაკულია, „რიჩ მეტალს გრუპის“ (RMG) აღმასრულებელი დირექტორი - ჯონი შუბითიძე, „IDS ბორჯომი საქართველოს“ გენერალური დირექტორის მოადგილე - ლევან ბაღდავაძე და სხვ.

კონფერენციაზე განიხილეს ერთი წლის მანძილზე ჩატარებული იმ მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევების შედეგები, რაც მთლიანად უკავშირდება საქართველოში გეოლოგიის, როგორც დარგის განვითარება-გაძლიერებას, მათ შორის: ოქროს გამადნების პროგნოზირების პრობლემები, კავკასიონის ქედის კრისტალური ქანების ზონალური ცირკონების ასაკი, კავკასიონის რეგიონის ტექტონიკური ზონალობა და ევოლუცია, მსოფლიო სანედლეულო სექტორის შესაძლებლობები და გამოწვევები, ქანების შრეობრივი მასივის მდგრადობის შეფასება ე.წ. მოსხსნადი ძაბვების მეთოდით და სხვა. კონფერენციაზე წარმოდგენილი ყველა სამეცნიერო კვლევა ეხმიანება, როგორც დარგში მოქმედი ბიზნესკომპანიების სამომავლო ინტერესებს, ასევე მთლიანად ითვალისწინებს ბაზრის მოთხოვნებსაც. სწორედ ამიტომ, კვლევები ქართულ ბიზნესთან მჭიდრო კოოპერაციის შედეგად დაიგეგმა.

მე-4 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ კომპანიები - „რიჩ მეტალს გრუპი“ (RMG) და „IDS ბორჯომი საქართველო“.

 

სიახლეებში დაბრუნება