სტუ-ის პროფესორი გერმანიაში

20-03-2012
გერმანიის უნივერსიტეტებთან ურთიერთთანამშრომლობისა და ორმხრივი პარტნიორობის მოლაპარაკებები წარიმართა
 
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის პროფ. არჩილ ფრანგიშვილის თაოსნობით, ბაიროითის უნივერსიტეტსა და საარბრიუკენის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობისა და ორმხრივი პარტნიორობის მოლაპარაკებები წარიმართა. მოლაპარაკებებს აწარმოებდა ორგანიზაციული მართვის დეპარტამენტის ასოც. პროფესორი ეკატერინე თურქია.
მოეწყო ოფიციალური შეხვედრები საარბრიუკენის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტის კოლეგებთან - რექტორი პროფ. ვოლფგანგ კორნეტცი, პროფ. ტატიანა კიონიგი (პასუხისმგებელი პირი); ბაიროითის უნივერსიტეტის კოლეგებთან - პროფ. შტეფან იაბლონსკი (ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო დარგში), პროფ. არმინ ჰაინემანი (ინტერნაციონალური ოფისისა და ინსტიტუციური კონტაქტების ხელმძღვანელი).
პროფ. ე. თურქიამ უნივერსიტეტებში ჩაატარა მოხსენებები  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო (საინფორმაციო ტექნოლოგიებში) მიმართულებების შესახებ.
შეთანხმების შედეგად, გაგრძელდა პარტნიორობის ხელშეკრულება საარბრიუკენის ეკონომიკისა და ტექნიკის უნივერსიტეტთან; დაიწყო ახალ კოოპერაციაზე შეთანხმება ბაიროითის უნივერსიტეტთან, რაც ითვალისწინებს მულტიდისციპლინარული (ინფორმატიკა, ქიმია, ბიოლოგია, სამთო-გეოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები) სამეცნიერო-აკადემიური თანამშრომლობის მხარდაჭერას.
საწყის ეტაპზე შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც წარმართავს ორგანიზაციულ საქმიანობას  მულტიდისციპლინარული სამეცნიერო მიმართულებების ჩამოსაყალიბებლად. ამ პროცესებს ასევე მხარს უჭერს გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახური (DAAD).

 

სიახლეებში დაბრუნება

ბანერები